Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'08 / 15:15

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

”მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე,”- განაცხადა მედვედევმა 26 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ. 

მან სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა მიბაძონ რუსეთის ”მაგალითს”. 

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ”ეს არ იყო მარტივი არჩევანი, მაგრამ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად”.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 25 აგვისტოს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატებმა სოხუმისა და ცხინვალის მიმართვის საფუძველზე მედვედევს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისაკენ მოუწოდეს.

მედევდევმა განაცხადა, რომ მან სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილება მიიღო რეფერენდუმების და სეპარატისტების მიმართვის საფუძველზე. 

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმი ჩატარდა 1992 წელს და 2006 წლის ნოემბერში, ხოლო აფხაზეთში ერთადერთი რეფერენდუმი 1999 წელს გაიმართა. 

ამ რეფერენდუმების შედეგად მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეგიონების დამოუკიდებლობას, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიუღია 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ორივე რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ ქართველ მოსახლეობას. შესაბამისად, რეფენედუმის შედეგები არ ასახავს აფახაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებამდე რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკურად არაქართველების, განწყობებს.

გთავაზობთ დიმიტრი მედვედევის გამოსვლის მთლიან ვარიანტს:

 ”ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო!

თქვენ, რა თქმა უნდა, იცით სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის შესახებ: ქართული ჯარების მიერ ცხინვალზე ღამით მიტანილმა შეტევამ ჩვენი ასობით მოქალაქის მსხვერპლი გამოიწვია, დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ თავიანთ მოვალეობას ქალების, ბავშვების და მოხუცების დასაცავად.

საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს წესდების, საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების დარღვევით, საღი აზრის იგნორირებით გააჩაღა შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. ასეთივე ბედი ელოდა აფხაზეთსაც. ცხადია, რომ თბილისში გათვლა იყო ბლიცკრიგზე, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებდა. ამორჩეული იყო ყველაზე არაადამიანური მეთოდი მიზნის მისაღწევად - სამხრეთ ოსეთის შესაერთებლად მთელი მოსახლეობის განადგურების ფასად.

ეს არ იყო პირველი მცდელობა. 1991 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ მოწოდებით - ”საქართველო - ქართველებისთვის”  - უბრალოდ დააკვირდით ამ სიტყვებს - უბრძანა სოხუმსა და ცხინვალზე შეტევა. ათასობით მსხვერპლი, ათი ათასობით ლტოლვილი, დანგრეული სოფლები - აი რა გამოიწვია მაშინ ამან. იმ მომენტში ზუსტად რუსეთმა შეაჩერა აფხაზი და ოსი ხალხების გაწყვეტა. ჩვენი ქვეყანა იქცა შუამავლად და სამშვიდობოდ ცდილობდა რა პოლიტიკური დარეგულირების მიღწევას. ამასთან, ჩვენ უცვლელად გამოვდიოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით.

საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია სხვა გზა: მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლა, მიღწეული შეთანხმებების იგნორირება, პოლიტიკური და სამხედრო პროვოკაციები, სამშვიდობოებზე თავდასხმა - ყველაფერი ეს უხეშად არღვევდა კონფლიქტის ზონებში რეჟიმს, რომელიც გაეროსა და ეუთოს დახმარებით იყო შემუშავებული.

რუსეთმა გამოავლინა თავშეკავება და მოთმინება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდებდით მოლაპარაკებათა მაგიდასთან და არ გადაგვიხვევია ჩვენი პოზიციიდან იმის მერეც კი, რაც ცალმხრივად იქნა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული. მაგრამ ჩვენი დაჟინებული წინადადებები საქართველოსადმი მოეწერა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებებისთვის ხელი ძალის არ გამოყენების თაობაზე, უპასუხოდ დარჩა. სამწუხაროდ, ამას იგნორირება გაუკეთეს ნატოშიც და გაეროშიც კი.

ახლა გასაგებია: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება თბილისის გეგმებში არ შედიოდა - საქართველოს ხელისუფლება მეთოდურად ემზადებოდა ომისთვის, უცხოელი მფარველების პოლიტიკური და მატერიალური დახმარება კი კიდევ უფრო აძლიერებდა მათი დაუსჯელობის შეგრძნებას.

2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს თბილისში თავისი არჩევანი გააკეთეს: სააკაშვილმა აირჩია გენოციდი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამით მან თავისი ხელით გადაუსვა ხაზი ოსების, აფხაზების და ქართველების იმედებს მშვიდობიან არსებობაზე ერთ სახელმწიფოში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი რეფერენდუმზე თავიანთი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა ცხინვალში და იგეგმებოდა აფხაზეთში, მათ უფლება აქვს თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტები დაეყრდნენ რა რეფერენდუმების შედეგებს და რესპუბლიკების პარლამენტების გადაწყვეტილებას, მიმართეს რუსეთს თხოვნით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარების თაობაზე. ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო სათათბირომ ამ მიმართვებს დაუჭირეს მხარი კენჭისყრისას.

გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. გავითვალისწინეთ რა ოსი და აფხაზი ერების თავისუფალი ნების გამოვლინება, ვიხელმძღვანელეთ რა გაეროს წესდებით, 1970 წლის დეკლარაციით საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, რომელიც ეხება მეგობრულ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, ჰელსინკის 1975 წლის დასკვნითი პაქტით, სხვა ფუძემდებლური დოკუმენტებით, მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე.

რუსეთი მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც მიბაძონ მის მაგალითს. ეს მარტივი არჩევანი არ არის, მაგრამ ის ერთადერთი შესაძლებლობაა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად”.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22