აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიმართა რუსეთს შეეცვალოს თავისი კურსი საქართველოსთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გააფრთხილა, რომ ამ ქმედებებმა შესაძლებელია რისკის ქვეშ დააყენოს აშშ-თან და ევროკავშირთან მოსკოვის ურთიერთობა.
“მე ღრმად ვარ შეშფოთებული კონფლიქტის ზონიდან მიღებული ინფორმაციით, რომ რუსული შეიარაღებული ძალები მიიწევენ წინ და უტევენ ქალაქ გორს, და უმიზნებენ საქართველოს დედაქალაქს, თბილისს,” განაცხადა მან თავის სპეციალურ მიმართვაში ”თეთრი სახლიდან”.
“არსებობს ფაქტობრივი ინფორმაცია, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება საჰაერო იერიში მიიტანონ დედაქალაქის (თბილისის) სამოქალაქო აეროპორტზე. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის ამგვარი ქმედებები გამოიწვევს საქართველოში კონფლიქტის დრამატულ და სისხლისმღვრელ ესკალაციას.”
ბუშმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ეს ქმედებები ეწინააღმდეგება “რუსეთის მიერ მიცემულ გარანტიებს, რომ რუსი სამხედროების მიზანი სამხრეთ ოსეთში მხოლოდ საბრძოლო შეტაკებების დაწყებამდე - 6 აგვისტომდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენა იყო.”
“როგორც ირკვევა, რუსეთის მიზანია საქართველოს კანონიერად არჩეული მთავრობის გადაყენება. რუსეთი შეიჭრა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში და ემუქრება ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას”, - განაცხადა მან, - “ასეთი ქმედება მიუღებელია 21-ე საუკენეში.”
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისი ეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების ყველა პუნქტს, რომლის მიღებაზეც მანამდე რუსეთმაც გამოთქვა თანხმობა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
• ცეცხლის დაუყოვნებულ შეწყვეტას;
• კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ძალების გაყვანას;
• 6 აგვისტოს სტატუს-კვოს აღდგენას;
• იარაღის გამოყენების აკრძალვის ხელშეკრულების ხელმოწერას;
ბუშმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვიზიტის შემდგომ ესტუმრნენ მოსკოვს, რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით.
“რუსეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ამჟამად ახორციელებს, და ხელი მოაწეროს ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას, როგორც პირველ ნაბიჯს კონფლიქტის მოგვარებისაკენ,” - განაცხადა მან, - “რუსეთის ქმედებებმა მძიმედ შეარყია რუსეთის რეპუტაცია მსოფლიოში, და ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებენ რუსეთის ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან.”