Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ოპოზიციას მინისტრის მოადგილის პოსტებს თავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ივნ.'09 / 22:06

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”რადიკალური ოპოზიციის ლიდერთან” ლევან გაჩეჩილაძესთან გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ოპოზიციას მინისტრის მოადგილეების პოსტები შესთავაზა.

მისი თქმით, მან შეთავაზა შინაგან საქმეთა, იუსტიციის და სასჯელაღსრულების მინისტრების მოადგილის თანამდებობები და ასევე უშიშროების საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეყვანა. ამ შეთავაზებაზე ლევან გაჩეჩილაძეს შეხვედრის დეტალებზე საუბრისას არაფერი უთქვამს.

“ჯერჯერობით არ არის მომწიფებული დრო კოალიციური მთავრობისთვის იმიტომ, რომ ნდობა არ არის,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”მაგრამ მოდით შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იყოს რადიკალების წარმომადგენელი. დაჯდეს პოლიციის შენობაში, მივცემთ დიდ კაბინეტს. გარედან კი ნუ იყვირებენ, შემოუშვან თავისი მომხრეები. პოლიციელებმაც დაინახონ, რომ ეს ხალხი ნორმალურია და არა ის მხოლოდ, ვინც ქვებს ესვრის და კედლებზე რაღაცეებს ახატავს. დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთი სისტემის ნაწილი. არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ საზოგადოების წესრიგი ხომ არ არის პოლიტიკური კატეგორია. წესით, ყველას უნდა უნდოდეს წესრიგი”.

”ჩვენი ამოცანაა რომ ეტაპობრივად მოხდეს, თუნდაც რადიკალური ჯგუფების, ინტეგრაცია სახელმწიფო სტრუქტურებში,”- განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე 10 ივნისს, ”დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთი სისტემის ნაწილი”.

”მოდით ერთად ავაშენოთ ქართული დემოკრატია. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას საბოლოო ჯამში შევძლებთ,”- განაცხადა მან. ”ჩვენ აუცილებლად ერთმანეთთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა”.

მისი თქმით, ”ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს თქვენი [ოპოზიციის] მარგინალიზაცია”.

ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გადადგომას ითხოვდნენ თავიანთ ექვსპუნტქიან გეგმაში, უკვე უარყვეს პრეზიდენტის წინადადება.

”ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას თანამდებობების გადანაწილებაში, რადგანაც მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი კრიზისიდან,” - განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ”მე მიმაჩნია, რომ შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა და შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გამოსავალი კრიზისიდან. რომელი არჩევნები ჩატარდება პირველად - საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო - ეს მოლაპარაკებების საგანია”.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა აღმასრულებელი პოსტების ოპონენტებისთვის დათმობაზე დაიწყო საუბარი, უკვე თავისთავად პოზიტიურია.    

”პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროსაც კი ვერ მოვახერხე ხელი შემეშალა ისეთი სისტემის შექმნისთვის, რომელიც დღეს გვაქვს და ამის გაკეთება მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან აბსოლუტურად შეუძლებელია,” - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ არიან ოპოზიციაში ჯგუფები, რომლებთანაც შეთანხმება ვერ შედგება, რადგან არსებობს მათთან ”ფუნდამენტური განსხვავებები იმაზე, თუ რა უნდა იყოს სახელმწიფო, განსხვავება გვაქვს კულტურულიც”.

სააკაშვილმა გამორიცხა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობა, რასაც საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები ითხოვენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით.

”მე ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა - ჩვენ ნიგერიის დონეზე ვიყავით ხუთი წლის წინ, მაგრამ დღეს ჰოლანდიის და დანიის დონეზე ვართ კორუფციის დონესთან დაკავშირებით. ცივილიზებულ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, არჩევნები არის იმისათვის, რომ ”პოლიტიკური დაძაბულობა განმუხტოს”, მაგრამ ”წინაპირობა უნდა იყოს ამისთვის”.  სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამი არჩევნები იყო შარშან - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და რეგიონული აჭარაში, მაგრამ ”ამას დაძაბულობა არ განუმუხტავს”.

”იმ პირობებში, როცა არის ყველა პოლიტიკური სუბიექტის ჯერ-ჯერობით არ შეთანხმება მთავარ საკითხებზე, ყოველგვარ საარჩევნო რაიმე ციკლში შესვლა... ეს ნიშნავს პირდაპირ რეცეპტს იმისათვის, რომ ხვალ დავბრუნდეთ 90-იანი წლების უშუქობაში, უხელფასობაში, უპერსპექტივობაში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ”დიალოგს ალტერნატივა არ აქვს” და საჭიროა ”თამაშის წესებზე” შეთანხმება, როგორ ”კეთდება ეს არჩევნები”, რათა არჩევნების წაგების შემდეგ რომელიმე პოლიტიკურ ძალას პრეტენზიები არ გაუჩნდეს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზადაა ადგილობრივი არჩევნები მომავალი წლის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოიტანოს და მერი პირდაპირი გზით აირჩეს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში ამ საკითხზე თანხმობა არ არის.

მისი თქმით, ”საქართველოში არ არის პოლიტიკური კრიზისი”, რადგან მთავრობა ”კონსოლიდირებულია”, ეკონომიკა არ ”ჩამოიშალა” და ”მესამე, პარლამენტში მიდის კარგი დიალოგი,  მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული დიალოგში”.

მან ასევე ისაუბრა რუსულ საფრთხეზე და აღნიშნა: ”წელს რა საფრთხე მოხსნლია? დღეს აქ რუსეთის არტილერიას უფრო მეტად არ მიუწვდება ხელი?” მისი თქმით, ”ჩვენ ვართ ბრძოლაში საქართველოს დეოკუპაციისთვის” და ქვეყანა ”ეგზისტენციალური” საფრთხეების წინაშეა. 

მან ასევე ისაუბრა უკვე ორი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ”10-15 ათასი სამუშაო ადგილი” და ეკონომიკური ზრდის ”1-2% დაგვაკარგვინა”.

”40 ათასზე მეტი ადამიანი გავათავისუფლეთ [სამსახურებიდან]... და ეს ხალხი თვლის, რომ უკან დაბრუნება მათთვის იქნებოდა კარგი,”- განაცხადა მან, ”მე მესმის, რომ ხალხის ერთი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს უკიდურესი გაჭირვების გამო. არის ერთი ნაწილი ხალხის, რომელთაც პირდაპირ უნდა ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება საქართველოში”.

მან ასევე აღიარა, რომ მთავრობას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ეს ”არ გაგვიკეთებია შეგნებულად. ჩვენ ვემსახურებით ჩვენ პრინციპებს”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11