საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი რუსულენოვანი სატელევიზიო არხი "პირველი კავკასიური” სატელიტურ მაუწყებლობას იწყებს; თვის დასაწყისიდან ის ინტერნეტით ვრცელდებოდა.
ახალმა სატელევიზიო არხმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, უკვე გამოიწვია პირველი რეაქციები რუსეთში. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არხს საქართველოს ”ანტირუსული პროპაგანდის” ნაწილი უწოდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ”ექსრემიზმის იდეოლოგიის დანერგვის მცდელობად” შეაფასა.
”დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ქართული პროპაგანდისტული მანქანის გამოგონებას - რუსულენოვან სატელევიზიო არხს ”პირველი კავკასიური,” რომელმაც წელს დაიწყო ფუნქციონირება,” - განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არკადი ედელევმა 14 იანვარს.
”ამერიკული სტრუქტურების მიერ მხარდაჭერილ და 3 მილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის მქონე არხის საეთერო დრო ასევე დაეთმობა ჩეჩენი მებრძოლების ნათესავებს,” - განაცხადა მან.
”სატელევიზიო არხი აშკარად მიმართულია ანტირუსული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის და ექსტრემიზმის იდეოლოგიის დანერგვისკენ,” - დასძინა მან.
ედელევის მიერ ვლადიკავკაზში პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გაკეთებული ეს განცხადება ”პირველმა კავკასიურმა” გააშუქა.
იმავე შეხვედრაზე რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე დაადანაშაულა საქართველო მებრძოლთა ჯგუფების მფარველობაში - თუმცა ეს განცხადება საქართველომ კატეგორიულად უარყო, მას ”აბსურდული” უწოდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაძაბულობის გაღვივების საბაბად შეაფასა.
გარდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისა, ”პირველი კავკასიური” ასევე გადმოსცემს ინფორმაციას რუსეთიდან და მისი ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკებიდან.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა არხის გახსნისას, რომ ”პირველი კავკასიური” საშუალებას მისცემს არხის მაყურებელს ”შეიტყოს ის ფაქტები, როგორც ისტორიიდან, ისე მიმდინარე მოვლენებიდან, რომელთა გაგებაც შეუძლებელია სხვა რუსულენოვანი არხებიდან”.
”განსაკუთრებით რუსული მედია საშუალებებიდან,” - დასძინა მან, ”ამრიგად, კავკასიის ხალხებს მოვემსახურებით”.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის თქმით, ახალი არხის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნება; თუმცა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის 2010 წლის შიდა ბიუჯეტი ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს. სახელმწიფო ბიუჯეტმა 22 მილიონი ლარი გამოყო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც სამ სატელევიზიო არხს და ორ რადიოსადგურს აერთიანებს. გარდა ამისა, მაუწყებელს იმედი აქვს რომ დამატებით 10 მილიონი ლარის შემოსავალი ექნება რეკლამებიდან და სხვა წყაროებიდან.