Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმე: სასამართლომ განსასჯელთა დაკითხვა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 სექ.'09 / 12:29

მუხროვანის ამბოხის საქმეზე 41 განსასჯელიდან უმეტესობამ დანაშაული აღიარა 11 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომლის დროსაც სასამართლომ რამოდენიმე განსასჯელის ჩვენებებიც მოისმინა. 

ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური კობა კობალაძე, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობით ორგანიზებული ამბოხის დაგეგმვაში და ასაფეთქებელი ნივთიერების და იარაღის უკანონოდ შენახვაში ედება ბრალი, თავს უდანაშაულოდ ცნობს.

თადარიგის პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემ, რომელიც ბრალდების მიერ ამბოხის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა, ასევე უარყო ბრალდებები. მას ბრალად ედება  სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობით ამბოხის ორგანიზება, დაუმორჩილებლობა და სამხედრო ბაზაზე არასანქცირებული ქმედებები და იარაღის უკანონო შენახვა და ტარება.

კიდევ სამმა განსასჯელმა არ აღიარა დანაშაული, მათ შორის ბესიკ ფოცხვერაშვილმა და ბექა გრიგალაშვილმა - ორივეს ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში, დანაშაულის დაფარვაში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.

ორმა განსასჯელმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, მათ შორის გია ღვალაძემ, რომელსაც ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში ედება ბრალი და ლევან ამირიძემ, რომელიც სავარაუდო ამბოხის დროს თბილისის რეინჯერთა ბატალიონის მეთაური იყო. მათ აღიარეს დანაშაული იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა დაუმორჩილებლობას, თუმცა უარყვეს ბრალდებები ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობის ნაწილში.

კიდევ ორმა განსასჯელმა - ორივე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი - სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

იმ 32 განსასჯელიდან, რომელთაც დანაშაული აღიარეს, 21 სამხედრო მოსამსახურეა, რომელთაც დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი. კიდევ ექვსს, რომელთაც ასევე აღიარეს დანაშაული, დანაშაულის დამალვაში ედება ბრალი.

იმ ექვს განსასჯელს შორის, რომელთაც ძალის გამოყენებით ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში აღიარეს დანაშაული, არის პოლკოვნიკი გორგიაშვილი, რომელიც მუხროვანის სამხედრო ნაწილის მეთაური იყო.

ბრალდების მხარემ 11 სექტემბერს განუცხადა სასამართლოს, რომ ისინი ჯერ კიდევ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რამოდენიმე განსასჯელთან საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით.

11 სექტემბრის მოსმენაზე სასამართლომ ხუთი განსასჯელი დაკითხა. რამოდენიმე განსასჯელის ადვოკატმა სთხოვა მოსამართლეს მოწმეების დაკითხვით დაეწყო (ამ ეტაპზე უკვე 100 მოწმეა რეგისტრირებული სასამართლოში დასაკითხად) და შემდეგ გადასულიყო განსასჯელთა მოსმენაზე, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ერთ-ერთმა მათგანმა ზაზა მუშკუდიანმა (განსასჯელმა დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაშიც თავს დამნაშავედ ცნობს), რომელიც თბილისის რეინჯერთა ბატალიონში მსახურობდა, განუცხადა სასამართლოს, რომ ამა წლის აპრილში რეინჯერების მეთაურმა ლევან ამირიძემ უთხრა მას, რომ იგეგმებოდა ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადება და ”რეინჯერთა ბატალიონი უნდა შეერთებოდა მუხროვანის ბატალიონს”. მან ასევე განაცხადა ამირიძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ამ ქმედების ”მიზანი იყო პრეზიდენტისთვის ულტიმატუმის წაყენება - გადადგომის თაობაზე და ასევე ნატოს სწავლების ჩაშლა”, რომლის დაწყებაც მაისში იგეგმებოდა. მუშკუდიანის თქმით, მან უარი განაცხადა ამ გეგმაში მონაწილეობაზე და ”ლევან ამირიძეც დამეთანხმა, რომ თვითონაც არ მიიღებდა მონაწილეობას”. მან ასევე განაცხადა, რომ მისი ოთხი წლის ნაცნობი გია ღვალაძე მას აპრილში ანალოგიური შეთავაზებით დაუკავშირდა და ისიც უარით გაისტუმრა. მუშკუდიანმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ამ ფაქტების შესახებ იმის გამო არ აცნობა შესაბამის ორგანოებს, რომ ამირიძის უარის შემდეგ იფიქრა, რომ ეს გეგმა დღის წესრიგიდან იყო მოხსნილი. 

ილია ღამბარაშვილმა (ბრალდებულმა დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რასაც აღიარებს, განსხვავებით ადრე წაყენებული ბრალისა დაუმორჩილებლობაზე), რომელიც სატანკო ასეულის მეთაური იყო, სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ის 1 მაისს მუხროვანის ბატალიონის მეთაურმა შოთა გორგიაშვილმა სხვა მეთაურებთან ერთად დაიბარა და განუცხადა, რომ აპირებდა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას, რაც გამოიხატებოდა გზების პიკეტირებაში და სტრატეგიული ობიექტების, კერძოდ, მისი თქმით, აეროპორტისა და შსს-ის შენობის პიკეტირებაში და თანამონაწილეობაზე პასუხის მოფიქრება თხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად იყო საუბარი ანაზღაურებაზე, ”ეკიპაჟის წევრებზე” დაახლოებით 10 ათასის (ვალუტის დაკონკრეტების გარეშე) ფარგლებში. ღამბარაშვილის თქმით, მან ამ გეგმაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მისი თქმით, 5 მაისს დილის 6:30 საათზე კვლავ დაიბარა სხვა მეთაურებთან ერთად გორგიაშვილმა, სადაც განუცხადა, რომ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს ”სამხედრო ტექნიკის ადგილიდან დაუძვრელად”. მან ასევე განაცხადა, რომ გორგიაშვილმა დაუმორჩილებლობა აღლუმში მონაწილეობაზე მიღებული ბრძანების გამო გამოაცხადა, რადგან არ მიაჩნდა ომის შემდეგ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილად. მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ 5 მაისს, დაახლოებით 7 საათზე მუხროვანის ბაზის ტერიტორიაზე ნახა კობა ოთანაძე, რომელიც ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მუხროვანის ბატალიონის ერთ-ერთი ასეულის მეთაურის მოადგილემ ვლადიმერ გულიკაშვილმა (განსასჯელმა დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რასაც აღიარებს, განსხვავებით ადრე წაყენებული ბრალისა დაუმორჩილებლობაზე). კერძოდ მან განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო გორგიაშვილთან 1 მაისს გამართულ თათბირში ასეულის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, რადგან იმ მომენტში მისი უფროსი მუხროვანში არ იმყოფებოდა. მისი თქმით, ამ თათბირზე გორგიაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს 90%-იანი ალბათობა იმისა, რომ ”შემოვლენ რუსები, ვერ შევეწინააღმდეგებით და გაგვანადგურებენ”. მისი თქმით, გორგიაშვილისგან იყო შემოთავაზება დაუმორჩილებლობაზე, რაშიც, მან გორგიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადა და რეინჯერებიც დაუჭერდნენ მხარს. გულიკაშვილის თქმით, მან ამ თათბირზე მხოლოდ შსს შენობის ბლოკირების გეგმების შესახებ ”გაიგონა”. მან ასევე განაცხადა, რომ იყო ანაზღაურებაზე საუბარიც, კერძოდ, ეკიპაჟის თოთო წევრზე 10 ათასი, ასეულის მეთაურებზე 100 ათასი (ვალუტის დაკონკრეტების გარეშე), თუმცა დასძინა, რომ არ იცის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო თანხის გადაცემა ან ის, თუ ვისგან მოდიოდა ეს დაფინანსება. მისი თქმით, მან გორგიაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვა.

გულიკაშვილის თქმით, 5 მაისის დილის მოწყობაზე გორგიაშვილმა პირად შემადგენლობას განუცხადა, რომ ჰქონდა აღლუმში მონაწილეობაზე ბრძანება მიღებული, თუმცა არ ჰქონდა ამის ”განწყობა” და ამის გამო დაუმორჩილებლობას აცხადებდა. მისი თქმით, გორგიაშვილმა პირად შემადგენლობას ყაზარმებში ყოფნა და შემდგომი მითითებების დალოდება უბრძანა. მან ასევე განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის გამოცხადების შემდეგ მუხროვანის ბაზის პერიმეტრის შიგნით სულ ორი ერთეული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შენიშნა, რომლებიც საბრძოლო მდგომარეობაში არ იყვნენ მოყვანილნი. ამასთან, მან განაცხადა, რომ კობა ოთანაძე მუხროვანის ბაზის ტერიტორიაზე არ უნახავს.

სასამართლოზე მუხროვანის ბატალიონის დაცვის ასეულის მეთაურის, კახაბერ ჯოლბორდის (ბრალდებულია დაუმორჩილებლობაში) თქმით, მას 5 მაისის თათბირზე მისვლა დააგვიანდა, თუმცა მას შემდეგ რაც აღლუმში მონაწილეობის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ შეიტყო, მიიღო ბრძანება ”სიგნალი ფარი”, რაც პერიმეტრის დაცვას გულისხმობდა. მისი თქმით, მან შეასრულა ბრძანება და 32 ჯარისკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით პერიმტრზე განალაგა.  მისი თქმით, მისმა დაქვემდებარებულმა ჯარისკაცებმა ამ პერიოდში 5 სამოქალაქო პირი დააკავეს და შტაბში მიიყვანეს, თუმცა მათი ბედის შესახებ არაფერი იცის. მას არც ამ სამოქალაქო პირების ვინაობა დაუსახელებია. ჯოლბორდტის განცხადებით მას შემდეგ, რაც ტელევიზიით შეიტყო ”ამბოხის” შესახებ,  ”პერიმეტრიდან ჯარისკაცები მოვხსენი” და ”ჩავაბარე იარაღი”. მისი თქმით, თავიდან თავს არ ცნობდა დამნაშავედ, თუმცა დღეს ცნობს, რადგან გაანალიზა, რომ მეთაურის ბრძანება პერიმეტრის დაცვის შესახებ დაუმორჩილებლობის ფონზე შეასრულა.

დავით გვენცაძემ (განსასჯელმა დანაშაულის შეუტყობინებლობაში), რომელიც წარსულში სამართალდამცავ სტრუქტურებში მსახურობდა, განუცხადა სასამართლოს, რომ 2009 წლის აპრილში დაუკავშირდა გია ღვალაძე და უთხრა, რომ საათის მექანიზმზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას გადასცემდა ”დანიშნულების ადგილას” მისატანად, ორი კვირის შემდეგ კი ამ საქმისთვის 50 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა.  გვენცაძემ განაცხადა, რომ თავდაპირველად შეთავაზებას დაეთანხმა, მაგრამ 2 მაისის შეხვედრაზე უარი განუცხადა, ”ვინაიდან არასერიოზულად მივიღე ეს ყველაფერი”.

სასამართლო განსასჯელთა დაკითხვებს მომავალი კვირიდან განაახლებს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23