Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
New York Times: საქართველოს განცხადებები ომთან დაკავშირებით საეჭვო ხდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ნოე.'08 / 13:51

აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მტკიცებულების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმადაც, თბილისი თავს იცავდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ,  New York Times-მა 6 ნოემბერს გამოაქვეყნა ”დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების მიერ მოწოდებული ახალი შეფასებები”, რომელიც, გაზეთის თქმით, ეჭვქვეშ აყენებს თბილისის განცხადებებს.  

New York Times-ის ინფორმაცია ეყრდნობა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მოხსენებებს. ეუთოს მისია თავისი დამკვირვებლების მეშვეობით კონფლიქტის ზონაში რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებდა მანამ, სანამ ისინი იძულებულები გახდებოდნენ ცხინვალი დაეტოვებინათ 8 აგვისტოს.

გაზეთი წერს, რომ ეს მოხსენებები ”არც ყოვლის მომცველია და არც საკმარისად ამომწურავი იმისათვის, რომ წერტილი დაესვას ხანგრძლივ დავას იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ომის დაწყებაში... თუმცა, ისინი [დამკვირვებლების მოხსენებები] გარკვეულ კითხვებს ბადებენ ქართული მხარის დაჟინებული განცხადების სიზუსტესა და პატიოსნებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა ზუსტი ოპერაცია იყო”.

გაზეთის ცნობით, ეუთო-ს რამდენიმე დამკვირვებლის - რომელთა შორის არიან ფინელი მაიორი; სადესანტო ჯარების ბელორუსიელი კაპიტანი და პოლონელი სამოქალაქო პირი -  დაკვირვებები გახდა საგანი იმ ორი კონფიდენციალური ბრიფინგისა, რომლებიც თბილისში უცხოელი დიპლომატებისთვის გაიმართა - ერთი აგვისტოში და ერთიც ოქტომბერში. მათი შინააარსი New York Times-ს დამსწრე პირებმა გაუზიარეს. შეხვედრის შინაარსის დეტალები დაადასტურა სამმა დასავლელმა და ერთმა რუსმა დიპლომატმა და არ უარყო ეუთოს მისიამ თბილისში, იტყობინება New York Times-ი.     

ამ მოხსენებების თანახმად, კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა ეუთოს დამკვირვებლებმა დიდი რაოდენობით ქართული საარტილერიო და სარაკეტო სისტემები იხილეს, რომლებიც 7 აგვისტოს 15:00 საათზე გორის ჩრდილოეთით მდებარე გზებზე იყო თავმოყრილი.

7 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 19:00 სთ-ზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება; თუმცა, რამდენიმე საათში სროლები კვლავ განახლდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ოსმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს. ზაზა გოგავამ, რომელიც მაშინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა: ”2008 წლის 7 აგვისტოს  23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს  და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა”.

მაგრამ, როგორც New York Times-ი იტყობინება,  ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ არ გაუგიათ ქართული სოფლების დაბომბვის ხმა მანამ, სანამ ქართული მხარე დაიწყებდა დაბომბვას.

”იმ ოთხი სოფლიდან, რომლებზეც ქართული მხარე ამბობს, რომ დაიბომბა, სულ ცოტა ორი მდებარეობს ცხინვალში [ეუთო-ს] დამკვირვებელთა ოფისის მახლობლად და დამკვირვებლები იქ, სავარაუდოდ, გაიგებდნენ საარტილერიო ცეცხლის ხმას ახლომდებარე ტერიტორიიდან,” - წერს გაზეთი ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

დამკვირვებლებმა დაითვალეს, რომ მას შემდეგ რაც 7 აგვისტოს 23:35 საათზე ქართულმა მხარემ დაბომბვა დაიწყო, ჭურვები ცხინვალში ფეთქდებოდა 15-დან 20-წამამდე ინტერვალით. ხოლო 00:35 საათზე დამკვირვებლებმა დაითვალეს სულ ცოტა 100 ჭურვის აფეთქება ცხინვალში, მათ შორის 48 ეუთოს ოფისთან ახლოს აფეთქდა, რომელიც ცხინვალში დასახლებულ უბანში იყო განთავსებული და რომელიც დაზიანდა, წერს გაზეთი, დამკვირვებლების მოხსენებებზე დაყრდნობით.

ზაზა გოგავამ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ალექსანდრე ლომაიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, განუცხადეს პარლამენტის დროებით კომისიას, რომ ქართულმა მხარემ ”გრადის” ტიპის რაკეტები მხოლოდ  ოსური საცეცხლე პოზიციების გასანეიტრალებლად გამოიყენა ცხინვალის ე.წ. ვერხნი გოროდოკში, რომელიც, მათი თქმით, დასახლებულ პუნქტს არ წარმოადგენს.

მათივე თქმით, ცხინვალის ცენტრში საცეცხლე პოზიციების ჩასახშობად გამოყენებულ იქნა თანამედროვე, ზუსტი დამიზნების, DANA-ს ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები. ქართველმა მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ სეპარატისტული ძალები იყენებდნენ სამოქალაქო ობიექტებს არტილერიის დასამალად, საიდანაც შემდეგ ქართულ სოფლებს უხსნიდნენ ცეცხლს.

New York Times-ი წერს, რომ ქართული მხარის ჩვენებები ეჭვის ქვეშ დააყენა ბრიტანეთის არმიის ყოფილმა კაპიტანმა რაიან გრისტმა, რომელსაც ომის დაწყებისას საქართველოში ეუთოს მისიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. გრისტის თქმით, წერს გაზეთი, მას მუდმივი კონტაქტები ჰქონდა იმ ღამეს ყველა მხარესთან, ცხინვალის ოფისთან და გადამდგარ ბრიტანელ სამხედრო ოფიცერთან სტივენ იანგთან, რომელიც მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

”ჩემთვის ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული ნებისმიერი პროვოკაციის მიმართ, თუ ასეთი [პროვოკაცია] საერთოდ არსებობდა,” - განაცხადა გრისტმა. ”ჩემი აზრით, თავდასხმა აშკარად იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე”.

აგვისტოში გრისტმა ევროკავშირის დიპლომატებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც ეფუძნებოდა დამკვირვებელთა მოხსენებებს და მის საკუთარ შეფასებებს.  შემდეგ მან გაურკვეველ ვითარებებში თანამდებობა დატოვა, წერს New York Times-ი.

მეორე ბრიფინგს, რომელიც ოქტომბერში საქართველოში სტუმრად მყოფი სამხედრო ატაშეებისთვის გაიმართა, უკვე სტივენ იანგი უძღვებოდა. New York Times-ი წერს ბრიფინგზე დამსწრე პირებზე დაყრდნობით, რომ იანგმა გაიმეორა დამკვირვებელთა შეფასებები, რომლის თანახმადაც 7 აგვისტოს ღამით ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა არ განხორციელებულა. ”რომ ყოფილიყო რაიმე ინტენსიური დაბომბვა იმ რაიონებში, რომლებიც ქართული მხარის მტკიცებით დაიბომბა, ჩვენი დამკვირვებლები გაიგებდნენ ამას, თუმცა მათ ეს არ გაუგიათ,” - განაცხადა იანგმა. ”მათ მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღიდან აქა-იქ სროლების ხმა გაიგეს”.

New York Times-ი ასევე წერს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა შეიცვალა საქართველოსთვის 7 აგვისტოს 19:00 სთ-სა და იმავე ღამის, 11:30 სთ-ს შორის - ანუ იმ პერიოდში, როდესაც ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და შემდეგ უკვე როდესაც, პრეზიდეტმა სააკშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს შეფასებები უარყვეს. ”ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი ეს რა არის და როგორ დასტურდება,” - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ  New York Times-ს. ”არსებობს იმდენი მტკიცებულება ქართულ სოფლებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ და იმდენი მტკიცებულება რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდის თაობაზე, რომ საერთო ჯამში ეს არ ცვლის მოვლენების ზოგად სურათს”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10