მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა დღეს მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობები დამოკიდებული არ უნდა იყოს ”პოლიტიკური კონიუქტურაზე”.
”მართლმადიდებლური ერთობა ეს უბრალო სიტყვები არ არის,”- განაცხადა რუსეთის ახალმა პატრიარქმა, ”ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ერებს”.
შეხვედრის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ეკლესია გააგრძელებს საქართველოს ეკლესიის ერთიანობის მხარდაჭერას.
”იმედი გვაქვს, რასაც ადასტურებს მისი [რუსეთის პატრიარქის] სიტყვები, რაც მან ჩვენთან შეხვედრაზე წარმოთქვა, რომ რუსეთის ეკლესია გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს ეკლესიის მთლიანობისა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ იქ არა ფიქტიურად, არამედ ფაქტიურად აღსდგეს საქართველოს ეკლესიის მოქმედება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელშიც ასევე შედის რუსეთში ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე, მოსკოვში 30 იანვარს გაემგზავრა რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციაში მონაწილეობის მისაღებად. მოსკოვში გამგზავრებას ასევე აპირებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გეგმები შეიცვალა.