- სააკაშვილი: ”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მტრის შემოტევის მოსაგერიებლად”;
- კლინტონი: ”ჩვენ არასდროს ვცნობთ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს”.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღების გაგრძელება ”სერიოზულ პრობლემას” წარმოადგენს. ეს საკითხი მან ბრიუსელში 4 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილა.
”ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ რისკებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოსთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას. ვიმედოვნებთ, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა საჭირო დასკვნები გამოიტანეს შარშანდელი აგვისტოს ომიდან,” - განაცხადა ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოსთვის იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება. ზოგიერთი შეფასებების თანახმად, საქართველოს ომამდე არსებული სამხედრო პოტენციალი უკვე აღდგენილია,” - განაცხადა მან.
”და ძირითადად შემტევითი იარაღის მიწოდება ხდება საქართველოსთვის. ვიმედოვნებ, ყველას ესმის, რამდენად რისკიანია ამ რეჟიმის შეიარაღება. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში,” - განაცხადა ლავროვმა.
4 დეკემბერს საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციის ფონზე, ”საქართველოს შეიარაღებული ძალები მუდმივად მაღალ დონეზე მომზადებული უნდა იყვნენ”.
”მტერი მუდმივად ფიქრობს ახალ პროვოკაციებზე და შემოტევაზე. ქართული სახელმწიფოს მთავარი მიზანი ოკუპანტისგან ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაა. ყველა ჩვენი მოქმედება მიმართულია ამ მიზნის მშვიდობიანად მიღწევისკენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვიგერიოთ მტრის ახალი შემოტევები,” - განაცხადა სააკაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით და დასავლეთის მოწოდებებს ამგვარი ქმედებისკენ ”ძველი კლიშე” უწოდა, რომელიც არ ითვალისწინებს ”სამხრეთ კავკასიაში ადგილზე არსებულ რეალურ სიტუაციას”.
თავის დასკვნით განცხადებაში ბრიუსელში შეკრებილმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ მოუწოდა რუსეთს ”გააუქმოს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება”.
ლავროვმა ამგვარი ფორმულირება გააკტირიკა და განაცხადა, რომ ეს მიდგომა აგვისტოს ომამდელი გადმონაშთია და ”მიმაჩნია, რომ ეს უნდა დამთავრდეს”.
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მან შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დააყენა.
”მე ნათლად განვაცხადე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, რომ ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, რომ ჩვენი სურვილია, რომ რუსეთმა იმუშავოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდეს, და რომ მივესალმებით მონიტორინგის სისტემის შექმნას, რომელიც შეეცდება თავიდან აიცილოს ვითარების ესკალაცია,” - განაცხადა კლინტონმა.