საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის მიერ ოქტომბერში წარმოდგენილ ეკონომიკური თავისუფლების აქტის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, უკვე ინიცირებულია.
ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღებისა ან გაზრდის, ”ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატების ან გაფართოვების” საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტას; რეფერენდუმის დანიშვნის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი, რომლის საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით პარლამენტში წარდგენამ კომისიის ხელმძღვანელობის გულისწყრომა გამოიწვია, ასევე ითვალისწინებს ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპების და მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზღვარის დადგენას ორგანული კანონის მეშვეობით, რომლის პროექტიც ასევე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ვებ-გვერდზე.
”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტით, აქციზის გარდა, ყველა დღეს მოქმედი გადასახადი (მოგების, საშემოსავლო, დღგ, ქონების, საბაჟო გადასახადები) მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება შეიცვალოს.
ასევე კანონპროექტის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც: ბიუჯეტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან უნდა იყოს არაუმეტეს 30%; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან არაუმეტეს 3%; სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან არაუმეტეს 60%.
თუ ეს მაჩვენებლები დაირღვევა, მთავრობა ვალდებულია პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს დადგენილ ზღვრებში დაბრუნების სამწლიანი გეგმა. გამონაკლისის სახით აღნიშნული ზღვრებიდან გადაცდენა, კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის და ასევე ეკონომიკური რეცესიის დროს.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან დაახლოებით, 8%-ია, ხოლო მომავალი წლის პროგნოზით ეს მაჩვენებელი 6%-ზეა გათვლილი. 2010 წლისთვის სახელმწიფო ვალის მშპ-სთან 46%-იანი შეფარდებაა პროგნოზირებული.
ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დაუშვებელია ამ კანონის ძალაში შესვლისთვის არსებული ლიცენზიების და ნებართვების ოდენობის გაზრდა, თუმცა უკვე მოქმედის გაუქმების ხარჯზე ახალი სახეების შემოღება შესაძლებელია.
ასევე იკრძალება ამ კანონის ძალაში შესვლისთვის არსებული მარეგულირებელი ორგანოების გაზრდა; ასევე სახელმწიფო ორგანოებს არ შეეძლებათ რაიმე ფასების/ტარიფების დაწესება და კონტროლი; სახელმწიფოს აეკრძალება კომერციული ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის წილის ფლობა.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური, ჯანმრთელობისა და განათლების ხარჯების ბენეფიციარი იქნება მოქალაქე და არა ინსტიტუტები.
კანონპროექტი ასევე მოიცავს შრომის თავისუფლების, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობისა და სატარიფო და ტექნიკური ბარიერების გარეშე თავისუფალი ვაჭრობის უფლების ზოგად პრინციპებს.