Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია პრიორიტეტებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 თებ.'09 / 21:58

ალასანია და მისი გუნდი, მათივე ლოზუნგის - ”მომავალს ვქმნით დღეს” - ფონზე.  ფოტო: ინტერპრესნიუსი.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 16 თებერვალს განაცხადა, რომ იგი მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს დაასრულოს კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

”ალბათ ამ კვირის ბოლომდე უკვე მედიისთვის ცნობილი გახდება, როგორ და რა კოალიციურ და პარტნიორულ პირობებში ითანამშრომლებს ჩემი გუნდი სხვა პოლიტიკურ ძალებთან,” - განაცხადა ალასანიამ თავისი პოლიტიკური გუნდის წარდგენის შემდეგ, რომელსაც მან ”პოლიტიკური თანამოაზრეების გუნდი” უწოდა.

მან დეკემბერში განაცხადა, რომ არ გეგმავდა პოლიტიკური პარტიის შექმნას, თუმცა 16 თებერვალს აღნიშნა, რომ მისი გუნდი ”საბოლოოდ შეიძენს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ელფერს იმიტომ, რომ პრაქტიკულად უკვე 10 ათასობით მოქალაქემ გამოხატა სურვილი გაწევრიანდეს ამ პოლიტიკურ გუნდში”.

”გავხდები თუ არა ერთიანი ოპოზიციური ძალების ლიდერი - ამას კონსულტაციების შედეგები გვიჩვენებს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით,  მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ლიდერის გამოკვეთა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საერთო ინტერესების ირგვლივ შეიკრას ეს პოლიტიკური ძალები, რისი პრაქტიკული წინაპირობა უკვე არსებობს,”- განაცხადა ალასანიამ, ”ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ”.

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის  წევრები არიან: ლევან მიქელაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი შვეიცარიაში, რომელიც 2007 წელს პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან 7 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის გამო; ვიქტორ დოლიძე, რომელმაც ეუთოში ელჩის თანამდებობა თებერვალში დატოვა და ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს ელჩი იყო თურქმენეთსა და ავღანეთში.   

გუნდის წევრები არიან ასევე: შალვა შავგულიძე, ადვოკატი, რომელიც საკმაოდ ცნობილი სახეა საზოგადოებისთვის, რადგანაც მისი სახელი ბევრ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება იყო რა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების ადვოკატი. გირგვლიანის სასამართლო პროცესზე იგი ოჯახის ინტერესებს იცავდა და ასევე იყო გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატიც.  2007 წელს იგი ახალი მემარჯვენეების პარტიაში გაწევრიანდა.

გუნდის შემადგენლობაში ასევე შედიან: გიორგი ჩიქოვანი, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; ზურაბ აბაშიძე, ბოლო დრომდე მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩევლად, ხოლო 2004-2005 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო; ნინო გოგუაძე -  2000-2003 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროში; და ექიმი დიმიტრი ტვილდიანი, ინსტიტუტ “აიეტის” დამფუძნებელი.

პრეზენტაციის დროს, რომელზეც ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები -  ძირითადად პოლიტიკოსები სხვა ოპოზიციური პარტიებიდან და უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ, ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება.

მან ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

ეკონომიკასთან დაკავშირებით ალასანიამ განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს ”ახალი ეკონომიკური ხედვა”, რომლის ძირითადი პრინციპები უნდა იყოს საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და თავისუფალი მეწარმეობა; მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ”გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია”.

”სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკური პოლიტიკა შეგნებულად და თანმიმდევრულად უარყოფდა  სტრატეგიული დარგების, სტრატეგიული ობიექტების და საერთოდ, ეკონომიკური სტრატეგიის აუცილებლობას,” - განაცხადა მან.

კერძო  საკუთრების საკითხთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც განიხილავს საკუთრების შესახებ დავებს და ”აღადგენს სამართლიანობას მათთვის, ვისაც ”ნებაყოფლობით” დაათმობინეს საკუთრება სახელმწიფოს ან ხელისუფლების რჩეულთა სასარგებლოდ”.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში შეუძლებელია არსებობდეს ”ჯანსაღი კონკურენცია”, რადგანაც სახეზეა ”ანტი-მონოპოლიური მექანიზმები განზრახ მოშლა”.

ალასანიამ განათლების სისტემის მნიშვნელობაც აღნიშნა და განაცხადა, რომ საგრძნობლად უნდა გაიზარდოს განათლებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება და ”იგი არ უნდა იყოს ერთობლივი შიდა პროდუქტის 5%-ზე ნაკლები”.

მისი თქმით, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება უმთავრეს სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იქცეს.

”საქართველოს უნდა ჰყავდეს საერთაშორისო პარტნიორებთან თავსებადი, სწრაფი რეაგირების, მობილური პროფესიული არმია, ეფექტური საჰაერო და სანაპირო თავდაცვის სისტემა,” - განაცხადა მან.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს საერთაშორისო კონფრონტაციის არენად, არამედ პირიქით, უნდა გახდეს სტაბილურობის და თანამშრომლობის ქვეყანა.

მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ”თანმიმდევრული, მრავალმხრივი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიით”.

”ასეთი პოლიტიკით შეიძლება მივაღწიოთ საქართველოს დეოკუპაციას და დეზინტეგრაციის შეჩერებას,” - განაცხადა მან და 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას გაუსვა ხაზი. 

მისი თქმით, რუსეთის მცდელობამ დაბლოკოს საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა სეპარატისტულ რეგიონებში ”რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოების” საჭიროება გამოიწვია.

მისი თქმით, ამგვარი დიალოგი საჭიროა, რათა ”დავანახოთ [რუსეთს] მისი აგრესიული საოკუპაციო პოლიტიკის უპერსპექტივობა და გარდაუვალი უკუეფექტი. ამასთანავე, უნდა შევთავაზოთ ორი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე პოტენციური თანამშრომლობის დადებითი ალტერნატიული ხედვა”. 

მან ასევე დაგმო ის ”მილიტარისტული რიტორიკა,” რომელსაც ბოლო წლებში ჰქონდა ადგილი და განაცხადა, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ”ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე” სეპარატისტულ რეგიონებთან.

”უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტების სწრაფი, ძალისმიერი (სამხედრო) და ცალმხრივი გადაჭრა,” - განაცხადა მან, ”ჩვენი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს უშუალო კონტაქტებს, პირდაპირ დიალოგს, ნდობის აღდგენას და შერიგებას აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი შეშფოთება უსაფრთხოებასთან და ეროვნული იდენტურობის გადარჩენასთან დაკავშირებით”.

რაც შეეხება ნატოს და ევროკავშირს, მან განაცხადა: ”ხელისუფლების წინდაუხედავმა ნაბიჯებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირის ახალი სამეზობლო ინიციატივები მიზანმიმართულად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის ევროგაერთიანებებში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით”.

ალასანიას თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეობა იქნება ”ყოვლისმომცველი” და დაეფუძნება ორი ქვეყნის პოლიტიკური, რეგიონული და ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18