Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმე: რამოდენიმე ბრალდებული შესაძლოა საპროცესო გარიგებაზე დათანხმდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 სექ.'09 / 18:49

როგორც 9 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, მუხროვანის ამბოხის საქმეზე 41 ბრალდებულიდან რამოდენიმემ შესაძლოა პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმოს.

სასამართლო პროცესი მუხროვანის საქმეზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში აგვისტოს ბოლოს დაიწყო, 9 სექტემბერს პროკურატურის საბრალდებო დასკვნის მოსმენაზე გადავიდა. 

მაშინ როცა საბრალდებო დასკვნის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ბრალდებულებს მიმართა შეკითხვით ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს შეეწყვიტა ეს პროცესი იმ მოტივით, რომ რამოდენიმე ბრალდებული ჯერ კიდევ საპროცესო გარიგების თაობაზე პროკურატურასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

რომელ და რამდენ ბრალდებულს აქვს სურვილი საპროცესო გარიგება დადოს პროკურატურასთან, სავარაუდოდ, 11 სექტემბერს გახდება ცნობილი, როდესაც სასამართლო სხდომა განახლდება.

9 სექტემბრის სხდომაზე, პროკურორის მიერ წაკითხული საბრალდებო დასკვნის თანახმად, თადარიგის პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომელიც წარსულში მუხროვანის სამხედრო ნაწილის მეთაური იყო, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობით ორგანიზებული ამბოხის მთავარი ორგანიზატორია.

პროკურატურის თანახმად, ოთანაძემ, რომელიც თავს უდანაშაულოდ თვლის, დაიწყო თანამოაზრეების ქსელის შექმნა და ამ მიზნით ის დაუკავშირდა გია ღვალაძეს, რომელიც წარსულში სამართალდამცავ და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა, და დაავალა მას შეეგროვებინა სანდო ხალხი სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით.

გია ღვალაძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ამ საქმეში; გამომძიებლებისთვის მიცემული მისი ჩვენება გამოძიების ადრეულ ეტაპზე და შემდგომშიც, ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც რამოდენიმე სხვა ბრალდებულს, კერძოდ კი 2004 წლამდე ეროვნული გვარდიის სარდალს კობა კობალაძეს ბრალი წაუყენეს.

ღვალაძემ, რომელიც პროკურორების თქმით, მუხროვანის ამბოხებამდე ერთი დღით ადრე 4 მაისს დააპატიმრეს, განაცხადა თავის პირვანდელ ჩვენებაში, რომ ოთანაძესთან ერთად ის მარტის ბოლოს შეხვდა სხვა თანამზრახველებს, მათ შორის კობა კობალაძეს მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში, რათა გეგმის დეტალები განეხილათ. მან ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა და განაცხადა, რომ ეს სავარაუდოდ 25 მარტიდან 27 მარტამდე მოხდა. მოგვიანებით ღვალაძემ შეცვალა ეს ჩვენება და გამოძიებას განუცხადა, რომ ეს შეხვედრა არა მარტის ბოლოს, არამედ აპრილის ბოლოს შედგა. ზუსტი თარიღი მან კვლავინდებურად ვერ დაასახელა.

ღვალაძის ეს ჩვენება გახდა საფუძველი, რათა ბრალი წაეყენათ კობა კობალაძისთვის სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობით ორგანიზებული ამბოხის დაგეგმვაში. მას ასევე ედება ბრალად ასაფეთქებელი ნივთიერების და იარაღის უკანონოდ შენახვა. კობალაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მცხეთის რესტორანში არანაირ შეხვედრას არ დასწრებია. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ მყარი არგუმენტები გააჩნიათ მათი კლიენტის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და მზად არიან ათზე მეტი მოწმე გამოიძახონ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ კობალაძე ღვალაძის მიერ მითითებულ დროს მცხეთაში საერთოდ არ ყოფილა.

9 სექტემბერს კობალაძის ადვოკატებმა სთხოვეს მოსამართლეს მათი კლიენტისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და ის თავდებით გაეთავისუფლებინა. ადვოკატების განცხადებით, ამჟამად არ არსებობს რაიმე საფრთხე იმისა, რომ კობალაძე ”გამოძიებაზე მოახდენს ზეგავლენას” საქმეში არსებულ რამოდენიმე წამყვან ფიგურაზე, მათ შორის კობა ოთანაძეზე (რომელსაც, სხვების მსგავსად, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული) შესაძლო ზეწოლის გზით - სწორედ ამ მიზეზით მიუსაჯა მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 7 მაისს. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობა და განაცხადა, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები ”არასაკმარისად” მიიჩნია იმისთვის, რომ კობალაძე პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. 

კობა ოთანაძის ადვოკატებმაც დააყენეს მსგავსი შუამდგომლობა და მათი კლიენტის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლება მოითხოვეს; მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

9 სექტემბერს პროკურორების მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების თანახმად, შეთქმულების ორგანოზატორები, მათ შორის ლევან ამირიძე, იმ დროს რეინჯერთა ბატალიონის მეთაური და მამუკა გორგიაშვილი, მუხროვანის სამხედრო ნაწილის მაშინდელი მეთაური, თავდაპირველად 2 მაისს გეგმავდნენ ამბოხებას, თუმცა ”დაუდგენელი მიზეზებით” ის 5 მაისამდე გადაწიეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შეთქმულთა გეგმა ითვალისწინებდა სტრატეგიული ობიექტების დაკავებას, მათ შორის თბილისის აეროპორტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და საქართველოს ეროვნული ბანკის შენობების.

ბრალდების მხარემ განუცხადა სასამართლოს, რომ 5 მაისს, დილით მამუკა გორგიაშვილმა გამოუცხადა თავის სატანკო ნაწილს მუხროვანის ბაზაზე, რომ იგი ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებდა და საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.   

პროკურორების განცხადების თანახმად, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაგეგმილი ამბოხების შესახებ 26 მარტს შეიტყვეს, როდესაც გია ღვალაძის გამოძებნილმა ორმა თანამზრახველმა - ყოფილმა სპეცრაზმელებმა თამაზ ხომასურიძემ და გიორგი ჩქარეულმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ეცნობებინათ. ამის შემდეგ, პროკურორების თქმით, შეთქმულებს შორის მოხდა აგენტების ჩანერგვა.

41-დან 12 ბრალდებულს ბრალი ედება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობაში; 23 ბრალდებულს წაყენებული აქვს მუხლი: სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა; 5-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო ერთს - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

 

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21