გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ვიდეო კადრების სახით ფლობს ”უეჭველ მტკიცებულებას”, რომელიც ადასტურებს ბორის ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტს. თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ არ გააჩნია ინფორმაცია ამ ”მკაცრად კონფიდენციალური” ვიზიტის მოტივაციისა და მიზნების შესახებ.
”საქართველოში ბორის ბერეზოვსკის ამასწინდელი ვიზიტის თაობაზე, ქართულ საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია, სრულ წინააღმდეგობაშია ოფიციალური წყაროს მიერ გავრცელებულ ცნობასთან. პატარკაციშვილის ოჯახი საჭიროდ მიიჩნევს, განაცხადოს: ჩვენ ვფლობთ უეჭველ მტკიცებულებას, რაც გამოიხატება ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ჩანაწერისა და თვითმხილველთა ჩვენებით, რომ აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ღამით, 11- 12 სექტემბრის შუალედში 2009 წელს,”- აცხადებს პატრაკაციშვილის ოჯახი 23 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ოჯახის პრესსამსახური აცხადებს, რომ ბორის ბერეზოვსკი თბილისში პატარკაციშვილის სახლში, მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის საფლავზე იმყოფებოდა. ამჟამად პატარკაციშვილის ოჯახი ამ სახლში, სადაც 24-საათიანი სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული და დაცვა იცავს, არ ცხოვრობს და მათთან არც ეს სტუმრობა ყოფილა შეთანხმებული, აცხადებს პრესსამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტი.
ინფორმაცია ბორის ბერეზოვსკის ”საიდუმლო ვიზიტის” შესახებ 19 სექტემბერს სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” პირველმა გაავრცელა და ასევე გამოაქვეყნა ოლიგარქთან მოკლე ინტერვიუ, სადაც ბერეზოვსკი ამ ინფორმაციას არც უარყოფდა და არც ადასტურებდა აცხადებდა რა, რომ ის თავის გადაადგილებებზე კომენტარს არ აკეთებს.
20 სექტემბერს უკვე ქართულმა ტელევიზიებმაც გააშუქეს ეს ინფორმაცია მას შემდეგ, რაც ლეიბორისტებმა ამ თემაზე გამართეს პრესკონფერენცია, სადაც დაისვა კითხვები, თუ რატომ ასაიდუმლოებდა ხელისუფლება ამ ვიზიტს.
”ლონდონიდან თბილისში საიდუმლოდ ჩამოსული ბერეზოვსკი შეხვდა სააკაშვილს, ხოლო ბადრი პატარკაციშვილის საფლავის მონახულებისას მას თან ახლდა გივი თარგამაძე, რომელიც სააკაშვილთან ერთად ბერეზოვსკის და პატარკაციშვილს სახელმწიფო გადატრიალების და ლიტვინენკოზე განხორციელებული რადიაციული ტერაქტის ორგანიზატორად აცხადებდა,”- განაცხადა დეპუტატმა კახა ძაგანიამ ლეიბორისტული პარტიიიდან 20 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქართულ პრესაში გაჩნდა ასევე ვარაუდები, რომ შესაძლოა ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტი ტელეკომპანია ”იმედის” თემასთან იყოს დაკავშირებული.