კვლევა, რომლის მიზანი საქართველოს მედიის მდგომარეობის შესწავლა იყო, აჩვენებს, რომ ახალი ამბებისადმი ინტერესი საქართველოს მოსახლეობაში უაღრესად დიდია და მათი უმეტესობა ტელევიზიებიდან მიღებულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით უყურებს.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევა 10 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ თბილისში ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც მედიის თავისუფლებას მიეძღვნა.
კვლევა რამოდენიმე კომპონენტს ეფუძნება, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის დროსაც ოქტომბერში 1 768 რესპონდენტი გამოიკთხეს; ასევე ინტერვიუებს ფოკუს ჯგუფებში; ინტერვიუებს ჟურნალისტებთან, მედია მენეჯერებთან და მკვლევარებთან და მედია მონიტორინგს, რომლის დროსაც ამა წლის აპრილ-მაისში და სექტემბერ-ოქტომბერში წამყვან ტელევიზიებზე დაკვირვება ხდებოდა.
კვლევის თანახმად, ტელევიზიების მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს ყოველდღიურად რესპონდენტების 84% უყურებს, უმეტესობა, დაახლოებით, ერთი ან ორი საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება, ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს გაზეთები და რადიოსადგურებიც თამაშობენ, ინტერნეტის როლი კი სულ უფრო მზარდია. კვლევის თანახმად, ყოველდღიურად ინტერნეტს გამოკითხულთა 12%-ი მოიხმარს და მათ შორის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელებია.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ყველაზე პოპულარულია საქართველოში და მის საინფორმაციო გადაცემებს ყოველდღიურად რესპონდენტთა 79% უყურებს. კვლევის თანახმად, ”რუსთავი 2”-ის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია; მაშინ როდესაც რესპონდენტთა 59% აცხადებს, რომ ისინი გარკვეულწილად ენდობიან ამ ტელევიზიის ინფორმაციას, 51% ასევე აცხადებს, რომ ”რუსთავი 2”-ის ინფორმაცია ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.
კიდევ ორ ნაციონალურ ტელევიზიას - ”იმედს” და საზოგადოებრივ მაუწყებელს რესპონდენტთა 33% და 51%, შესაბამისად, ხელისუფლების მხარდამჭერ არხებად მიიჩნევს, ხოლო ”იმედის” შემთხვევაში რესპონდენტთა 60% აცხადებს, რომ გარკვეულწილად ენდობა ამ ტელევიზიის ახალ ამბებს.
ორი ტელეკომპანია ”კავკასია” და ”მაესტრო”, რომლებიც ძირითადად თბილისში მაუწყებლობენ, რესპონდენტთა უმეტესობის მიერ ოპოზიციის მხარდამჭერ არხებად მიიჩნევიან - თბილისის რესპონდენტების 68% და 50%, შესაბამისად.
მედია მონიტორინგის კომპონენტზე დაყრდნობით, კვლევაში ნათქვამია, რომ სამი ნაციონალური არხის (”რუსთავი 2”, ”იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი) და ”მაესტროსა” და ”კავკასიის” მიერ ერთი და იგივე მოვლენის გაშუქება შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და მაყურებელს რადიკალურად განსხვავებული ვერსიების ნახვა უწევს.
კვლევის თანახმად, ვინაიდან ახალი ამბების მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ ტელევიზიები მიკერძოეულად გადასცემენ სიახლეებს, ისინი ცდილობენ ყველა არხს უყურონ, რათა ზოგადი სურათი შეიქმნან. თუმცა, ასეთი მიდგომა ძირითადად დედაქალაქშია, რადგან თბილისის გარეთ ნაციონალური არხების ალტერნატიული წყარო ტელესივრცეში ნაკლებად მოიპოვება.
კვლევის თანახმად, მაყურებელთა მოთხოვნა საგამოძიებო რეპორტაჟებზე საკმაოდ დიდია; რესპონდენტთა 75% აცხადებს, რომ ისინი ისურვებდნენ საგამოძიებო რეპორტაჟების ხილვას ჯანდაცვაზე, სასამართლოებზე, არჩევნებზე, სიტყვის თავისუფლების დაცვაზე, ხოლო 64% აცხადებს, რომ აქვთ სურვილი იხილონ საგამოძიებო რეპორტაჟები პოლიტიკოსებსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე.
ამჟამად ჟურნალისტურ გამოძიებებს მხოლოდ ”კავკასია” და ”მაესტრო” გადასცემენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ ამ პოსტზე კენჭისყრის დროს პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში პირველ არხს ექნებოდა ჟურნალისტური გამოძიებები. ეს პირობა ჯერ შესასრულებელი რჩება.
კვლევაში ნათქვამია, რომ ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით, მედია პროფესიონალები უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი.
მედია მკვლევარებთან, ჟურნალისტებთან, მენეჯერებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე კვლევაში ნათქვამია რომ მედია პროფესიონალები ქართულ სატელევიზიო სივრცეს უფრო პოლარიზებულად მიიჩნევენ, ვიდრე გამოკითხული რესპონდენტები. მაშინ როცა გამოკითხულთა 51%-მა განაცხადა, რომ მათი აზრით, ”რუსთავი 2” ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამგვარ შეხედულებას მედიის წარმომადგენელთა 94% ემხრობა.
მედია ექსპერტებს, კვლევის მიხედვით, მიაჩნდათ, რომ საზოგადოება იმაზე მეტად არ ენდობა ტელევიზიებს, ვიდრე ეს გამოკითხვამ აჩვენა. მაგალითად, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ ისინი გარკვეულწილად მაინც ენდობიან ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციას, მაშინ როდესაც მედია პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი 28%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა, დაახლოებით, 47% ნაწილობრივ ან სრულად ენდობა ქართულ მედიას - ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში 43%-ს, ხოლო სომხეთში - 39%-ს შეადგენს.