საქართველომ ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს განაგრძოს ”სამშვიდობო მისია” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განუსაზღვრელი ვადით.
”დღეს მე ხელი მოვაწერე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას; მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; ეს არ არის საბოლოო შეთანხმება,” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან თითქმის ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა.
სანამ ხელშეკრულებაზე საუბარს დაიწყებდა, სააკაშვილმა, რომელიც საკმაოდ მოღუშული ჩანდა იმ ხელშეკრულების გამო, რომელზეც ხელის მოწერა მოუხდა, თითქმის ათი წუთი დაუთმო რუსეთის შემოჭრამდე არსებულ მოვლენებზე საუბარს.
მან გააკრიტიკა ”ევროპული ქვეყნების უმეტესობა” მათი ”მდუმარე და მშვიდი” რეაქციის გამო იმაზე, რასაც მან რუსეთის მზადება უწოდა საქართველოს დასაპყრობად. მისი თქმით, ის ძალები, რომლებიც საქართველოს დაესხნენ ”21 საუკუნის ბარბაროსები არიან”. ”ყველაფერი ეს შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა; ჩვენ ვყვიროდით, ვკიოდით მსოფლიოს გასაგებად, რომ რუსეთი ამის გაკეთებას აპირებდა,” - განაცხადა მან.
”ეს არის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენსა და რუსეთს შორის, საფრანგეთის და შეერთებული შტატების ხელშეწყობით,” - განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც შეთანხმებას მიუბრუნდა. ”ჩვენ უნდა დავიძრათ ამ დროებითი პირობებიდან ნამდვილად საერთაშორისო სამშვიდობო ძალებისკენ, რომლებიც შეცვლიან ოკუპანტებს”.
”ეს არ არის დასრულებული შეთანხმება,” - დასძინა მან. ”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ამგვარი ქმედებები მომავალში”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც თბილისში 15 აგვისტოს საფრანგეთიდან ჩამოვიდა პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ზიანს არ მოუტანს მომავალ ფორმატებს.
”საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ყველა რუსული ძალა და ყველა არარეგულარული და გასამხედროებული ძალა, რომლებიც მათთან ერთად შემოვიდა, დაუყონებლივ უნდა გავიდეს,” - განაცხადა მან.
მისი თქმით, დოკუმენტს მას შემდეგ მოეწერა ხელი, რაც მან მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს ”რამოდენიმე განმარტება პრეზიდენტ სარკოზისგან ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობის შესახებ”.
რაისის თქმით, განმარტება გაკეთდა დოკუმენტის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია: ”რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს”.
მან დააკონკრეტა, რომ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსული ძალები, ”გარდა სამშვიდობო ძალებისა”, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 6 აგვისტომდე იმყოფებოდნენ, დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას.
კონფლიქტამდე არსებული სტატუს ქვო - ანუ, როგორც მას ახლა ეძახიან, 6 აგვისტოს სტატუს ქვო - გულისხმობს შერეული სამშვიდობო ძალების ყოფნას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. შერეულ სამშვიდობო ძალები რუსული, ჩრდილოეთ ოსური და ქართული ძალებისგან შედგება. შერეულ სამშვიდობო ძალებში საქართველოს ყოფნა გარკვეული ბერკეტი იყო საქართველოსთვის, რათა თავისი კანონიერი ძალები შეენარჩუნებინა ადგილზე და სიტუაცია გაეკონტროლებინა ქართულ სოფლებში მაინც.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ 6 აგვისტოს სტატუს ქვოზე დაბრუნება შერეულ სამშვიდობო ძალებს შეეხება. რუსული და სამხრეთ ოსური ძალები რეგიონში ქართული კონტინგენტის ყოფნას კატეგორიულად ეწინაღმდეგებიან. ამ თვალსაზრისით ექვსპუნქტიან გეგმაში წერია: ”საერთაშორისო მექანიზმის მოლოდინში, რუსული სამშვიდობო ძალები [და არა შერეული სამშვიდობო ძალები] უსაფრთხოების დამატებით ზომებს განახორციელებენ”.
მაგრამ სანამ საქმე ოდესმე მომავალში ”საერთაშორისო მექანიზმებამდე” მივა, შეთანხმება ითვალისწინებს, როგორც რაისმა აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების გამოგზავნას რეგიონში.
”იმისათვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს საქართველოში, ჩვენ სწრაფად გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე და საბოლოოდ, ამ დამკვირვებლების შემდეგ ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი და მიუკერძოებელი სამშვიდობო საერთაშორისო ძალა,” - განაცხადა მან.
მისი თქმით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განუცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მალე შეძლებენ ჩამოსვლას საქართველოში.
სტუბმა უკვე სთხოვა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს გაზარდონ ორგანიზაციის დამკვირვებლების რაოდენობა ადგილზე, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაახლოებით 100 ადამიანით. ბოლო წლების მანძილზე ეუთოს მხოლოდ რვა უიარაღო სამხედრო დამკვირვებელი ჰყავდა ადგილზე.
ყველა 56 წევრის, მათ შორის რუსეთის თანხმობაა საჭირო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
”რუსეთის თანამშრომლობის იმედი მაქვს დამკვირვებლების შეყვანისას,” - განაცხადა რაისმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებას გაამახვილებს სარეაბილიტაციო საქმიანობაზე რეგიონში, როგორც კი იქ გაუმჯობესდება უსაფრთხოების პირობები.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ დაიწყო საქართველოსთან მუშაობა და ”ასევე ჩართო დიდი შვიდიანი, საერთაშორისო სავალუტი ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რათა სწრაფად მოამზადონ ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი საქართველოს დასახმარებლად სრწაფი ეკონომიკური ზრდის გასაახლებლად”. ”ეს პაკეტი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში და ინვესტორთა ნდობის გაძლიერებაში,” - დასძინა მან.
რაისის თქმით, მას სჯერა, რომ დაიწყება განხილვა იმ შედეგების, რაც რუსეთმა მოიმოქმედა.
”ეს აღძრავს კითხვებს, თუ რა როლის თამაშს აპირებს რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკაში,” - განაცხადა მან. ”შეუძლებელია, ერთი მხრივ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციებში და იყო პასუხისმგებელი მოთამაშე იმ ორგანიზაციებში, რომლებიც დემოკრატიულია და დემოკრატიულ ღირებულებებს ემხრობიან, ხოლო მეორე მხრივ, ამგვარად მოექცე შენს ერთ-ერთ მეზობელს”.