Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჰამერბერგი დაკარგული და დაკავებული პირების შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'09 / 12:21

“მძევლად აყვანა” მიუღებელი უნდა იყოს და საჭიროა დაკარგული პირების საქმეების საერთაშორისო ზედამხედველობით გამოძიება, განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა 3 დეკემბერს თბილისში. 

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა, რასაც წინ უძღოდა მისი  რამოდენიმე დღიანი მოლაპარაკებები თბილისსა და ცხინვალში, რის შედეგადაც ორივე მხრიდან შვიდი ადამიანი განთავისუფლდა, მათ შორის ორი ქართველი მოზარდი და ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქე.

დარჩენილი ორი ქართველი მოზარდი კვლავ პატიმრობაში იმყოფება ცხინვალში, თუმცა ჰამერბერგმა გაიმეორა, რომ მან ”ძალიან მყარი დაპირება” მიიღო სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობისგან, რომ ორ მოზარდს 13 დეკემბერს დილით გაათავისუფლებენ, მას შემდეგ, რაც მათ საქმეს ზედა ინსტანციის სასამართლო განიხილავს.

იგი მოერიდა გამოეყენებინა ტერმინი დაკავებულთა ”გაცვლა” როდესაც 2 დეკემბერს დაკავებულთა ორმხრივ განთავისუფლებებზე საუბრობდა. ”არა მგონია, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ადამიანებით ვაჭრობაში; ეს არასწორია,” - განაცხადა მან.

ამ ტერმინის გამოყენებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ერიდებიან, რომლებიც თავს იკავებენ საჯარო განცხადებებისგან ხუთი ოსის გათავისუფლებაზე. ეს ხუთი კაცი სხვადასხვა ბრალდებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დააკავეს (ოთხი 2008 წლის ოქტომბერში, ხოლო ერთი - 2009 წლის გაზაფხულზე). საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 2009 წლის აგვისტოში ხუთივე მამაკაცი გაათავისუფლეს - ზოგიერთი გირაოთი და ზოგიც გაამართლეს - რათა შემდეგ ისინი ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ქართველებში გაეცვალათ. თუმცა, დაკავებულთა გაცვლა ჩაიშალა და მას შემდეგ ქართულ მხარეს ეს ხუთი პიროვნება გორში ყავდა დაკავებულები.

”თუ ვინმეს სასამართლო გაამართლებს, ისინი უნდა გათავისუფლდნენ,” - განაცხადა ჰამერბერგმა.   
  
კითხვაზე ჯდება თუ არა ამ ხუთი პიროვნების საქმე ”მძევლების აყვანის” კატეგორიაში, ჰამერბერგმა უპასუხა: ”იცით, მე ერთდროულად ადამიანის უფლებათა დამცველიც ვარ და დიპლომატიც.”

”ზოგჯერ, გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს ამ ორს შორის; ამის თაობაზე ჩემს მოხსენებაში ძალიან ნათლად დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას,” - დასძინა მან.

მას მხედველობაში ჰქონდა მისი მომავალი მოხსენება, რომელიც შეეხება იმ ექვსი პრინციპის განხორციელებას, რომელიც მან აგვისტოს ომის შემდეგ წარმოადგინა ომგამოვლილ რაიონებში ადამიანის უფლებათა დასაცავად.

შემოთავაზებები

ჰამერბერგმა განაცხადა, რომ ორი ქართველი მოზარდის გარდა, რომლებიც კვლავაც ცხინვალში რჩებიან, კიდევ არსებობს დაკავებულ პირთა სხვა საქმეებიც.

მისი თქმით, თბილისმაც და ცხინვალმაც მას გადასცეს იმ პირთა სიები, რომლებიც კვლავ პატიმრობაში რჩებიან ორივე მხარეს და რომლებიც, მხარეთა აზრით, უნდა განთავისუფლდნენ.

ჰამარბერგმა ასევე განაცხადა, რომ მან შესთავაზა თბილისს და ცხინვალს უზრუნველყონ ოჯახების ვიზიტები ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს მათი დაკავებული ნათესავების მოსანახულებლად. მისი თქმით, მან ამ შემოთავაზებაზე ორივე მხარისგან ”დადებითი გამოხმაურება” მიიღო.

ჰამერბერგის თქმით, კიდევ ერთი ”სერიოზული პრობლემა” უკავშირდება დაკარგულ პირებს, რომლებიც ორივე მხრიდან არსებობენ. მისი თქმით, მან მოუწოდა თბილისს და ცხინვალს ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგან, რათა ეს საქმეები დამაჯერებლად გაარკვიონ.

მან ყურადღება შეაჩერა სამი ოსი ეროვნების მოქალაქის საქმეზე, რომლებიც 2008 წლის 13 ოქტომბრიდან დაკარგულად ითვლებიან მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. სამხრეთ ოსურმა მხარემ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით არის გადაღებული,  სადაც ჩანს, რომ ამ სამ პიროვნებას უცნობი პირები უყვირიან და ურტყამენ. ცხინვალის თქმით, ეს უცნობი პირები ქართველი სამართალდაცავები არიან. თუმცა თბილისი უარყოფს ამ ბრალდებას. გაურკვეველია, როგორ მოიპოვა სამხრეთ ოსურმა მხარემ ეს ვიდეო მასალა.

”შეიძლება ვინმე უკვე ფიქრობს, რომ ისინი [სამი ოსი ეროვნების მოქალაქე] ცოცხლები აღარ არიან, რადგანაც ისინი არც ერთ ციხეში არ იმყოფებიან,” - განაცხადა ჰამერბერგმა.

”ამ სამის და ასევე სხვების საქმეების გამოძიება არ უნდა წარიმართოს ჩვეულებრივი, რუტინული წესით; საჭიროა ეს უფრო სანდო გზით წარიმართოს და მე შევთავაზე საერთაშორისო ზედამხედველობა, რათა მისი შედეგები ორივე მხარემ ირწმუნოს,” - განაცხადა ჰამერბერგმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ზედამხედველობის ეს ინიციატივა საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად მიიღო; თუმცა, მისი თქმით, მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობა, ჯერ კიდევ დასადგენია.

”კრიტიკული ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ”

კითხვაზე იყო თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომა დაბალანსებული ცხინვალთან და თბილისთან მიმართებაში დაკავებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებით, თომას ჰამერბერგმა უპასუხა, რომ ის ”უკიდურესად კრიტიკულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ რამოდენიმე საკითხის გამო”.

კითხვის კონტექსტი უკავშირდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დუმილს საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისუფლება აღკვეთილ ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მისიას განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ამ საქმეზე ის ინფორმაციას ფლობდა.

ჰამერბერგმა განაცხადა, რომ მას არ სურს თითის გაშვერა რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისკენ, თუმცა აღნიშნა: ”მიმაჩნია, რომ რამოდენიმე საკითხის დღის წესრიგში დაყენება და განხილვა არ მომხდარა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო”.

”მგონია, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო სიღრმისეულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხებს და შეეცადოს დაიცვას რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონფლიქტის მსხვერპლნი არიან,” - განაცხადა მან.

ჰამარბერგმა განაცხადა, რომ იგი თანამშრომლობს და ინფორმაციას ცვლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და დასძინა, რომ მისია ”კარგ საქმეს აკეთებს”.

ჰამერბერგის თქმით, რიგ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება რთულია ე.წ. ”ჩუმ დიპლომატიასა” და ”საჯარო გამოსვლებს” შორის - აქ ის გულისხმობდა საჯარო განცხადებების გაკეთებას და კონკრეტული ქმედებების დაგმობას.

ცოტა ხნის წინ თავად ჰამერბერგი გააკრიტიკეს ქართველმა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან მისი, როგორც დეპუტატებმა თქვეს, ”უმოქმედობის” გამო და ქართველი მოზარდების დაკავების წინააღმდეგ ”ხმამაღალი” და ”მწვავე” განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავების გამო.

თუმცა, ჰამერბერგმა განაცხადა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ”ჩუმი დიპლომატიის” ტაქტიკით მოქმედებდა და ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია, ”რადგანაც მე ვიცოდი, რომ თუ საჯაროდ გამოვიდოდი და დავგმობდი რაღაცეებს, მერე ძალიან რთული იქნებოდა დიალოგის გამართვა”.

მან ასევე განაცხადა, რომ ვინც ჩუმ დიპლომატიას მისდევს ისინი ამავე დროს აქტიურებიც უნდა იყვნენ. ”რადგანაც ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ჩუმი დიპლომატია გამოყენებულ იქნება უბრალოდ ფრაზად და სინამდვილეში კი შეიძლება საკმარისად აქტიური არ იყო,”- განაცხადა მან.

ჰამერბერგის თქმით, დაკავებულთა ბოლოდროინდელმა გათავისუფლებებმა შექმნა ”დადებითი იმპულსი”, რომელიც უნდა გამოიყენონ როგორც მხარეებმა, ისე საერთაშორისო თანამეგობრობამ.

”უბრალო ხალხი”

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, ყველა ის პიროვნება - უკვე გათავისუფლებული ან პატიმრობაში მყოფი, რომლებსაც ის შეხვდა - არიან ”უბრალო ხალხი, რომელთა აქტუალობა დაიკარგა ამ პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში”.

”ჩემი მთავარი გზავნილი ხელისუფლების მიმართ ის არის, რომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას რიგითი, უბრალო ხალხის დასაცავად ამ კონფლიქტის შედეგებისგან,” - განაცხადა ჰამერბერგმა. 

”საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანური კუთხით მოეკიდონ ამ კონფლიქტს,” - აღნიშნა ჰამერბერგმა.

”და თუ ორივე მხარის ხელისუფლება მთხოვს განვაგრძო მუშაობა ამ მიმართულებით, მე განვაგრძობ,” - დასძინა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12