პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღებასა ან ზღვრული განაკვეთის გაზრდას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, აქციზის გადასახადი იქნება გამონაკლისი, რომლის გაზრდასაც რეფერენდუმის დანიშვნა არ დასჭირდება. რეფერენდუმის დანიშვნის ექსკლუზიური უფლება ექნება მხოლოდ პრეზიდენტს.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, გადასახადების კლებაზე რეფერენდუმის დანიშვნა არ იქნება საჭირო.
მისი თქმით, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება მთავრობის საკმაოდ ”თამამი” გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის, რადგან გადასახადის ზრდის რთული მექანიზმი მათ უფრო მეტ სტაბილურობის განცდას გაუჩენს.
საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნული ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის მიერ ოქტომბერში გახმოვანებული ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” ნაწილია, შეაფასა, როგორც ”ძალიან პოპულისტური” ნაბიჯი.
დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ ამ ინიციატივამ გამოუვალ მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ხელისუფლება, რადგან თვითონ იგებს ”ხაფანგს” და არ იტოვებს კონკრეტულ ეკონომიკურ ვითარებაში გონივრული საგადასახადო პოლიტიკის გატარებისა და ლავირების საშუალებას.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ქრისტიან-დემოკრატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებას ახორციელებს ”თვალის ასახვევად ცალკეული უცხოური კოპანიებისათვის” მაშინ, როცა რეალობაში ”ბიზნესის უკიდურეს დევნას ახორციელებს” საგადასახადო სამსახურების მეშვეობით. მან ასევე პრეტენზია გამოთქვა იმის გამოც, რომ აღნიშნული ცვლილება საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით და მისი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე ხორციელდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების სამივე მოსმენის მიღების შემდეგ, პარლამენტი განიხილავს ”ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“ ორგანულ კანონპროექტს, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებსა და მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზღვარს დაადგენს.