ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს დეპუტატებს 2010 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა განსახილველად.
პროექტის მიხედვით, 5.107 მლრდ და 5.398 მლრდ ლარამდე გაიზრდება ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები, შესაბამისად.
ბაინდურაშვილმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ბიუჯეტი იმ რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ეკონომიკური კრიზისის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამო წლის ბოლოს ”ეკონომიკა რეცესიაშია შესული” და მისი კლება 2009 წელს 4%-ს შეადგენს, ნაცვლად დაგეგმილი 9%-იანი ზრდისა. ”6.5 %-მდე საბიუჯეტო დეფიციტით მთავრდება წლევანდელი წელი,”- განაცხადა მინისტრმა.
მომავალ წელს, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების გარდა, ყველა სამინისტროს შეეკვეცება დაფინანსება წლევანდელთან შედარებით. მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეუნარჩუნდება არსებული დაფინანსება.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა მთავრობა სოციალური და ჯანდაცვის სისტემის არასაკმარისი დაფინანსების გამო, ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალს წელს ეს სფერო მთლიანი დაფინანსებიდან ”რეკორდულ”, 26%-იან წილს მიიღებს.
მისი თქმით, კვლავ პრიორიტეტული რჩება გზების მშენებლობისა (746 მლნ ლარი 2010 წელს; 606 მლნ ლარი - 2009 წელს) და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
განხილული პროექტის მიხედვით, რომელმაც საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ განიცადოს მცირე კორექტივები, საბიუჯეტო თანხები უწყებებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.592 მლრდ ლარი (2009 წ - 1.534 მლრდ ლარი);
- თავდაცვის სამინისტრო – 750 მლნ ლარი (2009 წ - 897 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 548 მლნ ლარი (2009 წ - 568 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
- ფინანსთა სამინისტრო – 267 მლნ ლარი (2009 წ - 342 მლნ ლარი);
- ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 22 მლნ ლარი (2009 წ - 66.5 მლნ ლარი);
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 847 მლნ ლარი (2009 წ - 869 მლნ ლარი);
- ენერგეტიკის სამინისტრო – 17.9 მლნ ლარი (2009 წ - 57 მლნ ლარი);
- იუსტიციის სამინისტრო – 44 მლნ ლარი (2009 წ - 64 მლნ ლარი);
- სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 119 მლნ ლარი (2009 წ - 119 მლნ ლარი);
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 66.5 მლნ ლარი (2009 წ - 70.6 მლნ ლარი);
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 557.7 მლნ ლარი (2009 წ - 519 მლნ ლარი);
- კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 74.7 მლნ ლარი (2009 წ - 86 მლნ ლარი);
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 53.3 მლნ ლარი (2009 წ - 113 მლნ ლარი);
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 29 მლნ ლარი (2009 წ - 41 მლნ ლარი);
- ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 27 მლნ ლარი (2009 წ - 62.9 მლნ ლარი);
- რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.1 მლნ ლარი (2009 წ - 1.3 მლნ ლარი);
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2009 წ - 1.1 მლნ ლარი);
- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 800 ათასი ლარი (2009 წ - 906 ათასი ლარი).