Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი 7 ნოემბერთან დაკავშირებით ახალ ბრალდებას აყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'08 / 20:05

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განზრახ დაგეგმეს 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დაშლა.

სუბარმა, რომელმაც ”მტკიცებულებების” გახმოვანებაზე უარი განაცხადა, 30 დეკემბერს უთხრა დეპუტატებს, რომ იგი შესაბამის მასალას პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გადასცემს, თუ ამგვარ კომისიას საკანონმდებლო ორგანო   ჩამოაყალიბებს.

სუბარი 30 დეკემბერს პარლამენეტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ წლიური ანგარიშით წარსდგა. მოხსენება 2008 წლის პირველ ნახევარს მოიცავდა.

”2007 წლის 4 ნოემბერს, კვირა დღეს, ღამის 9 საათზე ჩატარდა თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა ბევრი მაღალი რანგის პირი,” - განუცხადა სუბარმა დეპუტატებს. ”ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმეს: თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომელიც იმ დროს არსად არ მუშაობდა ოფიციალურად”.

ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, სუბარს არ დაუსახელებია.

”სხდომის მასპინძელმა ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს გააცნო ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა, კერძოდ მათ უნდა შეედგინათ მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი,” - განაგრძო სუბარმა. ”მისი თქმით, ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა”.

”მომინტნგეები უნდა ეცემათ ძირითადად თირკმელებში და მუცელში, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში, ღიმილით დაამატა მერაბიშვილმა, სახეშიც შეიძლებოდა ცემა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის განსაკუთრებით -ციტატაა ასეთი - მოშავო ტიპებისთვის ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ. ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი დავით კეზერაშვილი მიხედავდა,” - განაცხადა სუბარმა.

”მინისტრმა ცემის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა - აქტიური მომიტინგეები აქტიურად დაიწყებდნენ ”ბლატაობას”, განსაკუთრებით რეგიონიდან ჩამოსულები, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის ”ჩმორი” და მაშინვე კარგავს გავლენას.  ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინების ხმარებისთვის, ეს არის ზუსტი ციტირება,  რაც იმ შეხვედრაზე ითქვა. აი, ეს არის ის მოტივი, რის გამოც ვანო მერაბიშვილის თქმით, უნდა მომხდარიყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებისა და ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების ცემა. ცემა გამოცხადდა პოლიტიკად, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც,” - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

მისი თქმით, პირადად მისთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა იმავე ღამეს დაახლოებით 12 საათზე. სუბარის თქმით, მას შემდეგ, რაც მათი გეგმის შესახებ გაიგო, მან ვილნიუსში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

”იმავე დღეებში მე ამ ფაქტის შესახებ ვუამბე რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატს და უფლება დამცველს. ამის შემდეგ მათ არაერთხელ უკითხავთ, თუ როდის მოხდებოდა ამ ინფორმაციის გამოაშკარავება. ამ ფაქტის გამოაშკარავებას ხელს უშლიდა ბევრი ფაქტორი. ვისთვის უნდა მიმემართა გამოძიებისთვის, როდესაც ის ადამიანები, ვისაც უნდა გამოეძიებინა ეს საქმე ხელმძღვანელობდნენ იმ უწყებებს, ვინც უნდა გამოიძიოს,” - განაცხადა სუბარმა.

მან მოუწოდა პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია ამ ინფორმაციის გამოსაძიებლად.

”მე გადავცემ ყველა მტკიცებულებას, რომელიც გამაჩნია, ამ კომისიას იმის დასადასტურებლად, რომ ამგვარი ფაქტი ნამდვილად მოხდა,” - განაცხადა მან.

ამის საპასუხოდ, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან სთხოვეს სახალხო დამცველს ინფორმაციის წყარო გაემხილა და ეთქვა, თუ საიდან გაიგო ამ შეხვედრის შესახებ და თუ რატომ გადაწყვიტა მან საჯაროდ ესაუბრა ამ საკითხზე 13 თვის შემდეგ.

თუმცა, სუბარმა უპასუხა, რომ იგი მეტს არაფერს იტყვის ამ საკითხზე და გაიმეორა, რომ ”მტკიცებულებას” მხოლოდ საპარლამენტო კომისიას გადასცემს, თუ ამგვარი კომისია შეიქმნება.

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ სახალხო დამცველის განცხადებამ მხოლოდ გაამყარა მათი ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველი ”ოპოზიციური პოლიტიკოსია” და საკუთარ თანამდებობას მისი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შესაქმნელად იყენებს.

სახალხო დამცველის მოხსენებით გამოსვლა პარლამენტში დაემთხვა მედიის ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ სუბარი ოპოზიციაში აპირებს წასვლას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუბარი მოხსენების გაკეთების შემდეგ გადადგომას გეგმავდა.

მას სთხოვეს დეპუტატებმა როგორც მმართველი პარტიიდან, ისე საპარლამენტო უმცირესობიდან, რომ კომენტარი გაეკეთებინა ამ ინფორმაციაზე. სუბარმა უპასუხა: ”მე არასდროს დამიმალავს, რომ სახალხო დაცველის რაგში ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ პოლიტიკაში ვაპირებ წასვლას”. სუბარის უფლებამოსილების ვადა 2009 წლის სექტემბერში იწურება. თუმცა, თავის ერთ-ერთ ბოლო საგაზეთო ინტერვიუში სუბარმა არ გამორიცხა ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან წასვლის შესაძლებლობა. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში.

”როგორც ჩანს სუბარმა გადაწყვიტა ინფორმაციის შენახვა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის,” - განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ დებატების დროს. 

”აბსურდულია ამ ჭორების გამო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა,” - დასძინა მან.

დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა: ”დიაგნოზი ძალიან მარტივია - ეს პიროვნება [სოზარ სუბარი] არის პოლიტიკოსი”.

”ბატონი სუბარი თავის თანამდებობას პოლიტიკური საქმიანობის გაფართოებისთვის და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს,” - განაგრძო მან. ”ჩვენ მოწმენი ვართ პროფესიონალიზმის ნაკლებობისა, რადგანაც ვერ ვხედავთ პრობლების სიღრმისეულ ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს პრობლემების მოსაგვარებლად”.

”ჩვენ ველოდით მისგან კრიტიკას, მაგრამ კრიტიკას პოლიტიკური სურნელის გარეშე და პოლიტიზირების გარეშე,” - განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ხათუნა გოგორიშვილმა ჰკითხა სახალხო დამცველს, თუ რატომ არ შეეხო ის თავის მოხსენებაში - წინა მოხსენებების მსგავსად - რელიგიური თავისუფლებების საკითხს. გოგორიშვილმა ჰკითხა მას, ამ საკითხის უგულებელყოფა ხომ არ ნიშნავდა, რომ ის პოლიტიკური კარიერისთვის ემზადებოდა და ამის გამო ერიდებოდა მგრძნობიარე, არაპოპულარულ საკითხებზე საუბარს.

2005 წელს სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში მკაცრად გააკრიტიკა კონკორდატი სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის, რომელიც ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს. მაშინ სუბარი დეპუტატებმა მწვავედ გააკრიტიკეს ამის გამო.  

სუბარმა უპასუხა გოგორიშვილს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის არ შეეხო რელიგიური თავისუფლების საკითხს არის ის, რომ საანგარიშო პერიოდში რელიგიური უფლებების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29