Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის სასამართლო პროცესი დასკვნით სტადიაში შედის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 დეკ.'09 / 23:03

მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი საქმის სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს დასკვნით ფაზაში შევა, როდესაც სასამართლო კამათის ეტაპზე გადავა.

23 დეკემბერს დაგეგმილია პროკურორის დასკვნითი საბრალდებო სიტყვა, ხოლო შემდეგ სხდომებზე სასამართლო უკვე დაცვის დასკვნით განცხადებებს მოისმენს.
 
საქმის ერთ–ერთი მთავარი შეკითხვა არის იყო თუ არა 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში განთავსებულ ჯავშან-სატანკო ბატალიონში და თბილისის რეინჯერთა ბატალიონში განვითარებული მოვლენები მხოლოდ რამოდენიმე სამხედრო მეთაურის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა, თუ ეს მოვლენები უფრო ფართო შეთქმულების ნაწილი იყო, რომლის საბოლოო მიზანსაც სამხედრო ძალით ხელისუფლების დამხობა წარმოადგენდა.
 
პროცესის რამოდენიმე მთავარმა ფიგურამ, მათ შორის ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა შოთა (მამუკა) გორგიაშვილმა და რეინჯერთა ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა ლევან ამირიძემ უარყვეს ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობასთან დაკავშირებული ბრალდებები, თუმცა დაუმორჩილებლობის ნაწილში აღიარეს დანაშაული. გორგიაშვილი თავიდან ორივე ბრალდებას აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება კობა კობალაძეს, რომელიც 2004 წელს შეიარაღებული ძალებიდან წასვლამდე ეროვნული გვარდიის მეთაური იყო.
 
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ კობალაძე ამბოხის და დაგეგმილი გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.  ეს ბრალდება ერთდაერთ გარემოებას ეფუძნება - ეს არის გია ღვალაძის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ კობალაძეს და ამბოხის კიდევ რამოდენიმე ორგანიზატორს აპრილის ბოლოს მცხეთაში, რესტორანში შეხვდა რათა ამბოხების გეგმა განეხილათ. წინასწარ გამოძიებაში ღვალაძეს ნათქვამი ქონდა, რომ შეხვედრა მარტის ბოლოს შედგა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც, როგორც კობალაძის ადვოკატები აცხადებენ, მათმა კლიენტმა მარტის ბოლოზე მტკიცე ალიბი წარმოადგინა, ღვალაძემ ჩვენება შეცვალა და აპრილის ბოლო დაასახელა, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი ვერ მიუთითა.
 
ღვალაძესაც სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ამბოხი ბრალდებოდა. მან ბრალდების მხარესთან საპროცესო გარიგება სექტემბრის ბოლოს მას შემდეგ დადო რაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა დაასრულა. შედეგად მას ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. 
 
კობალაძის ადვოკატებმა 17 დეკემბერს შუამდგომლობა დააყენეს ღვალაძის ჩვენებების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ. მათი არგუმენტი იყო რომ ღვალაძეს წინააღმდეგობრივი ჩვენებები ქონდა მიცემული. თუმცა მოსამართლემ  შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით რომ ღვალაძის მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს შორის ”არსებითი განსხვავება” არ ყოფილა.
 
სამოქალაქო პირები მუხროვანში
 
პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კობა ოთანაძის საქმე. ბრალდების მხარის მტკიცებით, ოთანაძე ამბოხის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია, რომელიც, სხვა ქმედებებთან ერთად, სამოქალაქო პირებს და ყოფილ სამხედროებს აგროვებდა ამბოხში მონაწილეობის მისაღებად. ის 5 მაისს განვითარებული მოვლენების დროს მუხროვანში იმყოფებოდა.
 
სწორედ მის სახელს უკავშირდება რამოდენიმე სამოქალაქო პირი რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. 15 დეკემბერს გამართულ პროცესზე რამოდენიმე მათგანმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა.

რამოდენიმე მათგანმა უარყო, რომ 5 მაისს მუხროვანის ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო სხვებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი 5 მაისს მუხროვანში იმყოფებოდნენ, მათი იქ ყოფნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდებოდა. 

ბრალდების მხარის ბევრმა მოწმემ, რომლებიც იმ დროს მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, განუცხადეს სასამართლოს წინა სხდომებზე რომ მათ 5 მაისს დაინახეს რამოდენიმე შეიარაღებული ”არა სამხედრო” პირი ბაზის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ბატალიონის მეთაურმა შოთა გორგიაშვილმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
 
განსასჯელებს შორის ამჟამად 12 სამოქალაქო პირია, რომლებიც, ბრალდების მხარის თქმით, 5 მაისს მუხროვანში იმყოფებოდნენ. მათგან შვიდს ბრალი ედება ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებაში მონაწილეობაში და იარაღის უკანონოდ ტარებაში. დანარჩენებს - დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევასა და იარაღის უკანონო ტარებაში.
 
ეს თორმეტი განსასჯელი პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს - პირველი, რომელშიც ხუთი ადამიანი შედის (ზურაბ მიქაძე; ზაზა მურჯიკნელი; ირაკლი თოფურიძე; ნიკოლოზ ბიბილაშვილი და ვაჟა ხუცურაული) და რომელიც აღიარებს რომ 5 მაისს მუხროვანში იყო და კიდევ ორი (ერთში შედიან ზვიად ჯაჭვაძე; იმედა საღინაშვილი; ვაჟა საღინაშვილი და ვანო საბაშვილი; ხოლო მეორეში - ალექსანდრე ბეგოიანი; ბესიკ ფოცხვერაშვილი და ბექა გრიგალაშვილი) - რომლებიც აცხადებენ, რომ 5 მაისს მუხროვანში არ იმყოფებოდნენ.
 
პირველ ჯგუფში შემავალმა განსასჯელებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ 5 მაისს ისინი მუხროვანში დაახლოებით 9 საათისთვის ავიდნენ – იმ დროსთვის ჯავშან–სატანკო ბატალიონის მეთაურს დაუმორჩილებლობა უკვე გამოცხადებული ქონდა. მათი თქმით, სამ მათგანს წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა ჰქონდათ ბატალიონის მეთაურთან ბაზაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით; როგორც მათ თქვეს, მათ ბატალიონის მეთაურთან რეკომენდაცია კობა ოთანაძემ გაუწია. მათივე თქმით, კიდევ ორი პიროვნება (მიქაძე და თოფურიძე) უბრალოდ თან გაყვნენ.
 
მეორე ჯგუფში შემავალმა განსასჯელებმა თქვეს რომ ისინი მანქანით თელავში პირად საქმეზე მიდიოდნენ და მაშინ დააპატიმრეს როდესაც მუხროვანის ახლომდებარე სოფელს გადიოდნენ. მესამე ჯგუფის განსასჯელების თქმით კი ისინი სოფელ უჯარმასთან იმყოფებოდნენ როცა დააკავეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მუხროვანში წაიყვანეს.

ყველა მათგანმა განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში აღიარებითი ჩვენების მიცემა ”ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ” მოუხდათ. აღსანიშნავია რომ სასამართლო პროცესების დაწყებისას რამოდენიმე მათგამნა წაყენებული ბრალი აღიარეს, თუმცა მოგვიანებით მათ გადათქვეს და განაცხადეს რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.
 
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ განსასჯელთა სამივე ჯგუფს აერთიანებს არის ის რომ თითოეულ ჯგუფში, სულ ცოტა, ერთი პიროვნება მაინც არის რომელიც დიდი ხანია რაც კობა ოთანაძეს იცნობს; ზოგიერთი მათგანი 90-იან წლებში მისი მეთაურობის ქვეშ მსახურობდა ჯარში. 
 
მიუხედავად ქართველი მაღალჩინოსნების თავდაპირველი განცხადებებისა რომ მუხროვანის მოვლენები შესაძლოა რუსეთის მიერ ყოფილიყო მართული, მუხროვანის პროცესის საბრალდებო დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ ამბოხს რუსეთთან ქონდა კავშირი. როგორც ბრალდების საქმის მასალებშია აღნიშნული, გამიძიებით უკვე დადგენილ ორგანიზატორებს გარდა, საქმეში კიდევ იყო ”გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირებიც.“

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27