პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში ბევრი ფულია და ეს ”კარგი საქმისთვის არ ჩნდება”.
მან 3 მარტს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მოწყობილ შეხვედრაზე საუბრისას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის მიზნით ქვეყნის შიგნით ერთიანობისკენ და სტაბილურობისკენ მოუწოდა.
”შემდგომი 6-9 თვე იქნება რთული მთელი მსოფლიოს მასშტაბთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამ პირობებში გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე”.
”ამიტომ ჩვენი მთავრობის ამოცანა არის, რომ ერთის მხრივ, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე და ეს არავის არ დავარღვევინოთ და მეორეს მხრივ, განვახორციელოთ ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ ძალიან ადრე ჩამოვაყალიბეთ, როცა ვხედავდით რომ საქმე მიდის მსოფლიოში ცუდად და რა თქმა უნდა, ეს დაარტყამდა საქართველოს,”- განაცხადა მან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
სააკაშვილის თქმით, ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს პოლიტიკურ რყევებზე.
”მე მინდა ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდო ან პოლიტიკოსობაზე ან ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს: მოდით ნაკლები ვიფიქროთ ჩვენს სკამებზე და სკამების მოპოვების სურვილზე და მეტი ვიფიქროთ ჩვენი ხალხის მაცივრებზე და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, სიმშვიდეზე და მომავალზე”- განაცხადა მან.
”იცით პოლიტიკოსებს აქვთ ბევრი ფული, მე შევამჩნიე, სამწუხაროდ - ეს არ ეხება და ვაკონტროლებ, რომ არ ეხებოდეს ჩემი პარტიის პოლიტიკოსებს. ჩნდება რაღაც სხვადასხვა წყაროებიდან საქართველოში ბევრი ფული პოლიტიკაში, კარგი საქმისთვის არ ჩნდება და ესეც მისახედია,”- აღნიშნა მან.
27 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთი პირდაპირი სამხედრო აგრესიის ნაცვლად, შეეცდება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზანს შიდა არასტაბილურობით მიაღწიოს, მათ შორის, მისი თქმით, ისეთი ”ოდიოზური” ფიგურების დახმარებითა და ფინანსებით, როგორებიც არიან მოსკოვში მყოფი აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე, შევარდნაძის მმართველობის დროს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე და სხვები.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელიც ”შეიძლება ერთი წელიწადიც” კი გაგრძელდეს, მთავრობა პარლამენტის დახმარებით სოციალური პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მწვავე კამათის მიუხედავად, ”გვაქვს ძალიან კარგი დიალოგი საპარლამენტო ოპოზიციასთან”.
”დღეს როგორც არასდროს, გვჭირდება ერთად ყოფნა, ერთმანეთის ხელის ჩაკიდება და ერთმანეთთან დიალოგი,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ”ეკონომიკურ დიპლომატიას პირადად მე ვხელმძღვანელობ”. მან მაგალითად მოიყვანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბოლო ვიზიტი, სადაც მისი თქმით, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის ”დასაძრავად” იმყოფებოდა, რომელსაც რას ალ-ხაიმას საამირო ახორციელებს.
”მთავარი არის ის, რომ სადაც ჩავდივარ ჩამოვიტანოთ ფული,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მირჩევნია ზოგიერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრას, თუ ის არ დებს ინვესტიციებს, ოცი სამუშაო ადგილის შემქმნელ მეწარმესთან ჩახუტება და დიალოგი”.