Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი ექვს მეზობელ სახელმწიფოს ახლო პარტნიორობას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'08 / 16:04

ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს, კერძოდ, ექვს ევროპულ სახელმწიფოს საქართველოს ჩათვლით ახალ პარტნიორულ ურთიერთობას სთავაზობს, რომელიც არ ითვალისწინებს საბოლოო წევრობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერმა განაცხადეს ბრიუსელში 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ევროკავშირი აპირებს 600 მილიონი ევროს გამოყოფას 2010-2013 წლების პერიოდში ”ამბიციური ინიციატივის” დასაფინანსებლად. 350 მილიონი ევრო იქნება ახალი დაფინანსება, ხოლო დანარჩენი რეგიონში ევროკავშირის უკვე არსებული დახმარების პროექტებში გადანაწილდება.

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ახალი პარტნიორობა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთს, მოლდოვას, უკრაინას და ბელარუსს,  გულისხმობს უფრო ინტენსიურ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, ამ ქვეყნებთან ახალი ტიპის ასოცირების შეთანხმებების დადების ეტაპის შესაძლო დაწყებას, ევროკავშირის ეკონომიკაში უფრო საფუძვლიან ინტეგრირებას, მოქალაქეთა გამარტივებულ მოგზაურობას ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აგვისტოს ომმა საქართველოში უბიძგა ევროკავშირს ემოქმედა ამ მიმართულებით. თუმცა, პრესკონფერენციის დროს მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს ინიციატივა ”არ ისახავს მიზნად გავლენის სფეროების შექმნას, ევროპაში რაიმე ახალი გამყოფი ხაზების გაჩენას”.

ბაროზოს თქმით, ეს ინიციატივა ევროკავშირის ”რბილი ძალაუფლების” დემონსტრირებაა. 
 
”სტაბილურობას და კეთილდღეობას 21 საუკუნეში მოიტანს ეკონომიკა და არა რაკეტები; დიალოგი და არა ძალის დემონსტრირება; პარტნიორობა და მრავალმხრივობა და არა ცალმხრივობა,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, ახალი პროექტი არის გზა ”ასოცირებული შეთანხმებებისკენ” იმ პარტნიორებთან, რომელთაც სურთ ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა დაამყარონ ევროკავშირთან; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივა; მობილურობის და უსაფრთხოების შეთანხმებების (პაქტების) დადება და ასევე პროგრესი ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ ეს ”მნიშვნელოვანი” ინიციატივა უნდა იყოს ”მოქნილი და მიესადაგებოდეს თითოეული პარტნიორის საჭიროებას და შესაძლებლობას”.

”თითოეულ შემთხვევაში ევროკავშირი ეცდება შესთავაზოს მაქსიმალურად შესაძლებელი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური რეალობების და რეფორმების პროცესის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამის პარტნიორ ქვეყანაში,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა განხორციელდება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებებით.

ორმხრივი მიმართულების ფარგლებში ეს ინიციატივა მოიცავს ”ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამას“, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი დაადგენს ”სუსტ წერტილებს” თითოეულ პარტნიორ სახელმწიფოში და შემდეგ მოაგვარებს მათ ”მომზადების, ტექნიკური დახმარების და აღჭურვის გზით იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება”, რათა აუცილებელი რეფორმები განხორციელდეს.

ამავე მიმართულების ფარგლებში, ინიციატივა შესთავაზებს ე.წ. ასოცირებულ შეთანხმებებს იმ პარტნიორ სახელმწიფოებს, ”რომლებიც აკმაყოფილებენ სამეზობლო პოლიტიკის ძირითად პირობებს,” განაცხადა ფერერო-ვალდნერმა. ეს ასევე ითვალისწინებს თავისუფალი ვაჭრობის ქსელის შექმნას, რაც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ”სამეზობლოს ეკონომიკურ გაერთიანებაში“ გადაიზარდოს.

მრავალმხრივი მიდგომა ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენას ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საქმეში. ”მათ [ექვს პარტნიორ სახელმწიფოს] განსხვავებული მიზნები და განვითარების დონე აქვთ, მაგრამ ის ევროკავშირის სტანდარტები, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ, რა თქმა უნდა, ყველასთვის ერთია,” - განაცხადა მან.

ამ კუთხით, განაგრძო მან, ევროკავშირი სთავაზობს მათ ხუთ მთავარ ინიციატივას, მათ შორის საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროგრამას; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმს; რეგიონული ელექტრობაზრის განვითარების ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობას და განახლებად ენერგორესურსებს; სამხრეთის ენერგოდერეფნის განვითარებას და თანამშრომლობას ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული კატასტროფებისათვის მზადყოფნისათვის, მათზე რეაგირებისა და პრევენციისათვის.

ევროკომისიამ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საფუძველი და მთავარი ღერძია, თუმცა ”ამ მიმართულებით არსებული წინსვლის მიუხედავად, საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარმა კონფლიქტმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის უფრო ღრმა და ინტენსიური მონაწილეობის და ძლიერი რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობა აჩვენა”. 

ნოემბერში ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა; მოლაპარაკებების საგანი ასევე იქნება საქართველოსთან იმ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას. ევროკავშირის პრაქტიკაშია დაავალოს ქვეყნებს ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას მათთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სანაცვლოდ.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა, რომელსაც უკვე შესთავაზეს ასოცირებული შეთანხმება, ყველაზე წინ არის წასული აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის და უკვე ახლო ორმხრივი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77