ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვალდას ადამკუსმა და ლეხ კაჩინსკიმ განაცხადეს 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ ევროკავშირმა არ უნდა განაახლოს პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან, სანამ მოსკოვი სრულად არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
ეს ორი საკითხი ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.
მას შემდეგ რუსეთმა გაიყვანა თავისი ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან, თუმცა მისი ძალები კვლავ რჩებიან ორი სეპარატისტული რეგიონის შიგნით, მათ შორის იმ რაიონებში, სადაც აგვისტოს ომამდე რუსული ძალები არ ყოფილან.
”ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, ძალიან ადრე იქნებოდა რუსეთთან ახალი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების განახლება,” - განაცხადეს პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებაში, ”პარტნიორობის ახალი შეთანხმება ვერ იქნება შესაბამისობაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციებთან მეზობელ სახელმწიფოებში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ 1 სექტემბრის ევროკავშირის სამიტის დასკვნების მნიშვნელობას, რომელზეც ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს ლიდერი შეთანხმდა და ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირის და რუსეთის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განახლდეს, რაც რუსეთი გაიყვანს ძალებს საქართველოდან 7 აგვისტოს არსებულ პოზიციებზე”.
ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოს ლიდერის ერთობლივი დეკლარაცია წინ უძღვის ევროკავშირი-რუსეთის სამიტს, რომელიც 14 ნოემბერსაა დაგეგმილი. 28 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განაახლოს პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან.
”სამწუხაროდ ვაღიარებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმება ჯერჯერობით სრულად არ შესრულებულა, კერძოდ იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსული ძალების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას, როგორც ამაზე ევროპის და რუსეთის ხელმძღვანელობა შეთანხმდა,” - განაცხადეს პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებმა, ”რუსული ძალების გაყვანა საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას გაკონტროლებული და დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება”.
”მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოითხოვონ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ძალების სრული და უპირობო გაყვანა 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, რასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის ლიდერებმა 1 სექტემბრის სამიტზე,” - ნათქვამია განცხადებაში.