Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმე: სასამართლო განსასჯელთა ბოლო სიტყვას ისმენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'09 / 18:44

29 დეკემბერს მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სასამართლო პროცესზე განსასჯელთა ბოლო სიტყვის მოსმენა დაიწყო, რომელიც 8 იანვარს დასრულდება; ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

ყველაზე მეტ ინტერესს იმ განსასჯელთა საბოლოო განცხადებები იწვევდა, რომლებიც საქმის მთავარი ფიგურები არიან და რომლებმაც უარი თქვეს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. მათ შორის ერთ-ერთი მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაური შოთა (მამუკა) გორგიაშვილია, რომელმაც 2009 წლის 5 მაისს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სასამართლოზე მან აღიარა მის წინააღმდეგ წაყენებული ორივე ბრალდება - ამბოხი ხელისუფლების დამხობის მიზნით და დაუმორჩილებლობა - სექტემბრის ბოლოს გორგიაშვილმა შეცვალა პოზიცია და სასამართლოს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნაწილში ცნობდა.

გორგიაშვილმა, ვისთვისაც ბრალდების მხარემ 19-წლიანი პატიმრობა მოითხოვა, სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა იმაზე,  რომ მის მიერ წინასწარი გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები საჯარო გამხდარიყო. 

”ყველაზე მეტი შეკითხვა ჩემს მიმართ შეიძლება ყოფილიყო, თუ რა მოხდა მუხროვანში, მაგრამ მე ჩვენება არ მივეცი [სასამართლოს],” - განაცხადა მან თავის ბოლო სიტყვაში 29 დეკემბერს. 

”აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ყველა - სამხედროები, ოფიცრები - ამაზე ერთმანეთში ვსაუბრობდით. მე არასდროს დამიმალავს ჩემი უკმაყოფილება და ვერ წარმომიდგენია ერთი ოფიცერიც კი, რომელიც კმაყოფილი იქნებოდა წაგებული ომის შემდეგ, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც [აგვისტოში ომის დროს] მოხდა”, - განაცხადა გორგიაშვილმა, თუმცა სხვა დეტალები ამ კუთხით აღარ მოუყოლია. 

”ამის გამოხატვა მოხდა მუხროვანში ჩემი მხრიდან; კონკრეტულად, ყველაფერი კი შმაგი თელიას მოვახსენე,” - დასძინა მან. 

მას მხედველობაში ჰყავდა საქართველოს სახმელეთო ძალების მეთაური, რომელიც გორგიაშვილს მუხროვანის ბაზაზე, მის მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებიდან ცოტა ხანში შეხვდა.

თელიამ 3 ნოემბერს სასამართლოს მისცა ჩვენება, როგორც ბრალდების მხარის მოწმემ. მაშინ თელიამ განაცხადა, რომ იმ შეხვედრაზე გორგიაშვილი ”ჯარის შიდა პრობლემებზე” საუბრობდა. თუმცა, თელიამ განაცხადა, რომ მან ვერ მიიღო ”ამომწურავი პასუხი” გორგიაშვილისგან და მისთვის უცნობი დარჩა, თუ ზუსტად რას მოითხოვდა ის და რატომ აცხადებდა დაუმორჩილებლობას. 

”როცა [სასამართლოზე დაკითხულ] მოწმეებს [მათ, ვინც იმ დროს მუხროვანში მსახურობდა] ეკითხებოდით, თუ რატომ აცხადებდა მეთაური დაუმორჩილებლობასო, მათი პასუხი იყო, რომ მე აღლუმის ჩატარებას ვაპროტესტებდი [რომელიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იგეგმებოდა],” - განაცხადა გორგიაშვილმა.

”ესეც [აღლუმი] იყო მიზეზი; დანარჩენი მე თელიას ვუთხარი. მართალია თელიამ თქვა ვერაფერი გავიგეო, მაგრამ მან კარგად გაიგო ყველაფერი და დამეთანხმა კიდეც,” - დასძინა გორგიაშვილმა.

მისი თქმით, ბაზაზე ამბოხს ადგილი არ ჰქონია და არც ხელისუფლების ჩამოგდების გეგმები არსებობდა. გორგიაშვილის თქმით, მას რომ მართლა განზრახული ჰქონოდა ამბოხი, ამის განსახორციელებლად და სამხედრო ნაწილის თბილისისკენ დასაძვრელად საკმარისი დროც ქონდა და შეიარაღებაც. 

”ნაწილში 70 ერთეული ჯავშანტექნიკა მყავდა... და იმ ოთხ საათში [დაუმორჩილებლობის გამოცხადებიდან ნაწილის ალყაში მოქცევამდე] გავაკეთებდი მაგას,” - განაცხადა გორგიაშვილმა. 

მისი თქმით, მას რომ თბილისისკენ ნაწილის დაძვრა ჰქონოდა განზრახული, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, ის არ ეტყოდა ჯარისკაცებს, რომ ნაწილი არ აპირებდა ბაზის ტერიტორიის დატოვებას. 

ბევრმა მოწმემ, რომლებიც იმ დროს მუხროვანის ბაზაზე მსახურობდნენ, უთხრეს სასამართლოს წინა სხდომებზე, რომ დაუმორჩილებლობის გამოცხადების შემდეგ გორგიაშვილმა განაცხადა, რომ მათ, ვინც მას არ ეთანხმებოდნენ, თავისუფლად შეეძლოთ ბაზის ტერიტორიის დატოვება; მათივე თქმით გორგიაშვილს განუცხადებია ჯარისკაცებისთვის, რომ სამხედრო ნაწილი დისლოკაციის ადგილის დატოვებას არ აპირებდა. 

სახმელეთო ძალების მეთაურმა შმაგი თელიამ უთხრა სასამართლოს, რომ მართალია მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სატანკო ბატალიონი ბაზის ტერიტორიის დატოვებას გეგმავდა და მართალია ბაზის ტერიტორიაზე მან ბოქსებიდან გამოსული ორი ტანკი და ერთი ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორი დაინახა, მას არ დაუნახავს ბაზის ტერიტორიის დასატოვებლად გამზადებული ”სამხედრო ტექნიკის კოლონა”. 

სასამართლოზე წარმოთქმულ ბოლო სიტყვაში შოთა გორგიაშვილს 5 მაისის მოვლენების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე არ უსაუბრია; მათ შორის არც იმაზე, თუ რატომ იყო ნაწილის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირთა ჯგუფი, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით, ბატალიონის მეთაურს და შეთქმულების სხვა ორგანიზატორებს დაუმორჩილებლობასა და ამბოხში ეხმარებოდნენ. 

კობა ოთანაძე, რომელიც ბრალდების მხარის განცხადებით, ამბოხის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია, ასევე იმყოფებოდა მუხროვანში 5 მაისს, როგორც ამას რამოდენიმე მოწმე აცხადებს.

თავის მოკლე დასკვნით სიტყვაში ოთანაძემ, რომელმაც ასევე განაცხადა უარი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე, უარყო მის წინააღმდეგ ბრალდებები და განაცხადა, რომ რომც დაეგეგმა შეთქმულება, იგი საქმეს არ დაიჭერდა ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ბრალდების მხარის მთავარი მოწმე გია ღვალაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ღვალაძე წარსულში სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებში მსახურობდა, მას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნდა და ოთანაძე სწორედ ამ ფაქტს გულისხმობდა, როდესაც აცხადებდა, რომ ღვალაძეს გამოცდილება არ ჰქონდა. 

ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში სასამართლომ რამოდენიმე სხდომა გამართა დახურულ კარს მიღმა, რომლის დროსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობით მოპოვებული მტკიცებულებები გამოქვეყნდა. მათ შორის არის სატელეფონო საუბრების ჩანაწერი, რომელიც, ბრალდების მხარის თქმით, ოთანაძესა და ღვალაძეს შორის 5 მაისის მოვლენებამდე იმართებოდა. ამ მასალების შინაარსი საჯარო არ გამხდარა.
 
29 დეკემბრის სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ასევე გამოვიდა კობა კობალაძე. ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხის მოწყობასა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებებს მან ”აბსურდული” უწოდა. 

კობალაძემ, რომლისთვისაც ბრალდების მხარემ 13 წლის და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, სასამართლოს ჩვენება 30 სექტემბერს მისცა, სადაც თავისი პოზიცია ვრცლად ჩამოაყალიბა. 

კობალაძის ეპიზოდი, ბრალდების მხარის ყველაზე სუსტ მხარეს წარმოადგენს, რადგან მის წინააღმდეგ ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის - გია ღვალაძის ჩვენებებს ეყრდნობა.

”გაოგნებული ვარ; ვერ გავიგე რა ხდება... ღვალაძემ თითი დაადო ვიღაცას და ეს გახდა ყველაფრის საფუძველი,” - განუცხადა კობალაძემ სასამართლოს 29 დეკემბერს.

კობალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ იგი იმედოვნებს, რომ მას გაამართლებენ და არ მოუწევს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ”საქართველოსთან ჭიდილი.” 

კობალაძის ადვოკატებმა უკვე მიმართეს ევროპის სასამართლოს, რადგან მიიჩნევენ, რომ კობალაძის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა უკანონო და დაუსაბუთებელია.

სასამართლო რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურის ლევან ამირიძის და კიდევ რამოდენიმე განსასჯელის ბოლო სიტყვას 8 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე მოისმენს. 

ამჟამად პროცესში 21 განსასჯელი რჩება; ერთ-ერთმა მათგანმა, სამოქალაქო პირმა, ზაზა სანდოძემ, რომელიც კობა ოთანაძის ნათესავია, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა ეს შეთანხმება, რომელიც სანდოძისთვის ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, რაც საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანისას მოხდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12