საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ დააკავა პანამის დროშით მცურავი გემი "BUKET’’ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ”მრავალჯერ უკანონოდ” გადაკვეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის მოტივით.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ტანკერი თურქეთის პორტიდან სოხუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და 2000 ტონა ბენზინი და 700 ტონა დიზელის საწვავი ”კონტრაბანდის სახით” შეჰქონდა.
ტანკერი, რომლის ეკიპაჟი თურქეთის 13 და აზერბაიჯანის 4 მოქალაქისაგან შედგება, ფოთის პორტშია გადაყვანილი.
ქართული მხარის ინფორმაციით, ხომალდი სავარაუდოდ ჩამორთმეული იქნება, ხოლო ეკიპაჟის ბედს, საბოლოოდ, სასამართლო გადაწყვეტს.
აფხაზურმა მხარემ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც ქართული მხარის ”მეკობრეობა”.
”ქართველმა მესაზღვრეებმა კვლავ გამოავლინეს ”სომალური” ხასიათი, წაართვეს რა აფახაზეთს საწვავის მორიგი პარტია საკურორტო სეზონზე, ” - განუცხადა ”აფსნიპრესს” აფხაზური სახელმწიფო საზღვაო კომპანიის წარმომადგენელმა ზაურ არძინბამ, ”მომხდარი კვლავ ადასტურებს, რომ საქართველო მტრული სახელმწიფოა, რომელიც ხელს გვიშლის ეკონომიკურ განვითარებაში”.
აფხაზური მხარის ცნობით, წელს ეს მათთვის განკუთვნილი ტვირთით უკვე მესამე გემია, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.