23 იანვარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძირითადად სოციალურ პრობლემებზე, ოპოზიციაზე, ყოფილ მოკავშირეებზე, რუსეთთან ომზე და ასევე იმაზე ისაუბრა, თუ რა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მათი ავადმყოფობის დროს.
გადაცემა, რომლის დროსაც კითხვები ტელეფონის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იქნა დასმული, დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს - ოთხ საათზე მეტი გაგრძელდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში მყოფმა პრეზიდენტმა ბეჭდური მედიის ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის სტუდიიდან ერთვებოდნენ.
რუსეთი
გადაცემის დროს, რომელიც წააგავდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ პრეზიდენტობის დროს გამართულ ყოველწლიურ ვიდეოკონფერენციებს, სააკაშვილმა თავისი ყოფილი რუსი კოლეგაც და ამჟამად გავლენიანი პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე ახსენა.
ერთ შემთხვევაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შაჰ-აბასის შემდეგ პუტინისნაირი მტერი არ ჰყოლია. ხოლო მეორედ სააკაშვილმა განაცხადა: ”რომც წარმოვიდგინოთ, რომ პუტინის ოცნება ახდა და იგორ გიორგაძე აქ ჩამოვიდა [როგორც საქართველოს ლიდერი], ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება, რადგანაც ჩვენ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ”. მან ასევე განაცხადა, რომ პუტინის რუსეთი იგივე მეთოდებს იყენებს, რა მეთოდებსაც იყენებდა საბჭოთა კავშირი ”რეიგანის ამერიკის” წინააღმდეგ.
წინასწარ ჩაწერილი შეკითხვის დროს, ერთმა ქალბატონმა, რომლის თქმითაც, ის დევნილია, ჰკითხა პრეზიდენტს მისი წინასაარჩევნო დაპირების თაობაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს გაერთიანებას 2013 წელს სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. პრეზიდენტის ზოგიერთმა ოპონენტმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა სააკაშვილს საჯაროდ ეღიარებინა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მან დაკარგა საქართველოს გაერთიანების შანსი მეორე საპრეზიდენტო ვადაში.
ამ კითხვის საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩემი საპრეზიდენტო ვადა იწურება 2013 წელს და 2013 წლამდე მთელი ქართული სახელმწიფო იმუშავებს იმისათვის, რომ ჩვენი მთავარი სურვილი, ჩვენი მთავარი ოცნება ახდეს -საქართველოს დეოკუპაცია მოხდეს და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა მოხდეს”.
სააკაშვილის თქმით, აგვისტოს ომი ”უზარმაზარი ტრაგედია” იყო პირადად მისთვისაც.
მან გააკრიტიკა ისინი, ვინც იყენებს ტერმინს ”აგვისტოს მოვლენები” და განაცხადა, რომ ”ეს იყო ომი... ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, რომელიც კვლავ გრძელდება”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საბაბი უნდა, რომ კვლავ დაესხას თავს საქართველოს, ”თუმცა ეს არ გამოუვათ”. მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ეკონომიკის ჩამოშლის ფონზე, რუსული აგრესიის განახლების შანსები ძალიან დაბალია. ”ომის ალბათობა მკვეთრად მცირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაც რისკები რჩება,” - დასძინა სააკაშვილმა.
”დღე და ღამე მთელი მათი [რუსეთის ხელისუფლების] გონება მიმართულია იმაზე, რომ სააკაშვილზე უბედურება გამოაქვეყნონ, დაადასტურონ, რომ ასეთია, გიჟია, უბედურია, აქ შიდა არეულობა გამოიწვიონ, საერთაშორისო პრესაში გაგვაშავონ, საერთაშორისო ორგანიზაციებში გვებრძოლონ,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”ჩვენი ომი მაშინ დასრულდება, როდესაც ოკუპანტები დატოვებენ ქართულ მიწას”.
მან ასევე სათანადოდ არ შეაფასა ის კრიტიკა, რომელიც საქართველოსა და რუსულ კომპანია ”ინტერ რაოს” შორის დადებულ მემარანდუმს უკავშირდება ენგურჰესის ერთობლივი მართვის თაობაზე. ”აგერ თბილისის ელექტროგადამცემი ხაზები ”რაო ესის” განკარგულებაშია, მერე რა?” - განაცხადა მან. სააკაშვილმა დაიცვა გარიგება, განაცხადა რა, რომ ეს იქნება უწყვეტი ენერგომომარაგების გარანტი.
ოპოზიცია, ყოფილი მოკავშირეები
კითხვაზე, თუ რატომ წავიდა მისი ყოფილი რამდენიმე მოკავშირე ოპოზიციაში, მან უპასუხა, რომ არც ერთ მათგანს ”საკუთარი სურვილით” არ დაუტოვებია ხელისუფლება. ”ყველა გაშვებული იქნა და პრინციპული უთანხმოებების გამო,” - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკოსებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ხელისუფლებაზე შეტევა, რაც მათ დაკარგეს თანამდებობები. ”ერთხელ გაგიგიათ ხმა მათგან, რამე უთქვამთ?” - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, ეს ნორმალური პროცესია, რადგანაც ”მმართველი გუნდი” გაერთიანებულია ძირითადი პრინციპების გარშემო და გუნდში არ არის ადგილი მათთვის, ვინც ამ პრინციპებს არ იცავს.
”ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარი გუნდი იმიტომ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პრინციპები ამ მმართველი ჯგუფის არ შეცვლილა. რა არის ეს პრინციპები? არ არის კორუფცია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში მმართველი გუნდი არის კორუმპირებული... და ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არის მმართველი გუნდი, რომელიც არ უსმენს ხალხს და არ ემსახურება ქართველ ხალხს. ეს არ არის კლანი, რომელიც ლოიალურია პირადად სააკაშვილის მიმართ”.
”თუ ვიღაცა ამ პრინციპებს არ მოერგება, მისი გაჩერება მთავრობაში სასურველი კი არ არის, დაუყოვნებლივ გასაშვებია,” - დასძინა მან.
მისი თქმით, იმ პოლიტიკოსთა სამომავლო კარიერა, რომელთაც მთავრობა დატოვეს, შეზღუდულია - მათ შეუძლიათ ან ”კომბოსტო მოიყვანონ”, მემუარები დაწერონ ან ოპოზიციაში წავიდნენ. აქ მან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახსენა და განაცხადა, რომ ის ახალგაზრდა ქალია, გულისხმობდა რა, რომ მისთვის ჯერ ადრეა მემუარების წერა.
”როგორც ჩანს მახსოვრობა ამ ხალხს ზოგ შემთხვევაში მოკლე აქვს და ცოტა ეშლებათ ხოლმე ფაქტები და მოვლენები და ამიტომ, ჯობია რომ არ დაწეროს მემუარები,” - განაცხადა მან ხუმრობით.
მან ასევე განაცხადა, რომ იგი ირაკლი ალასანიას არ შეხვედრია მას შემდეგ, რაც მან გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა. ალასანიამ დეკემბერში განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილთან ძირითად საკითხებზე უთანხმოებების გამო გადადგა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”არ შევხვედრივარ ალასანიას და ”გეტყვით რატომ - იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა დღეს ჩემთვის არის არა პოლიტიკური ინტრიგების ხლართვა, არამედ მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა არ გადაუაროს ჩვენ ქვეყანას და არ გავახაროთ ჩვენი მტერი”.
შემდეგ მან განაგრძო იმ ოპოზიციურ პარტიებზე საუბარი, რომელთაც წარმომადგენლობა არ ჰყავთ პარლამენტში და აღნიშნა, რომ მათ ძალიან უხარიათ, როდესაც ”ჩვენ ვუშვებთ ფეხბურთელს, რომელსაც გოლის გატანა არ შეუძლია”. იგი ხელისუფლებიდან წასულ ადამიანებს გულისხმობდა.
”ოპოზიციაში ტენდერია გამოცხადებული ვინ იქნება მათი ლიდერი გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. იძახიან რომ ლიდერი არ არის და ვეძებთ ლიდერს და მერე უკვირთ, რომ აქვთ პრობლემები,” - განაგრძო მან, ”ოპოზიციისთვის ჩემი რჩება არის, ისაუბრონ იმ თემებზე, რომელიც აწუხებს ხალხს”.
სააკაშვილი შეეცადა საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი წონა შეეძინა და განაცხადა, რომ ”მთავარი პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში მიმდინარეობს”.
”ბოლო გამოკითხვებით, საპარლამენტო ოპოზიცია არის ერთ-ერთი პოპულარული ძალა, მთავრობის შემდეგ,” - დასძინა მან.
მან უარყო განცხადებები მედიის თავისუფლების ნაკლებობის თაობაზე და განაცხადა, რომ საქართველო არის ევროპული დემოკრატიული ქვეყანა. მისი თქმით, მედიის თავისუფლების ინდიკატორი ის არის, შეუძლია თუ არა ოპოზიციას თავისი გზავნილი მიაწოდოს ამომრჩევლებს ქვეყნის მასშტაბით.
”თუ ვარ მე გუგავა, კუკავა და ა.შ. ნებისმიერი სხვა და დამესიზმრა რაღაცა და დილას ვფიქრობ, რომ საღამომდე მე, გუგავამ მოსახლეობას ეს აზრი უნდა გავაგებინო. რამდენ კაცს ეცოდინება საქართველოში გუგავას სიზმარი? მინიმუმ ნახევარს მოსახლეობის, ვინც ტელევიზორს უყურებს,” - განაცხადა მან.
”როცა ტელევიზორიდან ყვებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, ოღონდ ამას გიყვება სამი საათი ტელევიზორში, სასაცილოა,” - განაცხადა სააკაშვილმა.
მას ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New York Times-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, სადაც მან განაცხადა: ”მე რომ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ამ მთავრობას სამ თვეში დავამხობდი”.
სააკაშვილის თქმით, მან ეს სხვანგვარად თქვა.
”ვუთხარი ის, რომ სამ თვეში პრობლემებს შევუქმნიდი საქართველოს მთავრობას. დავინახე, რომ ცოტა მოწყენილი იყო ოპოზიცია, ცოტა გავახალისე და ნახევრად ვეხუმრე New York Times-ს, ჩამოშლა ნამდვილად არ მითქვამს. ახლა ზედმეტიც არ უნდა მომივიდეს, ფანტაზიასაც აქვს საზღვარი,” - განაცხადა მან.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, ის თანამდებობიდან ვადამდე გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, კონსტიტუციური ვადების სტაბილურობა ქვეყნის გრძელვადიანი მომავლის მთავარი საფუძველია. ”მე ვადა მეწურება 2013 წელს და 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი მე აღარ ვიქნები,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციებმა განაპირობა აგვისტოს ომი.
”ნოემბერში ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მოეწყო აქციები, რომელმაც დღემდე კატასტროფიულად დააზარალა საქართველო,”- განაცხადა მან, ” მე მგონი ჩვენც შეცდომა დავუშვით - უფრო მეტი უნდა გველაპარაკა ხალხთან, უფრო მეტი უნდა მოგვესმინა, მაგრამ ამ აქციების შედეგად ჩვენ მივიღეთ ორი არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოში არ შემოვიდა მინიმუმ 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია, დავკარგეთ მინიმუმ 6 თვე ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, დავკარგეთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, რომლის შედეგადაც ჩვენს მტრებს გაუჩნდათ არგუმენტები და წაახალისეს ჩვენი მთავარი მტერი, ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ზაფხულში - ეს არის შედეგი გაუაზრებელი პოლიტიკის”.
”ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი გადადგომა 2007 წელს [ნოემბრის არეულობის შემდეგ] იყო შეცდომა. ხალხს მივეცით ყალბი იმედი, რომ ყოველ ჯერზე როცა მათ ვიღაცა დააფინანსებს ან რამისკენ მოუწოდებს, მთავრობა შეიძლება წავიდეს. გაჩნდა ეს ყალბი ილუზია, რომ ყოველ ჯერზე, როცა საკმარისია ცოტა დაარყიო, ნერვები უღალატებთ და წავლენ, ნურას უკაცრავად,”- განაცხადა სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შესახებ ”ჭორებზე”
პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილს შორის სავარაუდოდ მომხდარი ჩხუბის თაობაზე დასმულ კითხვაზე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ჭორი იყო. პრესის ინფორმაციით, მგალობლიშვილისთვის სამედიცინო გამოკვლევა მხოლოდ საბაბი იყო გერმანიაში გასამგზავრებლად უკვე მეორედ ამ თვეში, მაშინ როცა რეალური მიზეზი იყო მისი გადადგომის სურვილი პრეზიდენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. სააკაშვილის თქმით, არსებობს ხალხი, რომელიც დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორ მოიგონონ ასეთი ჭორები.
მან ასევე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ჯანმრთელობის საკითხებზე და მოუყვა საზოგადოებას, თუ როგორ ხუმრობდნენ ისინი ამ საკითხზე SMS-ების საშუალებით. შემდეგ სააკაშვილმა პიჯაკის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და SMS-ები წაიკითხა, რომელსაც ის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს მკურნალობის პერიოდში უგზავნიდა.
”მწერს ბაქრაძე საავადმყოფოდან: დამჩხვლიტეს, დამხვრიტეს, გამპარსეს, რაღაცეები დამკიდეს, სისხლისგან დამცალეს, მაწვალეს, მოკლედ აქაურობაც პარლამენტივით ყოფილა. მერე მე ეს მესიჯი გადავუგზავნე გეგა მგალობლიშვილის, რომ მარტო შენ არ ხარ ასეთ მდგომარეობაში, რომ ცოტა დამეწყნარებინა,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”გეგა მწერს: ძალიან შემოქმედებითად უდგება ეგ როგორც ჩანს თავის ავადმყოფობას და ძალიან მაზოხისტურად თავის საპარლამენტო მოღვაწეობას... გეგა მწერს: აუცილებლად მოუყვები, როგორ დამსდევდით გალესილი მობილურით ჩემს ოთახში”.
შემდეგ მან განაგრძო ამ საკითხზე საუბარი და ღიმილით აღნიშნა: ”რადგანაც ჩემი და სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, საქართველოს მთავრობას რაიმე ფართომასშტაბიანი ჩამოშლა არ ემუქრება”.
აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია
საქართველო ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციისადმი, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ”ძალიან თბილი” სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან და ”უახლოეს ხანებში ვაპირებ ასევე საუბარს”.
”მე ძალიან მომეწონა ობამას სიტყვა [ინაუგურაციაზე] იმიტომ, რომ ობამა თავის პირად საუბრებში ხშირად ადარებს თავის თავს რონალდ რეიგანს და ეს არის ჩემთვის დიდი იმედის მომცემი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენთვის ძლიერი ამერიკა - ეს არის ბუნებრივი მოკავშირე ყველა გარემოებებში”.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, ევროპისა და რუსეთის მიერ აღიქმებოდა, როგორც ”საკმაოდ სუსტი”.
”რა თქმა უნდა, ბუშის გამოსვლამ ჭკუაზე მოიყვანა თბილისისკენ წამოსული რუსეთი, ამ დასუსტებული ბუშის გამოსვლამაც, მაგრამ ძლიერი ამერიკა ბევრად უფრო ეფექტური პარტნიორია საქართველოსთვის,”- განაცხადა მან.
ეკონომიკური სირთულეები
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობასთან პირველი ტელეხიდის დროს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა და უმუშევრობის და სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემებიც მიმოიხილა.
”საქართველოს მარტო შეიარაღებული მტერი კი არ ჰყავს ჩასაფრებული, არამედ გლობალური ეკონომიკური კრიზისიც,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს გლობალური კრიზისი ქვეყანას ჯერ არ შეხებია და მთავარი მიზანია არსებული ეკონომიკური სირთულეების კრიზისში გადაზრდის აღკვეთა.
საქართველოში არსებული სიტუაციის რუსეთთან შედარებისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში საბიუჯეტო დავალიანება 30%-ს აღწევს, მაშინ როცა საქართველოში საბიუჯეტო სისტემა მყარია და ამ კუთხით პრობლემები ომის დროსაც კი არ ყოფილა.
კითხვაზე, თუ როდის გაიზრდება პენსიები 100 დოლარამდე, როგორც ამას ხელისუფლება პირდებოდა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას, სააკაშვილმა უპასუხა: ”100 დოლარიანი პენსია ჩვენი 50-თვიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც ომის გამო და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო შეფერხდა, თუმცა ეს პროგრამა აუცილებლად შესრულდება”.