Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 თებ.'09 / 22:37

ქვემოთ მოცემული პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის რიგით მეხუთე ყოველწლიული გამოსვლის ძირითადი პუნქტები. მის გამოსვლას დეპუტატები, მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები და ბიზნესმენები ესწრებიან.

  • ეს არის ჩემი მოხსენება იმ გამოწვევების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას;
  • მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ მავალდებულებს ამის გაკეთებას, მე ვაპირებ დავრჩე და მოვუსმინო დებატებს ჩემი გამოსვლის შემდეგ;
  • მხოლოდ ძლიერი დემოკრატია წარმოადგენს საქართველოს განვითარების სწორ გზას;
  • მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ძალიან უჭირს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ძველი თუ ახალი აგრესიის შედეგად გამოდევნილებს ... მივმართავ ყველა უმუშევარს... ასეთები ბევრნი არიან... მივმართავ პენსიონერებს... გლეხებს, რომლებიც ვერ პოულობენ ბაზარს თავიანთი პროდუქციის გასასაღებლად; მივმართავ პედაგოგებს და პროფესორებს, რომელთაც უკეთესი სამუშაო პირობები სჭირდებათ; მივმართავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად შეეწირონ თავიანთი სამშობლოს დაცვას; მივმართავ ბიზნესმენებს, რომელთაც დღეს ადვილი დღეები არ უდგათ;
  • ჩვენი მცდელობები უნდა მივმართოთ არა პოლიტიკური კინკლაობისკენ, არამედ უმუშევრობის აღმოფხვრისკენ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე;
  • ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ათი ან მეტი პრიორიტეტი გვქონდეს... ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური სირთულეების მოგვარება;
  • ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სირთულეები, მაგრამ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი არ არის.
  • ჩვენი პროგნოზით... არის იმედი, რომ შევინარჩუნოთ უმუშევრობის არსებული დონე და გარკვეულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილებიც შევქმნათ;
  • მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების გარეშე;
  • ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე შევძლებთ, თუ არა შევინარჩუნოთ ერთობა და სტაბილურობა;
  • ჩვენ გვაქვს სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უცხოური დახმარების მიმართვას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, 2.2 მილიარდი ლარის ღირებულების ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის განხორციელება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
  • ეს სამპუნქტიანი გეგმა არ არის საკმარისი, ჩვენ ბევრად უფრო მეტი რამ გვაქვს გასაკეთებელი; ეკონომიკური სიძნელეები გვაიძულებს ქამრების შემოჭერას და მთავრობამ ეს პირველმა უნდა გააკეთოს;
  • ამ მიზნით, ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავის ახალ თანამდებობაზე მუშაობა იმით დაიწყო, რომ დაავალა სახელმწიფო სტრუქტურებს ადმინისტარციული ხარჯები 10%-ით შეამცირონ;
  • მე მივიღე გადაწყვეტილება წეროვანის საპრეზიდენტო რეზიდენცია ბაღს გადავცე;
  • ზუგდიდის და ბათუმი სამთავრობო რეზიდენციები გაიყიდება;
  •  ეს თანხები უნდა მიიმართოს იაფი კრედიტის პროგრამებზე და ჯანდაცვაზე;
  • ვიწყებთ ხელმისაწვდომი დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამას სახელმწიფო თანადაფინანსების პირობებში - 5-ლარიანი სადაზღვევო პაკეტით, საიდანაც 1.65 ლარს გადაიხდის მოქალაქე ყოველთვიურად, 20 ლარზე ნაკლები თანხა გამოდის წელიწადში. ამით წელიწადში მოქალაქე მიიღებს 8 ათას ლარამდე სამედიცინო დაზღვევის მომსახურებას; ამ პროგრამით შეგვიძლია მოვიცვათ მთელი მოსახლეობა და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვა.
  • ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა... ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას ვინც ეს ხალხი გამოყარა.
  • რეკორდულ პერიოდში შევძელით დევნილთა 5 ათასი სახლის აშენება - შეძლებისდაგვარად აღვჭურვეთ ეს სახლები. ყოველ ოჯახს ვურიგებთ საშუალოდ ნახევარ ჰექტარ მიწას;
  • სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა დევნილი არ დაუბრუნდება თავის სახლ-კარს, ხელისუფლების მთავარი ზრუნვის საგანი იქნება ეს ხალხი;
  • ახლა მხოლოდ 5 ლარით შევძელით პენსიის გაზრდა და ამას ემატება სადაზღვევო პაკეტი. ეს ნიშანია იმისა, რომ პენსიების ზრდას არ შევაჩერებთ. ჩემი პირადი ღირსების საგანია პენსიონერებზე ზრუნვა;
  • წელს 25 ლარით გაიზარდა მასწავლებელტა ხელფასები და კიდევ 25 ლარით გაიზრდება შემოდგომაზე.  როგორც იქნა გაუქმდა ერთწლიანი კონტრაქტები, რომელიც კაცმა არ იცის რისთვის შემოვიღეთ;
  • საქართველო უნდა გამოვაცხადოთ ორგანული პროდუქტის ქვეყანად და არ უნდა შემოვუშვათ გენმოდიფიცირებული პროდუქცია;
  • მარტიდან მოქმედებას იწყებს სოფლის დახმარების ახალი პროგრამა - ”ფული ყველა სოფელს”. ამ მიზნით გამოყოფილია 20 ათასი ლარი და პროექტის წარმატების შემთხვევაში გავზრდით დაფინანსებას. მარტიდან დაიწყება 130 კმ სიგრძის სოფლის გზების დაგება; სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სულ დაიხარჯება 50 ათასი ლარი;
  • ჩვენი სტაბილურობა დგას ბიზნესზე. საქართველოს ხელისუფლების პასუხი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში იქნება უკეთესი ბიზნეს გარემო საქართველოში, თავისუფალი ატმოსფერო, უფრო დაცული ბიზნესი და უფრო დაცული კერძო საკუთრება;
  • საქართველო უდიდესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე იმყოფება. საქართველო აგრძელებს ცხოვრებას უმძიმესი აგრესიის პირობებში;
  • საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს შანტაჟის და დაშინების გზით ელაპარაკება, ემუქრება მის სამეზობლოში მყოფ ყველა თავისუფლების მოყვარე ერს, მტერი, რომელიც წარსული დაპირისპირებისკენ ექაჩება მსოფლიოს;
  • მტერი, რომელიც ახალ სამხედრო უკანონო ბაზებს აშენებს საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ევროკავშირი, აშშ,  მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს აფხაზეთის და ცხინვალის დემილიტარიზაციას;
  • მტერი, რომელიც ცდილობს რომ მთლიანად განდევნოს საქართველოდან საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები იმისათვის, რომ საკუთარი ბოროტების შემფასებელი აღარავინ ადგილზე არ დარჩეს;
  • მტერი რომელიც არ თანამშრომლობს საერთაშორისო გამოძიებასთან და საკუთარი ოკუპაციის ზონაში არ უშვებს საერთაშორისო დამკვირვებლებს, მტერი, რომელიც დიქტატურით მართავს ქვეყანას და თანამშრომლობს საერთაშორისო ტერორიზმის კერებთან;
  • ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და მუდმივად გვახსოვდეს და ნურანაირი ილუზია  ნუ გვექნება - ეს არის მტერი, რომლის უმნიშვნელოვანესი, საბოლოო და კარგად გამოხატული მიზანია საქართველოს საბოლოო დაქუცმაცება და მსოფლიო რუკიდან ერთხელ და სამუდამოდ გაქრობა;
  • ასეთ პირობებში ჩვენი ამოცანაა მეტი ინტეგრაცია დემოკრატიულ სამყაროსთან, ჩვენი ამოცანაა სამშვიდობო მისიების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალური ჩართულობა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში; ჩვენი დაახლოება ევროპასთან და ნატოსთან; საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კიდევ უფრო განმტკიცება;
  • რამდენიმე დღის წინ მიუნჰენის კონფერენციამ კარგად დაგვანახა, რომ საქართველოს ძალიან დიდი მეგობართა წრე ჰყავს და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა არის ძალიან ურყევი;
  • წლის დასაწყისში ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას აშშ-სთან და ამ ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გადავდივართ ამ ახალი ხელშეკრულების იმპლემენტაციის სრულიად ახალ, ბევრად უფრო წინ წასულ ფაზაზე, ვიდრე ეს ყოფილა წინა ადმინისტრაციის პირობებში. მიუნხენის კონფერენციაზე ითქვა ის, რომ არასდროს არავინ არ შეეგუება საქართველოს დაშლის და დაქუცმაცების გეგმას, არ აღიარებს უკანონო ოკუპაციის და ანექსიის შედეგებს;
  • იმპერია ყოველთვის მარცხდება და დამარცხდება ამჯერადაც;
  • საქართველო იქნება მთლიანი, აფხაზეთი და ცხინვალი ისევ დაუბრუნდებიან დედასამშობლოს და ამას ჩვენ მივაღწევთ მშვიდობით, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებით, სტაბილური წინსვლით, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • ჩვენ მივაღწევთ იმასაც, რომ დავარეგულირებთ ურთიერთობებს რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთი მიიღებს და აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა და რომ სხვა პერსპექტივა არ არსებობს. 

პრეზიდენტის ერთსაათიანი გამოსვლის შემდეგ გამოცხადდა შესვენება, რომლის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერები, ასევე ფრაქციის ხელმძღვანელები სიტყვით გამოვიდნენ. დებატების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტი შემაჯამებელი საპასუხო სიტყვით გამოვა.  

ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა თავის გამოსვლაში აქცენტი ეკონომიკაზე გააკეთა და ჰკითხა პრეზიდენტს, თუ როგორ აპირებდა მთავრობა უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მიაჩნია თუ არა მას საჭიროდ ანტი-მონოპოლიური სამსახურის აღდგენა; რა კონკრეტული ზომებია დაგეგმილი სოფლის მეურნეობის დასახმარებლად და ”ქართველი გლეხების დასაცავად”; რატომ არ გახდა საჯარო მემორანდუმი ”ოკუპანტ სახელმწიფოსთან” - მას მხედველობაში ჰქონდა რუსულ კომპანია ”ინტერ რაოსთან” დადებული მემორანდუმი ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე; ახვლედიანმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტს დემოკრატიის შესახებ და უთხრა მას, რომ მისი მმართველობის დროს დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურება მოხდა; მან ასევე ჰკითხა პრეზიდენტს, თუ რატომ არ იქნა გამოძიებული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო; თავის გამოსვლაში ახვლედიანმა ასევე წამოწია გირგვლიანის და რობაქიძის თემა.   

საპარლამენტო  ფრაქციის ”ძლიერი საქართველო” თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია თორთლაძემ განუცხადა პრეზიდენტს, რომ მნიშვნელოვანია ”სამართლიანობის აღდგენა”; უნდა შეწყდეს პოლიტიკური ზეწოლა მოსამართლეებზე; პატიმართა მდგომარეობა მძიმეა - თუმცა ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული; კერძო საკუთრების უფლებები ირღვევა; არსებული საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; აგვისტოს ომის შემდეგ გადაადგილებულ პირთა პრობლემები გვარდება, თუმცა აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გამოდევნილი მოსახლეობა ”მივიწყებულია”; ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან.  მედია ჩივის ზეწოლის გამო - მოდით შევქმნათ პრესის სახლი და მათ ამ მიზნით შენობა გამოვუყოთ; რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერების, სერგეი ბაღაფშის და ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ; ჩვენ გთავაზობთ შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის შესახებ რეკომენდაციებს გასცემს.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა: ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან კონკრეტული წინადადებები, თუ რა არის დაგეგმილი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ჯანმრთელობის დაზღვევის შემოთავაზება არის ”რევოლუციური გარღვევა” ამ სისტემაში; ჩვენ მოვისმინეთ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ მოვაგვაროთ სერიოზული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ და ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების გზით; არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა ხელმოწერილი ”ოკუპანდ ქვეყანასთან”, მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი კომპანიასთან ენერგო სექტორის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე დასაყვანად. პრეზიდენტის გამოსვლა შეიცავდა ნათელ გზავნილს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობის ერთადაერთი გზა არის დიალოგი. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა თავის გამოსვლაში: ”გასული წლის მოვლენებმა მწარედ დაგვანახა, რომ ვერ შეიქმნა ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა თუ გარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე იქნებოდა ორიენტირებული - ესაა შედეგი ერთი მხრივ, პასუხისმგებლობას მოკლებული ხელისუფლებებისა და მეორეს მხრივ პერმანენტული რევოლუციებისა. ქრისტიან-დემოკრატები ვიბრძვით სისტემური ცვლილებებისათვის და უარს ვამბობთ იმ დამღუპველ გზაზე, რასაც რევოლუცია ქვია”; მოგიწოდებთ თქვენ [პრეზიდენტს] ჩაერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან; ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იმუშავებს მმართველობის არსებული სისტემის შეცვლაზე და რომლის მიზანიც იქნება საქართველო ერთპიროვნული პრეზიდენტობის გარეშე; მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სატელევიზიო თოქშოუებია, კვლავ პრობლემად რჩება სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის ნაკლებობა სახელმწიფო ტელევიზიებში; აგვისტოს ომი არის რუსეთთან 200-წლიანი ომის მხოლოდ მცირე ნაწილი და ეს ომი ჯერ არ დამთავრებულა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა: რუსეთს სურს ჰყავდეს თბილისში მარიონეტული მთავრობა, ისეთი როგორიც ცხინვალში და სოხუმშია; სტაბილურობის გზით და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთის მიმართ ”პრინციპული მიდგომის” შემთხვევაში, ”ჩვენი მტერი” იძულებული გახდება ჩვენი ტერიტორიების დე-ოკუპაცია მოახდინოს; დემოკრატიული რეფორები საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახად კი არ გვჭირდება, არამედ ეს ჩვენი ქვეყნისთვის გვჭირდება; როდესაც დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ის მოუწოდებდა შევარდნაძეს გაეკეთებინა არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ, უმჯობესია ის აჭარაში ჩავიდეს და იქ ნახოს განსხვავება დღევანდელ აჭარას და წინა წლების აჭარას შორის; ბატონო პრეზიდენტო. ჩვენი [მმართველი პარტიის] პოზიციაა, რომ პრეცედენტი, რომელიც შარშან იქნა დაშვებული არჩევნების დანიშვნის თაობაზე არ იქცეს წესად; ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები ქვეყნის და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე. არჩევნების დანიშვნა ქვეყანას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.

დეპუტატების კომენტარების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლე შესვენება მოითხოვა მთავრობის წევრებთან კონსულტაციების გამართვის მიზნით განაცხადა რა, რომ ეს იმის საჩვენებლად კეთდება, რომ გადაწყვეტილებები მის მიერ ერპიროვნულად არ მიიღება.

შესვენების შემდეგ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის შეფასებებს უპასუხა:

  • ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხის საპარლამენტო დებატები, რომელიც კი მინახავს საქართველოს პარლამნეტში;
  • ჩემი გამოსვლა არ ითვალისწინებდა თავის მოწონებას მიღწევებით და არც საზოგადოების დაყვედრებას, თუ რა შევძელით. მე ვცდილობ, როგორც პასუხისმგებელი გუნდის წარმომადგენელი, ვიყო რეალისტი და ხალხს ვუთხრა სიმართლე -არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი და არც ხელების ჩამოშვება;
  • მე ვერ დავეთანხმები ახალი სამთავრობო სტრუქტურების შექმნას, რადგან ეს იქნებოდა ქამრების მოჭერის პოლიტიკის საწინააღმდეგო. ანტიმონოპოლიური სამსახური და დასაქმების სამსახურის შექმნა უსარგებლოა, რადგან ამით პრობლემები არ გადაწყდება. თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, მათ შორის ფარმაცეპტულ სექტორში, რომელიც უკავშირდება წამლებზე მაღალ ფასებს;
  • ენგურჰესზე მემორანდუმის საკითხი იქნა წამოყენებული; მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავარი თავის ტკივილი იქნებოდა ჩაბნელებული საქართველო; ჩვენ მოვახერხეთ, რომ საქართველოში არის ელექტროენერგია;
  • მე შემიძლია გავიზიარო ოპოზიციური დეპუტატების ზოგიერთი წინადადება, მათ შორის საშუალო ფენის მოქალაქეების დაცვის ზომების თაობაზე; მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვთქვათ, რომ საშუალო ფენა ბოლო წლებში შეიქმნა; ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ამ საშუალო ფენის გასაძლიერებლად;
  • სასამართლო სისტემა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს, რათა აღიკვეთოს ჩარევა ინდივიდუალური მოხელეების მხრიდან;
  • სააკაშვილმა გამორიცხა გადადგომა 2013 წელს მისი მეორე ვადის ამოწურვამდე. მან განაცხადა: ”მე როცა აღარ ვიქნები პრეზიდენტი და ეს მოხდება 2013 წელს მინდა დავაწყნარო ბატონი გიორგი თარგამაძე, რომელიც ალბათ სხვა ბევრ ღირსეულ კანდიდატურასთან ერთად ფიქრობს 2013 წელზე, რა თქმა უნდა მინდა წინასწარ დავაწყნარო ყველა, 2013 წლამდე შევასრულებ საპრეზიდენტო მოვალეობას და შემდეგ საქართველოში იქნება ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა დემოკრატიული თავისუფალი არჩევნების შედეგად”;
  • წინა მთავრობა [შევარდნაძის მეთაურობით] იმის გამო ჩამოიშალა, რომ იყო უუნარო. მე ყველანაირ პარალელს შევარდნაძესთან, რომლის ჩაიც შევსვი რამდენიმე წლის წინ ამ ტრიბუნაზე, უარვყოფ და არ მივიღებ;
  • ვეთანხმები წინადადებას სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმირების თაობაზე; ასევე ქრისტიან-დემოკრატების წინადადებას ეროვნული უშიშროების საბჭოს  რეფორმირებასა და გაუმჯობესებაზე; შარშან ერთ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, რომელსაც ძალიან ხშირად ვხედავთ ტელევიზორში, შევთავაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი და ასევე შევთავაზე ამ ორგანოს რეფორმირება; თუმცა უარი თქვა [მან არ დააკონკრეტა, თუ ვის შესთავაზა ეს წინადადება];
  • დებატების დროს ითქვა ”წაგებული ომი” - ომში დამარცხებული და გამარჯვებული ირკვევა მაშინ, როცა ომი დასრულებულია. ჯერ არაფერი არ დასრულებულა. თქვენ გინდათ თქვათ, რომ რუსეთი არის გამარჯვებული ამ ომში? თუ რუსეთმა ეს ომი მოიგო, რატომ ხარჯავს რესურსებს საინფორმაციო პროპაგანდაში. თუ ყველაფერი მოიგეს და დაამთავრეს, რისთვის არის ეს ბრძოლა;
  • ნამდვილად არ შედის ჩვენ ინტერესებში რუს ხალხთან მტრობა... ჩემი შვილები სწავლობენ რუსულ ენას. რა თქმა უნდა ჩვენი მტერია აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს რუსეთის ლიდერი პუტინი;
  • რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება უნდა; ჩვენ ამას ჩვენი ერთობით დავუპირისპირდებით;
  • თუ შევხედავთ ყველა ბოლო არჩევნებს, დავინახავთ, რომ საზოგადოებას სჭირდება კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, და არა პოლიტიკური კინკლაობა;
  • მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იცავდნენ საქართველოს პოზიციებს სტრასბურგში - ეს არის ახალი ქართული პოლიტიკური კულტურის შედეგი;
  • მედიაზე ჩვენი პოზიციები [ოპოზიციასთან] არ ემთხვევა. მე გამიხარდება მედია იყოს უფრო კომპეტენტური, თავისუფალი და პასუხისმგებლიანიც. როდესაც უცხოურ დელეგაციებს ვიღებ და მედიის თავისუფლების საკითხი დგება, მე ყოველთვის ვრთავ ტელევიზორს, რადგანაც ყოველთვის არის რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი რომელიმე არხზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში; 
  • ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია და ვერც ბულგარეთი, რუმინეთი - რომლებიც ახლა ევროკავშირის წევრები არიან - და ვერც გერმანია ამას ვერ იტყვიან; ჩვენ შეგვიძლია ამის თქმა - ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია და ჩვენ დავამარცხეთ ორგანიზებული დანაშაული; და მოკლედ რომ ვთქვათ ბოლო წლებში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქართული სახელმწიფოებრიობა. 
  • დღეს საქართველოს პარლამენტმა მაღალ დონეზე ჩააბარა პოლიტიკური დებატების გამოცდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10