Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი წინასაარჩევნო გამოსვლაში ახალი ინიციატივებით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მაი.'08 / 20:50


პრეზიდენტმა სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვა ბაგრატის ტაძრის ეზოდან გააკეთა. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დამატებითი უფლებები მისცეს საკანონმდებლო ორგანოს და მუდმივ დიალოგში შევიდეს ოპოზიციასთან.

20 მაისს ერისადმი თავის ნახევარსათიან სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა მმართველი პარტიის 50-თვიან პროგრამაზე და მოუწოდა ერთობისაკენ არსებული ”უზარმაზარი” გამოწვევების დასამარცხებლად.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის იზრუნებს მომავალი პარლამენტის გაძლიერებაზე, რისთვისაც იგი პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ რეჟიმს შექმნის.

კერძოდ, მან განაცხადა, რომ მზადაა ნაცვლად წელიწადში ერთხელ პარლამენტში ანგარიშით წარდგომისა, კვარტალში ერთხელ მაინც გამოცხადდეს სამთავრობო საათზე, რათა ”გავცე ყველა დეპუტატის ყველაზე მწვავე კითხვებს პასუხი”.

მან ასევე განაცხადა, რომ სისტემატიურად შეხვდება და გაივლის კონსულტაციებს საპარლამენტო ფრაქციებთან.

სააკაშვილის განცხადებით, ის აპირებს შეცვალოს ბიუჯეტის მომზადების პროცედურები და მთავრობამ მთავარი საფინანსო კანონი პარლამენტარების მოსაზრებების გათვალისწინებით შეადგინოს. 

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია არ ავალდებულებს, პარლამენტის არჩევისთანავე მზადაა დაითხოვოს მთავრობა და ”ხელახლა” წარუდგინოს კაბინეტის წევრები დასამტკიცებლად მე-6 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს. თუმცა მან არ დააკონკრეტა მომავალი მინისტრთა კაბინეტი შეიცვლება თუ ისევ პრემიერ ლადო გურგენიძის მთავრობას წარადგენს.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ დაწყებულმა 50-დღიანი პროგრამის განხორციელებამ ”დამანახა, რომ საქართველოს მთავრობა ქმედუნარიანია, მაგრამ ისიც კარგად დამანახა, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია მთავრობას”.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს არჩევნების შემდეგ უფრო აქტიურად ჩართოს ოპოზიცია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

”გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნების შემდეგ უფრო აქტიურად ჩავრთო მართვის პროცესში, მივცე მეტი კონტროლის ბერკეტები, შევქმნა მეტი გამჭირვალეობა, რათა პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ პოლიტიკაში შეიცვალოს, რათა შეხვედრა და მოლაპარაკება უფრო სასურველი იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის, ვიდრე დაპირისპირება, ვიდრე აქციები, ვიდრე შიმშილობები, ვიდრე კარვები, ვიდრე ის ძალიან არასასურველი და სამწუხარო მოვლენები დაპირისპირების, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ნოემბერში,”- განაცხადა მან.  

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არაერთხელ გაუწოდა თანამშრომლობის ხელი ოპოზიციას და გაიხსენა ის უარი, რომელიც ოპონენტებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეთავაზებულ ”მაღალ თანამდებობებზე” თქვეს.

”ჩვენ რაღაც საკითხებზე მოვახერხეთ შეთანხმება. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხზე მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა, სამწუხაროდ,  შეთანხმება ვერ მოხერხდა,”- აღნიშნა მან, ” მაგრამ იმედი არ დამიკარგავს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის გადაილახოს რადიკალიზმი, რომ შევძლოთ ძირითად საკითხებზე, რაც ყველას გვაერთიანებს, საერთო ენის მონახვა და საქართველოსთვის სასარგებლო ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება”.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ერთიანობის მნიშვნელობას.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი გააკეთებს ძალიან ზუსტ არჩევანს  - აირჩევს არა დაპირისპირებას, არამედ ერთიანობას; არა ქაოსს, შეტაკებას და არეულობას, არამედ წესრიგს; არა ნგრევას, არამედ შენებას. საკმარისი ვანგრიეთ წინა წლებში, ახლა აღმშენებლობის და განვითარების დროა,”- განაცხადა მან.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არსებობის და ტერიტორიული მთლიანობის ”უზარმაზარი” გამოწვევა უდგას წინ. 

”სწორედ ამ რაკურსში, მე მინდა თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩემო თანამემამულეებო, გავითავისოთ რამხელა მნიშვნელობის არის ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნები,”- განაცხადა მან, ”საქართველოს არაკეთილმოსურნე არის ახლა ჩასაფრებული ყველა ფრონტზე. მას ძალიან სურს, რომ ხვალინდელი არჩევნები  გადაიზარდოს დაპირისპირების და ქაოსის ტალღაში და შემდეგ ის მოაჯდება ამ ტალღას და აისრულებს თავის საუკუნეობრივ ოცნებას - ხელახლა, როგორც ეს იყო გასულ საუკუნეში - დაიმორჩილოს საქართველო, ითამაშოს მის შიდა დაპირისპირებაზე და ისევ დამოკიდებულ, მონურ მდგომარეობაში მოაქციოს ჩვენი თავისუფალი ქვეყანა”.

მისი თქმით, საქართველო დაუმარცხებელია, როცა არის ერთ მუშტად შეკრული და აქვს ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა.

”ამიტომ ხვალინდელი გამოცდა არის გამოცდა ერთიანობაზე და მთელი დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მიუხედავად პოლიტიკური მოსაზრებებისა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად, სამართლიანად და მართლაც სამაგალითოდ. მთელი მსოფლიოს დასანახად და თუნდაც ჩვენი არაკეთილმოსურნის უკიდურესი იმედგაცრუებისთვის უნდა დავამტკიცოთ ჩვენი თავისუფლებისადმი ერთგულება და უნარი ორგანიზებულად და მშვიდად მოვიპოვოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანის უფლება”.

მან ასევე წარმოადგინა არჩევნების შემდეგ მთავრობის მიერ შესასრულებელი კონკრეტული გეგმა - მომავალი წლის დასაწყისიდან პენსიების გაზრდა 100 აშშ დოლარამდე; იაფი კრედიტის პროგრამის ”მკვეთრად” გაფართოვება, საქართველოს რეგიონალური ვაჭრობის ცენტრად  - ”ჩვენი რეგიონის დუბაიდ და სინგაპურად” გადაქცევა, სოციალურად გაჭირვებულთა ბაზის განახლება და შესაბამისი დახმარება,  მთელი საქართველოს გაზიფიკაცია და  24-საათიანი მომარაგება წყლით. 

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ძალიან დიდი გზაა გასავლელი” რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციამდე და ასევე  გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ” უახლოეს წლებში”. 
 
”მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის აქტიურობის პირობებში გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე ის ძალა, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ურთულეს ამოცანებს და რომელსაც შეუძლია დაძლიოს ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა და გადაწყვიტოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველა ეთნიკური ჯგუფის სასარგებლოდ და მათი ინტერესების გათვალისწინებით,”- განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10