Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეკონომიკის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აგვ.'09 / 14:20

  • გილაური ”უკმაყოფილოა” ჟვანიას მუშაობით;
  • ჟვანიას თქმით, გილაური ”სუსტი პრემიერია”;
  • ჟვანია ”ბენდუქიძის გუნდთან” უთანხმოებას ადასტურებს;
  • ჟვანია: სააკაშვილის მხარდამჭერი ვიქნები ბოლომდე;
  • გილაური სხვა მინისტრებსაც აკრიტიკებს.

ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია დატოვებს თანამდებობას მისი უწყების არადამაკმაყოფილებელი და არაკოორდინირებული მუშაობის გამო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე და ენერგეტიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრები ანალოგიურ პერსპექტივაზე გააფრთხილა.

”უკმაყოფილო ვარ ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის მინისტრის მუშაობით და მინდა ვთქვა, რომ მას მოუწევს დღეიდან თანამდებობის დატოვება,” - განაცხადა გილაურმა, ”მე მას ამის შესახებ შევატყობინე, ასევე ველაპარაკე პრეზიდენტსაც, საკმაოდ პრინციპულად დავუყენე ეს საკითხი... რეალურად მისგან თანხმობა მაქვს მიღებული”.  

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას წინ უძღოდა ტელეკომპანია ”იმედზე” გასული ვრცელი სიუჟეტი  ნიკა გილაურსა და ლაშა ჟვანიას შორის არსებული დაპირისპირების თაობაზე. მთავრობის შიგნით დაპირისპირებაზე სატელევიზიო სიუჟეტები ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათია. ამდენად, ”იმედზე” გასულმა ინფორმაციამ - ამ ტელეკომპანიას პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე გიორგი არველაძე უდგას სათავეში - იმთავითვე გამოიწვია ვარაუდები შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ.

გილაურის ბრიფინგის დამთავრების შემდეგ, ჟვანიამ მალევე მოიწვია პრესკონფერენცია, სადაც მან აღნიშნა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ ეკონტაქტა ჟურნალისტს ”იმედიდან”, რომელიც ”სიკვდილამდე განიცდიდა იმ დავალებას, რომელიც მან მიიღო... რომ ჩემზე გაეკეთებინა რაიმე ნეგატიური სიუჟეტი”.

მისი თქმით, დაპირისპირება პრემიერ გილაურთან მას ”ძალიან მნიშვნელოვან” საკითხებზე ჰქონდა, მათ შორის ”ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დასაჩქარებელია და სასიცოცხლოდ აუცილებელია”.

”სამწუხაროდ ასე არ ფიქრობს პრემიერ-მინისტრი გილაური და მის გარშემო არსებული გუნდი - ის გუნდი, რომელიც ადრე გახლდათ ეკონომიკის სამინისტროში [მინისტრის] მოადგილეებად და ჩემი დანიშვნის მერე მე ძალიან ბევრი მიზეზის გამო და ძალიან საფუძვლიანი მიზეზების გამო მე გავუშვი აქედან,”- განაცხადა ჟვანიამ მხედველობაში ჰყავდა რა ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე, რომლებიც ამჟამად გილაურის მრჩევლები არიან.

”ეს დაპირისპირება თავიდანვე ჩადებული იყო იმიტომ, რომ მე მქონდა კონცეფტუალური და აბსოლუტურად შეუსაბამობა პოლიტიკასთან ამ გუნდთან, რომელსაც ჰქვია ბატონი კახა ბენდუქიძის გუნდი,”- აღნიშნა ჟვანიამ.

ბოლო პერიოდში საქართველოში გატარებული áƒ”კონომიკური რეფორმების წამყვანი ფიგურა, კახა ბენდუქიძე 2004-2008 წლებში სახელმწიფო მინისტრი იყო, რის შემდეგაც მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობდა. áƒ›áƒáƒ áƒ—ალია áƒ›áƒáƒ¡ ეს თანამდებობა 2009 წლის თებერვალში დაატოვებინეს, მაგრამ როგორც ვარაუდობენ ის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ჩამოშორებია.

ჟვანიას მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების და ამ კონტექსტში ბენდუქიძის მოკავშირეების ხსენება იყო მინიშნება იმ მოსაზრებაზე, რომ ბენდუქიძის ე.წ. ”ლიბერტარიანული მიდგომა” არ მოდის შესაბამისობაში ევროკავშირის ”მარეგულირებელ მიდგომასთან.”

პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჟვანიას უწყების მიმართ უკმაყოფილება განაპირობა ”ყველა სამინისტროსთან არაკოორდინირებულმა” მუშაობამ,  ინვესტიციების განხორციელებისა და მოზიდვის მიმართულებით ჩავარდნებმა და ასევე პრივატიზაციის პროცესის ”არადამაკმაყოფილებელმა” მიმდინარეობამ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ეკონომიკის სამინისტრომ არ გააფორმა ჩეხეთთან ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება,  100 საავადმყოფოს პროექტზე საქართველოში არ მოდის 125 მლნ ევრო ინვესტიციების სახით და ამავე მიზეზით, შეჩერებულია 80 მლნ დოლარიანი ინვესტიცია ”ენერგოპროს” მიერ, რომელიც ”ჩეხექსპორტ” ბანკისგან უნდა წამოიღოს”. 

”ამდენად, ის ინვესტორები, რომლებიც უკვე შემოსულები არიან, მათთვის ვერ შეასრულა ეკონომიკის სამინისტრომ ის პირობები, რომ ეს ინვესტიციები განახორციელონ,” - აღნიშნა გილაურმა.

ჟვანიამ ყველა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა: ”მე მიმაჩნია, რომ მე ვარ სწორი და ძალიან სწორ პოლიტიკას ვატარებდი”.  მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გილაურთან კარგი პიროვნული ურთიერთობები აქვს, ის ”არის სუსტი პრემიერი”. მისი თქმით, გილაურმა მენეჯმენტის ელემენტარული პრინციპები არ იცის.

გილაურმა ასევე გააკრიტიკა ეკონომიკის მინისტრი წელს პრივატიზაციიდან მიღებული ”ასეთი მინიმალური” თანხების გამო.  მისი თქმით, მხოლოდ 15 მლნ ლარია შემოსული პირველი 6-7 თვის განმავლობაში, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მონაცემი არ მოიცავს ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის არსებულ სალიცენზიო მოსაკრებლებს.

თუმცა ჟვანიამ აღნიშნა, რომ 8 თვის განმავლობაში მან პრივატიზაციის გეგმა 202%-ით შეასრულა და ბიუჯეტში 117 მლნ ლარია მობილიზებული ამ კუთხით, ნაცვლად წლის განმავლობაში დაგეგმილი 76 მლნ ლარისა.

ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი იქნება ბოლომდე და უარყო ვარაუდები მისი ირაკლი ალასანიას გუნდში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ”ოპოზიციაში წასვლას გამოვრიცხავ საერთოდ,”- განაცხადა მან.

”პრეზიდენტი სააკაშვილი აბსოლუტურად სწორ პოლიტიკას ატარებს ქვეყნის საკეთილდღეოდ... სადაც არ უნდა ვიყო, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი ვარ ბოლომდე,”- განაცხადა მან, ”ირაკლი ალასანია არის ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და სწორად, რომ მეგობრობის გამო ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური მრწამსი და პოლიტიკური დამოკიდებულება”. 

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ალასანიას ექნება გაცილებით უფრო უკეთესი ეკონომიკური ხედვა, ვიდრე სააკაშვილს, áƒ›áƒáƒ¨áƒ˜áƒœ ”შევიცვლი პოლიტიკურ გუნდს”.

ლაშა ჟვანია, რომელიც 2008 წლამდე, პარლამენტში არჩევამდე ისრაელში საქართველოს ელჩი იყო, ეკონომიკის მინისტრად 2008 წლის დეკემბერში დაინიშნა. მაშინ პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი იყო.

ამჟამინდელმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა ლაშა ჟვანიას შემცვლელი ამ ეტაპზე არ დაასახელა და აღნიშნა, რომ კანდიდატურას ორი კვირის განმავლობაში წარმოადგენს.

იმავდროულად, ნიკა გილაურმა შენიშვნები მისცა ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, ასევე ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს საგადასახადო მომსახურების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და გააფრთხილა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზელი მოახლოებული რთველის წინ ”მაქსიმალურ ყურადღებაზე”.

”მინდა ვთქვა, რომ გარკვეულწილად უკმაყოფილო ვარ ჯანდაცვის სამინისტროთი და აქ მთავარი პრობლემა მაინც 100 საავადმყოფოს პროექტია, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბოლომდე ვერ განხორციელდა,”- განაცხადა გილაურმა, ”საკმაოდ მკაცრად მინდა გავაფრთხილო ჯანდაცვის სამინისტრო [მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი] ამასთან დაკავშირებით... და ეს უკანასკნელი გაფრთხილება იქნება”.

უკანასკნელ დღეებში გაზეთი ”რეზონანსი” მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ წერდა, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გარდა შესაძლოა მინისტრების უმეტესობა შეიცვალოს. კერძოდ, გაზეთის ცნობით, შესაძლოა ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროები გაერთიანდეს და მას სათავეში დავით ტყეშელაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი ჩაუდგეს; ჯანდაცვის მინისტრი გახდეს ზაზა გოროზია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი;  ასევე თანამდებობა დატოვოს დავით სიხარულიძემ და მისი ადგილი დაზვერვის სამსახურის შეფმა გელა ბეჟუაშვილმა ან კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ დაიკავოს; ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მისმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ შეცვალოს.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18