გაეროს პროგრამის UNOSAT-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონში მდებარე ქართული სოფლები გადამწვარია, განაცხადა Human Rights Watch (HRW) 29 აგვისტოს.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ დეტალურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ცხინვალის გარშემო მდებარე ხუთი ქართული სოფელი - თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი და ქურთა - განადგურებულია ხანძრის შედეგად და არა დაბომბვის გამო.
HRW-მა ასევე აღნიშნა, რომ რუქაზე ამ სოფლებში ხანძრები ჩანდა 10, 12, 13, 17, 19 და 22 აგვისტოს - ”აქტიური საბრძოლო მოქმედებები 10 აგვისტოსთვის უკვე დასრულებული იყო”.
ჟენევაში განთავსებული UNOSAT-ის პროგრამა ტრეინინგებისა და კვლევების გაეროს ინსტიტუტის ნაწილია და მოიპოვებს სატელიტურ რუქებს გაეროს სააგენტოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დასახმარებლად.