პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა 10 სექტემბერს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და არა საქართველომ.
გორში ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი ”სრულ პასუხისმგებლობას” იღებს ყველაფერ იმაზე, რამაც ქვეყანა არსებულ სიტუაციამდე მიიყვანა.
”მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა: მე ვარ პირადად პასუხისმგებელი და ვიღებ სრულ პიროვნულ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, ყველა მოვლენებზე, რამაც მიგვიყვანა [ამ სიტუაციამდე] და რომელიც წინ უძღოდა რუსეთის აგრესიას საქართველოში. ასევე მე ვიღებ სრულ პიროვნულ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს აღმშენებლობა და საქართველოში მშვიდობის დამკვიდრება,” - განაცხადა სააკაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მან გადასცა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ”უტყუარი მტკიცებულება”, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი იყო პირველი, ვინც სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.
”ზოგიერთი ადამიანი ევროპაში იძახოდა, რომ საგამოძიებო კომისია შევქმნათ - იმის იმედით, რომ ამ კომისიას ეთქვა, რომ ქართველები რამეში ხომ არიან დამნაშავე; მე ვთქვი პირველმა: გავაკეთოთ დაუყონებლივ საგამოძიებო კომისია ყველანაირი საერთაშორისო სერიოზული ხალხის მონაწილეობით... როგორც კი საქართველომ დაიწყო ხმამაღლა ამის მოთხოვნა, ვიღაც-ვიღაცეებს ნირი წაუხდათ და უკვე თვითონ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას,” - განაცხადა მან.
მან ასევე მოუწოდა პარლამენტს ”დეტალურად განიხილოს ყველა ასპექტი რუსული აგრესიის, რამ მიგვიყვანა აქამდე და რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ, რათა ასეთი რამ ხელახლა არ განმეორდეს”.