Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი ომზე დასავლური მედიის ცნობებს პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ნოე.'08 / 18:58

საქართველოს მთავრობამ 17 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რითაც ცდილობს გააქარწყლოს ის ცნობები, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თაობაზე ბოლო დროს ზოგიერთ დასავლურ მედიაში გამოჩნდა.

ინგლისურენოვანი განცხადება, რომელიც როგორც ჩანს უფრო დასავლური მედიისთვის და არა შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, ძირითადად New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხება.  სტატია, ეუთო-ს დამკვირვებლებზე დაყრდნობით, თბილისის ოფიციალურ ვერსიას ომის დაწყების თაობაზე ეჭვქვეშ აყენებს.

”რამდენიმე საკამათო ინფორმაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა საქართველოს მიერ კარგად-დასაბუთებული განცხადებების სარწმუნობა, რომ რუსეთმა დაიწყო საომარი მოქმედებები,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იქვე დასძენს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინ განსაკუთრებით საჭიროა ”ხაზი გაესვას დამოუკიდებელი წყაროების ინფორმაციებს, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ აგრესიას”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მიზანია ნათელი მოფინოს იმ ”არაზუსტ და არასწორ ინფორმაციას”, რომელიც ბოლო დროს რამოდენიმე მედია საშუალებით გავრცელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია ”ყოვლისმომცველი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.”

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც New York Times-ის სტატია ეხება, არის  - დაიბომბა თუ არა ქართული სოფლები 7 აგვისტოს საღამოს მანამ, სანამ ქართული მხარე ცხინვალის დაბომბვას დაიწყებდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის ბრძანება გასცა. იმავე დღეს 20:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართულ სოფელ ავნევის დაბომბვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ხოლო მოგვიანებით სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 22:15 საათზე დაიბომბა სოფელი ფრისი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 23:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება სამხრეთ ოსური მხარის საცეცხლე პოზიციების ჩახშობის თაობაზე.

New York Times-ი, ეუთო-ს დამკვირვებლებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ დამკვირვებლებს არ გაუგიათ ქართული სოფლების დაბომბვის ხმა მანამ, სანამ ქართული მხარე დაიწყებდა ცხინვალის დაბომბვას. ”იმ ოთხი სოფლიდან, რომლებზეც ქართული მხარე ამბობს, რომ დაიბომბა [იმ დროს როცა ცეცხლის შეწყვეტა მოქმედებდა], სულ ცოტა ორი მდებარეობს ცხინვალში [ეუთო-ს] დამკვირვებელთა ოფისის მახლობლად და დამკვირვებლები, სავარაუდოდ, გაიგებდნენ საარტილერიო ცეცხლის ხმას ახლომდებარე ტერიტორიიდან,” - წერს გაზეთი ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ეს მტკიცებულება ეწინააღმდეგება 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ ეუთოს მოხსენებას ადგილიდან (ე.წ. Spot Report). ამგვარი ’მოხსენებები ადგილიდან’ წარმოადგენდა ეუთოს დამკვირვებელთა რეგულარულ ინფორმაციებს კონფლიქტის ზონიდან, სადაც ისინი ადგილზე არსებულ სიტუაციას აღწერდნენ.

საქართველოს მთავრობის განცხადება 8 აგვისტოთი დათარიღებული ეუთოს მოხსენების (Spot Report) ციტირებას ახდენს: ”პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაცემული განკარგულება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე 7 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე სტაბილურად იქნა შესრულებული და ასევე იყო დაცული სამხრეთ ოსური მხარის მიერ რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ სროლები კვლავ განახლდა დაახლოებით 22:00 საათზე”.      

იგივე მოხსენება, რომლის სრული ვერსიაც Civil.Ge-მ იხილა, შემდეგ ასევე ამბობს: ”შუაღამის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ცხინვალის ცენტრს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდოდ ’გრადის’ ტიპის სისტემებიდან და კონფლიქტის ზონის გარეთ განთავსებული საარტილერიო სისტემებიდან. მისიის ცხინვალის ოფისსაც მოხვდა [ჭურვი] და იქ დარჩენილმა სამმა საერთაშორისო თანამშრომელმა თავი [ოფისის] სარდაფს შეაფარა”.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ცხინვალში დარჩენილი ეუთოს სამი დამკვირვებელი ვერ გაიგონებდა ქართული სოფლების - ავნევის, ქურთას და ფრისის - ნაღმტყორცნებიდან დაბომბვის ხმას, რადგანაც ეს სოფლები ცხინვალიდან 10 კილომეტრის მოშორებითაა. მართალია სოფლები ავნევი და ქურთა ცხინვალიდან შედარებით შორს მდებარეობს, მაგრამ სოფელი ფრისი, ეუთოს სხვა მოხსენების თანახმად, ”ცხინვალის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 2 კილომეტრშია”.

აღსანიშნავია, რომ 18 ნოემბერის საღამოს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადების შესწორებული ვერსია, სადაც უკვე აღარ არის საუბარი იმაზე თუ კონკრეტულად რა მანძილით არიან აღნიშნული სოფლები ცხინვალიდან დაშორებულები. ამის ნაცვლად, შესწორებულ განცხადებაში აღნიშნულია: ”მანძილისა და მთიანი ლანდშაფტის გამო ცხინვალში იმ დორისთვის მყოფი ეუთო-ს სამი დამკვირვებელი ვერ გაიგებდა აღნიშნული სოფლების დაბომვის ხმას.”

საქართველოს მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია ეუთოს წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე დაყრდნობით, რომ მხოლოდ სამი დამკვირვებლით ადგილზე, ორგანიზაციას არ ჰქონდა საკმარისი რესურსი, რათა დაედასტურებინა ან არ დაედასტურებინა ბრალდებები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის თაობაზე.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ალექსანდრე სტუბმა განაცხადა მოსკოვში 12 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ცხინვალში ეუთოს დამკვირვებელთა მცირე კონტინგენტი ვერ შეძლებდა იმის განსაზღვრას, თუ როგორ დაიწყო ომი.

”ჩემი საქმე არ არის იმაზე ვიმსჯელო, თუ ვინ დაიწყო ომი ან როგორ დაიწყო ის,” - განაცხადა მან, ”ეუთო არ არის დაზვერვის სამსახური. სამწუხაროდ, ჩვენი საშუალებები ძალიან შეზღუდულია”.

New York Times-ი ასევე იტყობინებოდა ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებებზე დაყრდნობით, რომ კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა ეუთოს დამკვირვებლებმა 7 აგვისტოს, 15:00 საათისთვის დიდი რაოდენობით ქართული საარტილერიო და სარაკეტო სისტემები იხილეს, რომლებიც სეპარატისტული რეგიონის მიდამოებში იყო თავმოყრილი.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნა განცხადებაში, რომ სამხედრო ძალების და ტექნიკის ეს გადაადგილება მოხდა ორი ფაქტის საპასუხოდ: ”7 აგვისტოს 14:00 საათზე ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი და რვა სამოქალაქო პირი იქნა მოკლული მაშინ, როდესაც ავნევის საგუშაგოს [ოსების მიერ კონტროლირებად სოფელ] ხეთაგუროვოდან ცეცხლი გაუხსნეს. ეუთომ დაადასტურა, რომ სროლებს ადგილი მართლა ქონდა ამ ადგილებში და ამასთან, მოიპოვა სეპერატისტებს შორის სატელეფონო საუბრები, სადაც მსხვერპლის არსებობა ქართველებს შორის დასტურდება. 7 აგვისტოს 14:30 საათზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსული რეგულარული არმიის ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ და სხვა ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი”.

საქართველოს მთავრობა თავის განცხადებაში ასევე პასუხობს სარედაქციო სტატიას, რომელიც 11 ნოემბერს Boston Globe-სა და International Herald Tribune-ში გამოქვეყნდა (ორივე მათგანი New York Times Company-ის მფლობელობაშია) და სადაც ნათქვამია: ”გარდაუვალი დასკვნაა, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი და შემდეგ იცრუა ამის შესახებ.”  

”ამგვარი განცხადება მთლიან ისტორიას მხოლოდ არასრულ კონტექსტში წარმოაჩენს, რომელიც არ ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, მათ შორის წლების განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ და სამხედრო პროვოკაციებს,” - აცხადებს საქართველოს მთავრობა. კერძოდ, ნათქვამია განცხადებაში, რომ გასათვალისწინებელია სამხრეთ ოსეთიდან 2 აგვისტოდან სამოქალაქო პირების მასობრივი ევაკუაცია; სამხედრო წვრთნები და რუსული ძალების განთავსება საქართველოს საზღვართან; რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა და რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მშენებლობა ცხინვალსა და ჯავაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11