ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომხდარიყო მემორიალის დემონტაჟი, ოპოზიცია აპროტესტებდა. |
აფეთქების შედეგად, რომლითაც ქუთაისში ”დიდების მემორიალის” დემონტაჟი მოხდა, დედა და მისი 11 წლის გოგო დაიღუპა.
მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, განაცხადა, რომ ტრაგედია, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც იტყობინებიან, აფეთქების შედეგად რამოდენიმე ადამიანია დაშავებული, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ უცნობი რჩება.
46-მეტრიანი მონუმენტის დემონტაჟი იმ მიზნით განხორციელდა, რომ იმ ადგილას პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაა დაგეგმილი.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, მომხდარიყო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის დემონტაჟი, ოპოზიციური პარტიების პროტესტს იწვევდა. 18 დეკემბერს მემორიალთან პროტესტის ნიშნად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი მოსაზრების გათვალისწინების გარეშე იყო მიღებული.
მემორიალის დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოები 12 დეკემბერს დაიწყო და როგორც ქართული მედია იტყობინებოდა, საბოლოო ფაზა, რომელიც კომპლექსის ძირითადი ნაწილის აფეთქებას მოიცავდა, 21 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
მემორიალის დემონტაჟის გამო განცხადებები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელეს. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მემორიალის დემონტაჟი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისადმი საქართველოს ხელისუფლების ”უპატივცემულო” დამოკიდებულების გამოვლენა იყო.
18 დეკემბერს ამ განცხადების საპასუხოდ საქართველოს საგარეო უწყებამ კომენტარი გაავრცელა, რომლიდანაც არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება რომ მემორიალის აფეთქება იყო დაგეგმილი.
წერილობითი კომენტარის სათაურია ”ქუთაისში დიდი სამამულო ომის მებრძოლების ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით”. თავად ტექსტში კი ნათქვამია: ”გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძეგლი ძლიერ დაზარალდა 90-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები. ამის შედეგად, აღნიშნული მემორიალი საჭიროებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.”
კომენტარში ასევე ნათქვამია: ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია უზნეო ჩვევა მუდმივად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.”
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, კომენტარში მოყვანილი "გადატანა" და "რეაბილიტაცია" ეხებოდა მემორიალური კომპლექსის "მთავარ ნაწილს" – მხედრის ძეგლს და არა აფეთქებულ ნაწილს.