საკონსტიტუციო კომისიის დებულებაში, რომელიც პრეზიდენტმა 23 ივნისს დაამტკიცა ბრძანებულებით, არ არის მითითებული კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა მოამზადოს სახელმწიფო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები.
”კონსტიტუციის გადასინჯვის ფარგლებში მოიაზრება სახელმწიფოს ბოჭვა ძირითადი უფლებებით, სახელისუფლებო განშტოებათა ეფექტიანი, გაწონასწორებული სისტემა და კონსტიტუციის სხვა დებულებათა ახლებური ხედვა,”- ნათქვამია დებულებაში.
როგორც წინასწარ იყო ცნობილი, დებულების თანახმად, კომისია კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებაზე გადაწყვეტილებებს სიითი შემადგენლობის 2/3-ით მიიღებს, ხოლო ცალკეული თავები და მუხლები მიღებულად ჩაითვლება, თუ მათ მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა არანაკლებ 2/3-სა.
დებულების თანახმად, კომისიაში შეიქმნება 9 სამუშაო ჯგუფი, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების; პრეზიდენტის ინსტიტუტის; აღმასრულებელი ხელისუფლების; სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების; და ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებებით.
კომისიის თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარე - ავთანდილ დემეტრაშვილი და მისი წარდგინებით ასარჩევი მდივანი, რომლებიც სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებთან ერთად ქმნიან სარედაქციო საბჭოს - ორგანოს, რომელიც იხილავს სამუშაო ჯგუფებში მომზადებულ წინადადებებს და გააქვს კომისიის სხდომაზე განსახილველად.
დებულების თანახმად კომისიის სხდომები იმართება არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, ხოლო პირველი სხდომა დებულების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 15 დღეში უნდა გაიმართოს.
კომისიაში წევრების წარდგენის ვადა 20 ივნისამდე იყო განსაზღვრული. დებულებაში არაფერია ნათქვამი ამ ვადის გაგრძელების თაობაზე. კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პარტიებმა.
ამ ეტაპზე კომისიაში შედიან მმართველი და საპარლამენტო უმცირესობის პარტიები, სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის ავტონომიური ერთეულებიდან; ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.