პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო აცხადებს, რომ ”პრინციპულად მიუღებლად” თვლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და მოუწოდებს დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ კუთხით.
”პოლიტიკური სპექტრის თითოეულმა წარმომადგენელმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და სწორედ საკუთარი პოზიციით არჩევნების მართლზომიერებასა და შედეგებზე ხელისუფლებასთან ერთად სრული პასუხისმგებლობა აიღოს,”- ნათქვამია პარტიის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
არსებულ გარემოში, როცა ხელისუფლებამ ”დაამტკიცა, რომ მას დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის არანაირი სურვილი არ გააჩნია”, ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ მოსალოდნელია ”საარჩევნო ფარსი“, რომელიც ”მოემსახურება ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული გზით მოპოვებული ძალაუფლების დაკანონებას და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას”.
”მიუხედავად ამისა, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას მაინც სჯერა ხელისუფლების და რატომღაც ცდილობს, წინასწარ წაგებულ თამაშში ჩართვას. იმ თამაშში, სადაც მთავარი მსაჯი საქართველოს პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრია. შედეგად ვიღებთ საქართველოს მოსახლეობისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მცდარი მოლოდინებისა და ილუზიების შექმნას,”- აცხადებს ბურჯანაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და საფრთხეებს ადგილობრივი არჩევნები ვერ მოაგვარებს და ამისთვის საჭიროა საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევა, რათა მოხდეს ”რეალური და არა ფასადური ცვლილებები”.
განცხადების თანახმად, ბურჯანაძე ”ხელისუფლების უსწრაფესად შეცვლის” პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს.
ბურჯანაძის პარტიის მსგავსად, ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.