დღეს დილიდან დაიწყო რუსული ძალების გაყვანის პროცესი როგორც სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისე აფხაზეთის ირგვლივ განლაგებული ბლოკ-საგუშაგოებიდან, იუწყება ქართული და რუსული მედია.
ცხინვალის რეგიონში რუსული ძალების მეთაურის მარატ კულახმეტოვის განცხადებით, ექვსი საგუშაგოდან ჯარისკაცებისა და ტექნიკის გაყვანის პროცესი დღევე დასრულდება.
იმავდროულად, რუსული ძალები ტოვებენ ბლოკსაგუშაგოებს სამეგრელოდან - წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რაიონების სოფლებიდან. მედიის ცნობით, რუსული სამხედრო კოლონები ენგურის ხიდის გავლით მიემართებიან გალის რაიონისკენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს ევროკავშირის დამკვირვებლები აკვირდებიან, რომელთაც რუსული ძალები 10 ოქტომბრის შემდეგ სრულად უნდა ჩაანაცვლონ.
იმავდროულად, ”ინტერფაქსი” რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსული ძალების გაყვანის შემდეგ მოსკოვი ევროკავშირს მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
”8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტში ევროკავშირმა აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ამ ზონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის კითხვებს ჩვენ უკვე დავუსვამთ მათ და არა ქართულ მხარეს,”- განაცხადა პრიხოდკომ, ”ჩვენ უკვე აქცენტირებულად მივმართავთ ხოლმე ევროკავშირს მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა ხდება ადგილზე, უზრუნველყოფილია თუ არა ქართველი პოლიციელების მიერ უსაფრთხოების შესაბამისი პირობები”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა შეიძინონ საპოლიციო ფუნქციები.
8 სექტემბრის შეთანხმების შესრულების საკითხები, სავარაუდოდ, განიხილება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და მისი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევის დღევანდელ შეხვედრაზე საფრანგეთის ქალაქ ევიანში.