ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 15 ოქტომბერს დააკისრა საქართველოს და რუსეთს ვალდებულება დაიცვან მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
რუსეთის წინააღმდეგ 12 აგვისტოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების საშუალებით დაარღვია კონვენცია, რომელიც რასიზმის აღმოფხვრას ეხება. საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) ”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის სამი მკაფიო ფაზის დროს” 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.
ვინაიდან სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებას შესაძლოა ხანგრძლივი დრო დასჭირდეს, საქართველომ ასევე სთხოვა სასამართლოს რუსეთს დროებითი ზომები დააკისროს, რათა შეჩერდეს რუსული ძალების მიერ აგვისტოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. ჰააგის სასამართლოს 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სწორედ ამ უკანასკნელ თხოვნასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რვა ხმით შვიდის წინააღმდეგ, რომ რუსეთმა და საქართველომ თავი უნდა შეიკავონ ადამიანების, ადამიანთა ჯგუფების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი ქმედებისგან და ამგვარი ქმედებების ”დაფინანსების, დაცვის ან მხარდაჭერისგან”.
თავის დროებით ზომებში სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ადამიანების უსაფრთხოება; ადამიანების უფლება თავისუფალ გადაადგილებაზე და საცხოვრებლის არჩევაზე; დევნილთა და ლტოლვითა საკუთრების დაცვა.
სასამართლოს თქმით, რუსეთმა და საქართველომ ხელი უნდა შეუწყონ და არ შეუქმნან დაბრკოლება ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების მხარდაჭერის მიზნით.
სასამართლომ ასევე დააკისრა რუსეთსა და საქართველოს მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს ”ზემოთხსენებული დროებითი ზომების დაცვასთან დაკავშირებით”.
გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ დროებით ზომებს ”სავალდებულო ხასიათი აქვს” და ”ამიტომ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს წარმოადგენს, რომელიც ორივე მხარემ უნდა შეასრულოს”.
სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით გააჩნია თუ არა მას იურისდიქცია განიხილოს საქართველოს სარჩელი, რომელიც რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ 1965 კონვენციის დარღვევას ეხება.
სასამართლომ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება დროებითი ზომების დაკისრების თაობაზე არ მოახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ იმ საქმის ან საკითხების არსებით განხილვაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს განაცხადის წარმოებაში მიღებას ეხება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს გადაწყვეტილიდან რამდენიმე საათში პრესკონფერენცია მოიწვია და მას საქართველოს ”ძალიან დიდ გამარჯვება” უწოდა რუსეთთან სამართლებრივ ბრძოლაში.
”საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრული მოცულობით,” - განაცხადა გვარამიამ. ”კერძოდ, რუსეთს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, რომლის თანახმადაც, რუსეთს დაევალა თავი შეიკავოს ეთნიკური დისკრიმინაციული მოპყრობისგან ქართველთა მისამართით; თავი შეიკავოს დაფინანსებისგან, დაცვისა და მხარდაჭერისგან იმ სეპარატისტული რეჟიმებისა, რომლებიც ეწევიან ეთნიკურ დისკრიმინაციას; რუსეთის პასუხისმგებლობა წარმოადგენს სეპარატისტული ქმედებები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით.”
”მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ სამართლებრივი გამარჯვება, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება,” - განაცხადა მან.
თუმცა, რუსეთის ელჩმა ნიდერლანდებში კირილ გევორგიანმა სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და განაცხადა, რომ დროებითი ზომები ორივე მხარეს ეხება და იქ მხოლოდ ჩამოთვლილია ის ვალდებულებები, რომელსაც კონვენცია რუსეთს და საქართველოს აკისრებს.
”თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს,” - იტყობინება FT.com გევორგიანის სიტყვებზე დაყრდნობით.