Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი სამხედრო-პატრიოტულ სწავლებაზე, ერთიანობის საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 თებ.'10 / 18:33

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სკოლებში ”სამხედრო-პატრიოტული აღზრდის” შემოღებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებად” იხსენიებს, არაფერია მილიტარისტული.

”ვთქვით, რომ შემოვიღოთ სამხედრო-პატრიოტული აღზრდა, ნუ შეიძლება ამას დავარქვათ სამოქალაქო თავდაცვა. მაშინვე ატყდა ერთი ვაი-ვიშვიში ე.წ. ლიბერალებში, რომ ’ეს რა უბედურებაა, ეს რა ცუდი ტონია, როგორ შეიძლება’. სხვათაშორის ის რაც იყო სამხედრო აღზრდა ადრე, საბჭოთა დროს, მართლა კარგი არ იყო. ეს იყო ფორმალობა”,- განაცხადა მან 3 თებერვალს თბილისში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრის დროს.

”მაგრამ ჩვენ ქვეყანას აქვს ძლიერი გამოწვევები,”- განაგრძო მან და მოიყვანა ისრაელის მაგალითი, სადაც მისი თქმით მოსახლეობამ იცის როგორ მოიქცეს დაბომბვების დროს. 

”სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ჩვენ შვეიცარიაში და ჰოლანდიაში და არა ვართ გარშემორტყმული ერთი მიმართულებიდან ძალიან მეგობრული ქვეყნით და საქართველოს სჭირდება ყველაფერი ეს და არაფერი მილიტარისტული ეს არ არის. მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი,”- განაცხადა მან, ”საქართველოს სჭირდება თავის თავის დაცვა. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტერიტორიების 20% ოკუპირებული”.

”არსებობს ხალხი, ვისაც მაგალითად მიაჩნია, რომ სამხედრო პატრიოტული აღზრდა ეს არის მილიტარიზმი და სამოქალაქო თავდაცვა, ეს არის პროვოკაცია, რომ საერთოდ, ჯარის არსებობა საქართველოში ეს არის პროვოკაცია,”- აღნიშნა მან, ”მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ჩვენ ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელთანაც განიარაღება და დაწოლა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ შეეცოდები”.

”დათვს ბაბაია რომ დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ დათვს მოეწონო და სხვათაშორის, თუ მოეწონები კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. და ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის, რომ ჯოხი აიღო ხელში, ჯოხი ჩაარტყა და ყველაზე კარგია, თუ გაქვს პისტოლეტი ან თოფი, კიდევ უფრო კარგი, მსხვილკალიბრიანი,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ”ყავს შემოჩენილი მტერი, რომელსაც არ უნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა”.

”და რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა თავის თავი დაიცვას, ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და ერთადერთი შანსი ასევე გადარჩენის,”- აღნიშნა მან.

თავის ხანგრძლივ გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს საზოგადოებაში ”მთავარ საკითხებზე” ერთიანობის მნიშვნელობაზე.

”დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხელახლა ჩვენი ტერიტორიის 20% და ეს ტერიტორია არ არის დაკარგული, მე მინდა ხაზი გავუსვა - მუდმივად რომ ამკვიდრებენ ტელევიზორში ’დაკარგული, დაკარგული’ - ტერიტორია დაკარგულია, როცა შენ თავში არის დაკარგული და ქაღალდზეა იურიდიულად დაკარგული. ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველო, ყოველი კვადრატული მეტრი ამ ტერიტორიის, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული, გარდა დამპყრობლისა,”- განაცხადა მან.

”მაგრამ დამპყრობელს უნდა, რომ თბილისში დასვას ხალხი, ვინც ამას [ოკუპაციას] აღიარებს, მოუწერს ხელს იმის იმედით, რომ იქნებ სხვა რაღაცაც არ დაგვაკარგვინონ. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის აღმოჩნდნენ ქართველები, რომლებიც მზად არიან რომ ამაზე ყველაფერზე ხელი მოუწერონ,”- აღნიშნა მან.

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერსა და მისი მთავრობის ყოფილ პრემიერზე, ზურაბ ნოღაიდელზე აშკარა მინიშნებით, სააკაშვილმა განაგრძო: ”როცა შენ ლაპარაკობ, რომ მე რუსეთში მივდივარ -  და რიგი დადგა ახლა იქ  - იმიტომ, რომ ’მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოო, რატომ სააკაშვილიც ხომ დადიოდა?’ მე დავდიოდი იმისათვის, რომ  მათგან თავი დაგვეცვა და ველაპარაკებოდი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე. მაგრამ როცა შენ გადიხარ იქ და ელაპარაკები შენი მთავრობა როგორ დაამხო, ქვეყნის შიგნით სად რომელი ძეგლი უნდა იდგეს და როგორ მოაწყო შენი ტერიტორია, შენ აღიარებ, რომ შენი ბედი შენადვე არ გეყუდნის და გაუნათლებელმა ვიღაც ჩეკისტმა უნდა გადაწყვიტოს შენი მრავალათასწლიანი ქვეყნის მოწყობა და შემდგომი განვითარება.  ამაზე უფრო დიდი დამცირება და უღირსობა საერთოდ აღარაფერი აღარ არსებობს”.
 
თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში სააკაშვილი ხშირად აკეთებს მინიშნებებს ზურაბ ნოღაიდელზე, რომელიც ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ ეწვია მოსკოვს, ხოლო დეკემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა. ეს ქმედება ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნოღაიდელის ამ ვიზიტებიდან სარგებელს იღებს, რადგანაც ადგილობრივი არჩევნების წინ პოლიტიკური დებატების მთავარი თემიდან ხდება ყურადღების გადატანა.
 
”რა თქმა უნდა, ამ ხალხს არაფერი საქართველოში არ გამოუვა,”- განაგრძო სააკაშვილმა, ”მათ პატრონებს იმის იმედი კი არ აქვთ ესენი არჩევნებს როდის მოიგებენ - მათ მშვენივრად იციან, რომ ეს აქ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს - მათ უნდათ დემორალიზაცია ჩვენი სულისკვეთების, მათ უნდათ შუღლის დათესვა ან ილუზიის შექმნა, რომ შუღლია დათესილი და მერე ამის გამოყენებით, ამ საფარქვეშ, ამ მარიონეტების ქვეშ შემდგომ იგივე რაღაცის გაკეთება უნდათ, რაც მოხდა 1921 წელს”. 

მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო რუსეთმა თბილისის აღება 2008 წლის აგვისტოში, იყო მოსკოვის წარუმატებლობა ეპოვა ”მარიონეტები” საქართველოს შიგნით, რომელთაც ხელისუფლებაში მოიყვანდა.

”ახლა ისინი ამზადებენ ამის ინფრასტრუქტურას,”- განაცხადა მან, ”არ გამოვა ეს სცენარი. ეს სცენარი არის დღესავით ნათელი, რაც მათ სურთ”.

”ყოველი მშვიდობიანი დღით საქართველო იგებს. ძალიან კარგად იცის დამპყრობელმა, რომ ის ჩვენ ტერიტორიებს ვერ შეინარჩუნებს, თუ საქართველო ფეხზე იდგა,”- განაგრძო სააკაშვილმა, ”მათაც იციან, რომ არაფერი მოგებული დღეს არ აქვს და საქართველოს განვითარება ნიშნავს მათ გარდაუვალ მარცხს. მათ იციან, რომ როგორც კი ჩვენ ყველა ჩვენს გეგმას ბათუმთან, ქუთაისთან, მესტიასთან, თელავთან, თბილისთან დაკავშირებით მივიყვანთ ბოლომდე, მერე დანარჩენი ტერიტორიების უკან დაბრუნება, კონტროლის - კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არა დაკარგული ტერიტორიის აღდგენა  - კონტროლის დაბრუნება მათ მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს არის უბრალოდ დროის და ტექნიკის საკითხი”.

”ამიტომ არის, რომ მთავარი დარტყმა მოდის ახლა თვითონ საქართველოს შუაგულზე, საქართველო ხელისუფლებაზე, საქართველოს ხელისუფლების გარშემო ილუზიის შექმნაზე, რომ არის რაღაც შანსი იმისა, რომ ახალი ორჯონიკიძეები შემოიყვანო შენი თვითმფრინავებით და შენი ტანკებით და შემდეგ საქართველო, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის დაყო, გაანადგურო, დააქუცმაცო და სხვათაშორის, არა მხოლოდ 20%, არამედ კიდევ რაღაც ნაწილები ჩამოაჭრა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12