Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთმა გაეროს მისიას საქართველოში ვეტო დაადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'09 / 18:26

გაეროს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 15-წლიანი ოპერაციის დახურვისთვის მზადება დაიწყო მას შემდეგ, რაც 15 ივნისს რუსეთმა მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო.

თბილისმა ”სინანული გამოთქვა” გაეროს მისიის დახურვის გამო და განაცხადა, რომ ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე უშიშროების საბჭოს ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელშიც არ იქნებოდა მინიშნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვდა.

მისიის მთავარი ამოცანა იყო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ზემო კოდორის ხეობაში მონიტორინგის განხორციელება.

რუსეთის მიერ გაეროს მისიის დაბლოკვას წინ უძღოდა ეუთოს მონიტორინგის ოპერაციების დაბლოკვა სამხრეთ ოსეთში. ეუთოს დამკვირვებელთა არსებული მანდატი, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის შიგნით ვეღარ შედიან, 30 ივნისს იწურება. ეუთოს მისიამ უკვე დაგეგმა გამოსამშვიდობებელი მიღება 22 ივნისს.  

ეუთოს მისიის საქმიანობის მსგავსად, გაეროს დამკვირვებლებთან მიმართებაშიც მოსკოვი ცდილობდა ისეთი გადაწყვეტილებისთვის მიეღწია, რომელიც ”ასახავდა იმ ახალ რეალობებს”, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, კერძოდ რუსეთის მიერ  ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.

საქართველომ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის მისი ”წითელი ხაზი” და რომ ის არ დათანხმდებოდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ხაზს გადაკვეთდა.

”ჩვენ ჩვენი დაპირება შევასრულეთ - თუმცაღა გული გვეთანაღრება გაეროს მისიაზე, არასოდეს საქართველოს დიპლომატია არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, რომელიც თუნდაც ერთი წამით ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 16 ივნისს.

რუსეთი იმ რეზოლუციის პროექტს უჭერდა მხარს, რომელიც ითვალისწინებდა ”ახალი უსაფრთხოების მექანიზმების” შექმნას აფხაზეთში და რომელიც რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ბოლო მოხსენებას ეფუძნებოდა. რუსეთის წინადადება არ შეიცავდა მითითებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე.

უშიშროების საბჭოს ამერიკელმა და ევროპელმა წევრებმა მოამზადეს პროექტი, სადაც გაეროს მისიის მანდატის ორკვირიანი გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ, რაც საშუალებას მისცემდა დიპლომატებს გაეგრძელებინათ კონსულტაციები უფრო ყოვლისმომცველი რეზოლუციის შესახებ.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა გააკრიტიკა პროექტი და, როგორც მან უწოდა, დასავლური ”სიჯიუტე” იმასთან დაკავშირებით, რომ 1808 რეზოლუციაზე ყოფილიყო მინიშნება, რომელიც ადასტურებს უშიშროების საბჭოს წევრების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჩურკინის თქმით, მოსკოვი მზად იყო ”კომპრომისული” გადაწყვეტილებისთვის ტექნიკური რეზოლუციის მიღების გზით, რომლითაც უბრალოდ მოხდებოდა მისიის მანდატის გაგრძელება 15 ივლისამდე და რომელშიც ნახსენები იქნებოდა წარსულში მიღებული უშიშროების საბჭოს ”შესაბამისი რეზოლუციები“ ყოველგვარი ნომრის მითითების და დაკონკრეტების გარეშე.

კენჭისყრის დროს ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10 – მომხრე; 1 – წინააღმდეგი და 4 – თავი შეიკავა, მათ შორის ჩინეთმა, ლიბიამ, ვიეტნამმა და უგანდამ.

”მე მგონია, რომ მოსკოვში ძალიან სერიოზული დასკვნების გაკეთება მოუწევთ, რადგან მათი იზოლაცია ყოველდღე იზრდება და მთელ ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდება დიპლომატია, რომელიც ცდილობს ისეთი რამის დაცვას, რაც პრინციპში არის დაუცველი, ცდილობს დაცვას იმ აზრისა, რომ შეიძლება 21-ე საუკუნეში საზღვრების ცალმხრივად გადაკეთება, შეიძლება სუვერენულ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალებით შეჭრა და მისი ტერიტორიების ოკუპაცია, შეიძლება ეთნოწმენდის მესამე ტალღის ჩატარება,” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აშშ-ის ელჩის მოადგილემ როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”ღრმა სინანულს” გამოხატავს რუსეთის ვეტოს გამო და ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

”მანდატის გაგრძელება საშუალებას მისცემდა გაეროს კვლავ შეესრულებინა თავისი როლი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის, ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების და დევნილთა დაბრუნებისთვის საჭირო პირობების შექმნის კუთხით,” - განაცხადა დიკარლომ.   

აშშ ”ახლა განიხილავს ზომებს, რათა დაეხმაროს საქართველოს გაეროს იქ ყოფნის გარეშე”, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელშეწყობის გზითაც, განაცხადა მან. ”იმავდროულად, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ყველაზე მეტად იზარალებს უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გამო აფხაზეთში, საქართველოში საერთაშორისო მისიების გარეშე,” - დასძინა მან.

საფრანგეთის ელჩმა გაეროში ჟან მორის რიპერტმა განაცხადა საბჭოს სხდომის შემდეგ: ”ჩვენ არ შეგვიძლია და არ წავალთ კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით”.

რეზოლუციაზე ვეტოს დადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩმა გაეროში თომას მატუსეკმა ევროკავშირის ”ღრმა იმედგაცრუება” გამოხატა მოსკოვის მტკიცე წინააღმდეგობის გამო.

”სამწუხაროდ, რუსეთის ვეტომ დაასრულა ის [გაეროს მისია]. მან ასევე დაასრულა გაეროს მისიის 15-წლიანი ყოფნა საქართველოში იმ ხალხის საზიანოდ ადგილზე, რომელთაც გაერო ჰუმანიტარული მოტივებით სჭირდებათ, რათა უზრუნველყონ თავიანთი ფიზიკური უსაფრთხოება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმა აღნიშნა 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში: ”რუსეთმა თავისი ყოფნა უშიშროების საბჭოში იმისთვის გამოიყენა, რომ საკუთარი ვიწრო ინტერესები განეხორციელებინა”.

”ეს მისია ეხმარებოდა დაძაბულობის განტვირთვას და შემდგომი კონფლიქტის შეჩერებას. მისი შეწყვეტა გავლენას მოახდენს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე,” - განაცხადა მან. ”რუსეთმა სრულად უნდა დაიცვას სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სარკოზი-მედვედევის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებებში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ადამიანის უფლებათა დაცვა იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ იმყოფება,”- განაცხადა მან.  

გაეროს და ეუთოს მისიების წასვლის შემდეგ, ერთადერთი საერთაშორისო მისია, რომელიც საქართველოში დარჩება, არის ევროკავშირის მონიტორინგის მისია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სეპარატისტულ რეგიონში სიტუაციის მონიტორინგის მანდატი გააჩნია, ევროკავშირის მისიას სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით არ უშვებენ და მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებზე შეუძლია ვითარების გაკონტროლება.     

”ეს როდის მოხდება არ ვიცით; რუსეთი არ უშვებს ევროკავშირის დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამგვარი ქმედებით მოსკოვი პირდაპირ ეწინააღმდეგება სარკოზის შეთანხმებას,” - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

”იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან მათ [ევროკავშირის დამკვირვებლებს] შეუშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” - განაცხადა მან 16 ივნისს.

აფხაზური რეაქცია

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი არ იზარალებს გაეროს სადამკვირვებლო მისიის დახურვით.

”ჩვენი უსაფრთხოების მთავარ გარანტიას რუსეთთან ურთიერთობებში და სამხედრო თანამშრომლობაში ვხედავთ,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით 16 ივნისს.

რუსული პოზიციის ანალოგიურად შამბამ განაცხადა, რომ რაიმე მინიშნების გაკეთება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე სოხუმისთვის მიუღებელი იყო.

აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა გასულ კვირას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს დისკუსიები ”სიმართლის მომენტი” იქნება აფხაზეთისთვის.

”თუ ამ რეზოლუციების მოხსენიება დარჩება, მაშინ აფხაზეთი სამართლებრივ ჭრილში კიდევ 15-10 წელი იქნება საქართველოს შემადგენლობაში, არ აქვს მნიშვნელობა როგორი შეფუთვით იქნება ეს მიწოდებული,”- განაცხადა ლაკობამ. ”ამ შემთხვევაში ჩვენ უკეთესია უარი ვთქვათ გაეროს მისიაზე”.
 
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა (ICG) შარშან ნოემბერში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კერძო საუბრებში განუცხადეს დასავლელ დიპლომატებს, რომ მათი სურვილია, რომ გაეროს დამკვირვებლებმა ”რაიმე ფორმით განაგრძონ რეგიონში ყოფნა, რათა აფხაზები მარტონი არ დარჩნენ რუსეთის ჯარებთან”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7