საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატმა გია თორთლაძემ დღეს პარლამენტში ე.წ. პატრიოტის აქტის ოფიციალური ინიცირება მოახდინა, რომლის ძირითად მიზანს, მისი თქმით, ანტიტერორისტული ქმედებების კოორდინირება წარმოადგენს.
კანონპროექტის პრეზენტაციაზე თორთლაძემ, რომელიც დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელია, განაცხადა, რომ მისი ამ ინიციატივის ირგვლივ ატეხილი ”აჟიოტაჟი უსაფუძვლო” იყო, რადგან ის არ ითვალისწინებს სატელეფონო მოსმენებს, უნებართვო ჩხრეკებს და ელექტრონული ფოსტის კონტროლს.
სტრატეგიული ობიექტების ვიდეო-თვალთვალი, ასევე იმპორტისა და რეექსპორტის სახით შემომავალი ტვირთებისა და საბანკო გადმორიცხვების კონტროლი ის ძირითადი საკითხებია, რაზეც საუბარია ”ანტიტერორისტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” კანონპროექტში - ეს თორთლაძის ინიციატივის ოფიციალური სახელწოდებაა.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთიდან ფიზიკურ და იურიდიული პირებზე, მათ შორის ”საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე” გადმორიცხული 10 ათას ლარზე მეტი თანხები დაექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის მონიტორინგს. მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ ის გარიგება ექვემდებარება მონიტორიგს, რომელიც 30 ათას ლარს აჭარბებს; ამ მონიტორინგს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახორციელებს.
”ის კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც მიიღებენ თანხას, მათ უნდა დაასაბუთონ საიდან არის ეს თანხები, აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ იქნება არაკანონიერად გამოყენებული ეს აქტი პოლიტიკური მიზნით,”- განუცხადა Civil.ge-ს თორთლაძემ.
კანონპროექტის მიხედვით, შსს-მ უნდა განახორციელოს აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, მეტროპოლიტენის, სტრატეგიული ხიდების, ელექტროსადგურების, ”საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სხვა განსაკუთრებული ობიექტების” ვიდეო-სათვალთვალო კამერებით აღჭურვა და მათი დაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვა.
გარდა ამისა, შსს-ს, საბაჟო სამსახურებთან ერთად კანონპროექტი ანიჭებს უფლებამოსილებას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით შემოსული ”საეჭვო” ტვირთების გახსნასა და დათვალიერებაზე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული ”პირობითი საზღვრების” მონიტორინგს.
თორთლაძის თქმით, ასეთი აქტის მიღება გააძლიერებს ისეთ ”ტერორისტულ აქტებთან” ბრძოლას და პრევენციას, როგორიცაა ბოლო დროს გახშირებული შემთხვევები: რკინიგზაზე და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი აფეთქებები, ადამიანთა გატაცებები ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა ისედაც ავალდებულებს სამართალდამცავებს აღნიშნული ღონისძიებების გატარებას, თორთლაძის თქმით, აქტის მიღება ”უფრო მეტ ბერკეტებს მისცემს” ძალოვანებს ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლისთვის.
პატრიოტის აქტის შესახებ ინიციატივა აქამდე ორჯერ დააყენა ხელისუფლებამ - ერთხელ 2006 წელს და მეორედ აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ”პატრიოტის აქტი” სჭირდება, რათა წინ აღუდგეს საგარეო ინტერვენციის გზით მთავრობის ჩამოგდების მცდელობას.
თუმცა ამ იდეას რაიმე განვითარება არ მოჰყოლია და დღემდე არც რაიმე დაწერილი პროექტი ყოფილა წარმოდგენილი. თორთლაძის მიერ ამ საკითხის ხელახლა წამოწევასთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამოთქვა ეჭვი, რომ ამ ინიციატივის უკან ისევ ხელისუფლება დგას.