პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლების 191.9 მლნ ლარით და ხარჯების 212.6 მლნ ლარით შემცირების თაობაზე.
შესაბამისად, წლის მიწურულს ბიუჯეტის საპროგნოზო მთლიანმა შემოსავლებმა 6.46 მლრდ ლარი და ხარჯებმა 6.95 მლრდ ლარი შეადგინა.
ეს წელს ბიუჯეტის უკვე მეორე კორექტივებაა მას შემდეგ, რაც ივლისში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 500 მლნ ლარით შემცირდა.
ცვლილებები, რომლის პარლამენტში განხილვის შემდეგ პირვანდელმა ვარიანტმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა, ითვალისწინებს ხარჯების ზრდას მხოლოდ ორი მიმართულებით: 35 მლნ ლარი მეწარმეებს დეკემბრის განმავლობაში უკან დაუბრუნდებათ, მათ მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით; და რაჭასა და კახეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ 22 მლნ ლარი გამოიყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის.
ყველა სხვა მიმართულებით ცვლილებები დაფინანსების კლების მხრივ განხორციელდება.
კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს წელს დამატებით 25.8 მლნ ლარი, ყველაზე მეტი თანხა ჩამოეჭრება, მას შემდეგ, რაც ივლისში განხორციელებული 45 მლნ ლარიანი პირველი კლების შედეგად მისმა ბიუჯეტმა 905 მლნ ლარი შეადგინა.
თანხები ასევე შეეკვეცებათ: 11.6 მლნ ლარით - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს; 8 მლნ ლარით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს; 5.0 მლნ ლარით - საგარეო საქმეთა სამინისტროს; 3.0 მლნ ლარით - ფინანსთა სამინისტროს; 500 ათასი ლარით - მთავრობის კანცელარიას; 200 ათასი ლარით - პრეზიდენტის ადმინისტრაციას; 75 ათასი ლარით - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
იმავდროულად, ბიუჯეტში აისახება ის ხარჯები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ე.წ. ფინანსური პოლიციის 1 დეკემბრიდან ამოქმედებას უკავშირდება.
ამასთან, პარლამენტმა ”ხარჯების ეკონომიით” 2.4 მლნ ლარით შეიმცირა წლევანდელი დაფინანსება, რომელიც 39.9 მლნ ლარს შეადგენდა.
ასევე 5.4 მლნ ლარით მცირდება საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და 62.6 მლნ ლარით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების დაფინანსება.
ასევე, 45 მლნ ლარით მცირდება წელს პრივატიზაციიდან დაგეგმილი თანხები.
ამასთან, წელს დაგეგმილი გრანტების, მათ შორის ევროკავშირიდან მისაღები თანხების ოდენობა მცირდება 92.3 მლნ ლარით და შეადგენს 463.2 მლნ ლარს. ივლისში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით გრანტების საპროგნოზო მოცულობა 110.5 მლნ ლარით გაიზარდა.
გარდა ამისა, საბიუჯეტო კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ამბობს: ”წლის განმავლობაში მისაღები საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების ჩამორიცხვის ტენდენციების გათვალისწინებით განხორციელდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება (შემცირება) 171.8 მლნ ლარით”.
იმავდროულად, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი მცირდება - 49.2 მლნ ლარით; დღგ - 95.7 მლნ ლარით; აქციზი - 12.6 მლნ ლარით, თუმცა 22.6 მლნ ლარით იზრდება მოგების გადასახადიდან მისაღები თანხები და ასევე 14.1 მლნ ლარით მეტს ელის მთავრობა ”სხვა გადასახადიდან”.