საქართველო დღეს აგვისტოს ომის დაწყების ერთ წლისთავს აღნიშნავს. ამ დღეს დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორისაა წუთიერი დუმილი 15:00 საათზე ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად.
ხსოვნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები შუაღამისას გორში და რამოდენიმე სხვა ქალაქში დაიწყო, რომლის დროსაც ”ერთობის კოცონი” დაინთო.
პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას პარასკევს საღამოს გორიდან მიმართავს.
ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უმეტესობა დაგეგმილია გორში - ცხინვალთან ერთად სწორედ ეს ქალაქი დაზარალდა ყველაზე მეტად შარშანდელი ომის დროს. სხვა ღონისძიებებთან ერთად დაგეგმილია მემორიალის საფუძვლის ჩაყრა, რომელზეც ომში დაღუპულთა სახელები ამოიტვიფრება.
საქართველოს მთავრობის ანგარიშის თანახმად, რომელიც 6 აგვისტოს გამოქვეყნდა, აგვისტოს ომის დროს 412 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 228 სამოქალაქო პირი; 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. 10 სამხედრო და 14 პოლიციელი დაკარგულად ითვლება. საომარო მოქმედებების დროს ასევე დაიღუპა ერთი ჰოლანდიელი და ორი ქართველი ჟურნალისტი.
იმავდროულად, თბილისში საბჭოთა დროინდელი ჯავშანტრანსპორტიორს რუსთაველის მოედანი აქვს გადაკეტილი; ეს იმ ექსპოზიციის ნაწილია, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, მიზნად ისახავს საქართველოს წინააღმდეგ ”ორსაუკუნოვანი რუსული აგრესიის” წარმოჩენას, რაც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით დაიწყო.
წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ქართულმა ტელეარხებმა დაიწყეს ვიდეორგოლების გაშვება შარშანდელ ომთან დაკავშირებით, რომელთა ლოზუნგია ”ბრძოლა გრძელდება”.
ერთ-ერთ ვიდეორგოლში შეკრებილია რუსული მაღალჩინოსნების ციტატები; ერთგან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ”ქართველი ხალხი რუსი ხალხის მეგობარია”, ხოლო პრეზიდენტი მედვედევი ამბობს, რომ ”ჩვენ პატივს ვცემთ და გვიყვარს ქართველი ხალხი” და შემდეგ ჩანს რუსული თვითმფრინავი, რომელიც ჭურვებს ესვრის ქართულ პოზიციებს, რის შემდეგაც ჩნდება წარწერა: ”რუსული სიყვარული”.
ტელეკომპანია ”მაესტრომ” კი ამ დღეებში განაახლა იმ ვიდეორგოლის გაშვება, რომელშიც ნათქვამია რომ პრეზიდენტმა ”კაპიტულანტურ ხელშეკრულებას” მოაწერა ხელი, რის შედეგადაც საქართველომ უფრო მეტი ტერიტორიები დაკარგა და შემდეგ მთხრობელი იწყებს იმ ათობით სოფლის ჩამოთვლას, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ რუსული კონტროლის ქვეშ გადავიდა როგორც ზემო კოდორის ხეობაში, ისე ცხინვალის რეგიონში.
”დიახ, რუსეთმა აიღო რამოდენიმე ათეული სოფელი... მაგრამ რუსეთის საბოლოო მიზანი იყო საქართველოს სრული განადგურება,” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედთან” ინტერვიუში, რომელიც 6 აგვისტოს. გადაიცა. მისი თქმით, ეს არის ის, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უთხრა იმ დროს თავის ამერიკელ კოლეგას კონდოლიზა რაისს. მისივე თქმით რუსეთმა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია.
სააკაშვილის თქმით, ქართულ არმიას შეეძლო შეწინააღმდეგებოდა რუსულ ჯარს და დაეცვა ის ტერიტორიები, რომლებიც შემდგომ რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა, მაგრამ, მისივე თქმით, ამას ქართული არმიის განადგურება მოჰყვებოდა და ”თბილისის დასაცავად აღარავინ დარჩებოდა”. მან განაცხადა, რომ ისინი ვინც ამბობენ რომ ომი საქართველომ დაიწყო, არიან ”მარგინალი პოლიტიკოსები.”
6 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, სადაც ასახულია მისეული ვერსია იმ მოვლენებისა, რასაც აგვისტოში საბრძოლო მოქმედებები მოყვა.
6 აგვისტოს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტი სააკაშვილი წერს, რომ რუსეთის 58-ე არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრები და დაიწყო ”დიდი ხნის წინ დაგეგმილი შემოჭრა, რაც მიზნად ისახავდა ჩემი მთავრობის ჩამოგდებას და რეგიონზე მოსკოვის კონტროლის გაზრდას”.
იმავდროულად, Guardian-მა 6 აგვისტოს დაბეჭდა ორი სეპარატისტი ლიდერის, ედუარდ კოკოითის და სერგეი ბაღაფშის ერთობლივი სტატია, რომლებიც წერენ, რომ ერთი წლის წინ საქართველოს ლიდერებმა ”გასცეს სამხრეთ ოსეთის შეუიარაღებელ მოქალაქეებზე სამხედრო თავდასხმის ბრძანება”.
”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავისუფალი ერები დგანან იზოლაციის საფრთხის და საქართველოს მხრიდან დაშინების პოლიტიკის საფრთხის წინაშე, რომლის თანამონაწილეც დასავლეთია,” - ნათქვამია ბაღაფშისა და კოკოითის ერთობლივ სტატიაში.