რუსეთის ფედერაციის საბჭომ, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ მიიღო ”მიმართვა” პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისადმი, სადაც თხოვს თვითგმოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ”ისტორიული”.
”საქართველოს აგრესიულმა ქმედებებმა, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე სამხრეთ ოსეთში და გამწვავდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, საბოლოოდ წაართვა საქართველოს ხელისუფლებას უფლება პრეტენდენტი გახდეს იმისა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხები დამოკიდებულები იყვნენ მის ავანტიურისტული პოლიტიკაზე, რამაც ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა,”- ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვა ასევე ამბობს, რომ ფედერაციის საბჭო ”სრულად უჭერს მხარს” პრეზიდენტ მედვედევის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც ესწრებოდა ფედერაციის საბჭოს სხდომას, განუცხადა რუს სენატორებს კენჭისყრის წინ, რომ ”არც აფხაზეთი... და არც სამხრეთ ოსეთი არ იქნებიან ქართული სახელმწიფოს ნაწილები”.
დღესვე, მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ანალოგიური შინაარსის მიმართვა მიიღო, სადაც მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აღიაროს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა.
”სამხრეთ ოსეთი არასოდეს დაივიწყებს და არასოდეს აპატიებს საქართველოს მმართველი ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს,”- განუცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუს დეპუტატებს.