3 სექტემბერს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სისუსტეებს, რაც რუსეთთან ომის დროს გამოვლინდა.
სტატიის ავტორი სი ჯეი ჩივერსი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განსაზღვრა საჭიროებები იმისთვის, რომ გააძლიეროს ჯარი რუსეთთან ომის შემდეგ: ჰაერსაწინააღმდეგო, ჯავშანსაწინააღმდეგო და კომუნიკაციის ეფექტური სისტემები.
”თუმცა როგორც საქართველოში მუშაობის გამოცდილების მქონე დასავლელ სამხედრო პირებთან ინტერვიუებიდან ჩანს, საქართველოს სამხედრო ნაკლოვანებები გაცილებით უფრო სერიოზულია და მხოლოდ აღჭურვილობის გაუმჯობესებით ვერ აღმოიფხვრება,” - წერს New York Times-ი. ”ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ჯარმა ისე იბრძოლა, რომ საქართველოს მცდელობას, წარმოადგინოს საკუთარი თავი ნატოსთვის პოტენციურ სერიოზულ სამხედრო პარტნიორად, ჩრდილი მიაყენა.”
”ბატონი სააკაშვილი და მისი მრჩევლები აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მას არ გააჩნია რაიმე სამხედრო გამოცდილება, იგი ერთხელ პირადად იყო ჩართული მნიშვნელოვანი საბრძოლო ელემენტების განსაზღვრაში, როდესაც მობილური ტელეფონის მეშვეობით იძლეოდა ბრძანებებს და წყვეტდა როდის დაძრულიყო ბრიგადა დასავლეთიდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, რათა წინ მომავალ რუსულ კოლონებს გამკლავებოდა,” - ნათქვამია სტატიაში. ”ადგილზე, თვითმხილველთა მრავალრიცხოვანი ჩვენებების არსებობა მიანიშნებს, რომ ბატონი სააკაშვილის ამ ბრძანებიდან 30 წუთში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ცხინვალში სამოქალაქო ობიექტების, ასევე რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზის მძლავრი დაბომბვა სარაკეტო და საარტილერიო სისტემებიდან. ”
სტატიაში აღნიშნულია დასავლელი სამხედრო პირის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ბრძოლების დროს აშკარა გახდა ჯარში არსებული ლოგისტიკური მომზადების დაბალი დონე და სამხედრო ნაწილებს შორის არაკოორდინირებული ქმედებები.
”ეს ნაწილობრივ იმის გამო ხდებოდა, რომ ადგილზე არსებულ სამხედრო ნაწილებსა და სამეთაურო შტაბს შორის შეზღუდული კომუნიკაცია არსებობდა, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ თითქმის საერთოდ არ არსებობდა კოორდინაცია საპოლიციო და სამხედრო ძალებს შორის; უფრო მეტიც, მათ შორის ხშირად ხდებოდა დავალებათა დუბლირება და გზებზე ერთმანეთსაც კი უშლიდნენ გადაადგილებაში ხელს,” - წერს სტატიის ავტორი.
”ერთმა დასავლელმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ ერთი ქართველი გენერალი ბრძოლიდან გამოიქცა გამოყვა რა სასწრაფო დახმარების მანქანას,” - აღნიშნულია სტატიაში და იქვე ნათქვამია, რომ ”საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამას კატეგორიულად უარყოფს.”
”არავინ დავობს იმაზე, რომ ჯარი მოიცვა ქაოსმა და შიშმა, რომელმაც ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჯარი გაიქცა უკან დედაქალაქისკენ და მიატოვა გორი ისე, რომ რაიმე სერიოზული თავდაცვითი ღონისძიებებიც კი არ განუხორციელებია,” - დასძენს სტატიის ავტორი.