პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა 30 ივნისს, რომ მთავრობამ მოამზადა ”ახალი ფინანსური პაკეტი”, რომელიც ძირითადად საბანკო და სამშენებლო სექტორებს მოიცავს და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად.
გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, მიზნად ისახავს დამატებითი 200 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და აზიის განვითარეების ბანკისგან საქართველოს კომერციული ბანკებისთვის. საკრედიტო პაკეტი დაემატება იმ 4.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას, რომლის გამოყოფის პირობაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა აგვისტოს ომის შემდეგ დადეს.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს 260 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას, რომელსაც მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებს.
”დღესდღეობით საბანკო სექტორს და კერძო კომპანიებსაც აქვთ გარკვეული საფინანსო რესურსები, რომლებსაც არ ან ვერ ხარჯავენ ეკონომიკაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მაღალი რისკების გამო,” - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ”სავარაუდოდ, ზემოთჩამოთვლილი ქმედებების შემდეგ მაინც დარჩება ასეთი სახის აუთვისებელი თანხები საბანკო სექტორში და კერძო კომპანიებში. ეს არის ფინანსური რესურსი, რომელიც ეკონომიკაში არ მონაწილეობს. სწორედ ამ ჭარბი თანხების ეკონომიკაში დასაბრუნებლად მთავრობა იწყებს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას”.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს ბანკების რეგულირების შემსუბუქებას, რაც, მთავრობის თქმით, ”ბანკებს გამოუნთავისუფლებს 700 მლნ ლარზე მეტ რესურს და ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საბანკო სექტორისათვის გააქტიუროს სესხების გაცემის პროცესი”.
გეგმა ასევე ითვალისწინებს გარანტირებულ სესხებს სამშენებლო ფირმებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას იმ გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალურ უბნების ძველ სახლებში მაცხოვრებელი მოსახლეობის გადასახლებას ახალ სახლებში, რომლებიც მონაწილე კომპანიების მიერ აშენდება.