რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა უარყო, რომ RAKIA-მ ან რომელიმე მისმა შვილობილმა კომპანიამ ტელეკომპანია ”იმედის” აქციები იყიდა და ივარაუდა, რომ გაურკვევლობა ტელეკომპანია ”იმედთან” მისი კომპანიის კავშირებთან დაკავშირებით იმ კომპანიის მსგავსმა სახელწოდებამ გამოიწვია, რომელიც სინამდვილეში ფლობს ტელეკომპანიის წილს.
”ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო... რატომ უნდა ვიყიდო ტელეკომპანია საქართველოში? ეს პატარა ქვეყანაა. რისთვის დამჭირდება იქ ტელეკომპანია?” - განუცხადა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლების (Ras Al Khaimah Investment Authority - RAKIA) აღმასრულებელმა დირექტორმა ხატერ მასაადმა აბუ-დაბიში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთს The National-ს.
2009 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ მან ტელეკომპანიის აქციების 90% Rakeen Georgia-ს, კერძოდ კი, მის შვილობილ კომპანიას RAK Georgia Holding-ს მიყიდა.
Rakeen Georgia-ა არის RAKIA-ს კუთვნილი დეველოპერული კომპანია Rakeen-ის შვილობილი ფირმა, რომელიც თბილისშია განთავსებული და რომელიც საქართველოში რამოდენიმე დეველოპერულ პროექტს ახორციელებს.
ხატარ მასაადმა, რომელიც ასევე Rakeen-ის აღმასრულებელი დირექტორი და რას ალ ხაიმას მმართველის მოადგილის მრჩეველია, განაცხადა, როგორც ამის შესახებ The National-ი იტყობინება, რომ ბრენდი RAK, რომელიც საქართველოში ”სავსე ჯიბის” სინონიმი გახდა, სხვამ გამოიყენა.
”საქართველოში არის ვიღაც, ვინც საკუთარი კომპანია შექმნა სახელწოდებით RAK Georgia Holding. ეს კომპანია მართლაც არსებობს. მაგრამ ჩვენ მასთან არაფერი გვაქვს საერთო. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მე არ დამირეგისტრირებია სახელი RAK როგორც ბრენდი,” - განაცხადა მან.
2009 წლის ნოემბერში ”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც საქართველოში არსებული ტელეკომპანიების მესაკუთრეთა არაგამჭვირვალეობაზეა საუბარი. მოხსენება შეიცავს ქართული ტელევიზიების და მათი ოფიციალურად დარეგისტრირებული მფლობელების სიას, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან არის გამოთხოვილი. ამ ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ”იმედის” 100%-ის მფლობელია შპს Georgian Media Production Group. ტელეკომპანია იმედის იურისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხსენებაში ნათქვამია, რომ Georgian Media Production Group-ის აქციების 90%-ის მფლობელია RAAK Georgia Holding S.A (მოხსენებაში კომპანიის სახელი წერია RAAK და არა RAK), ხოლო 10%-ის მფლობელია ჯოზეფ ქეი, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის შორეული ნათესავია. ამ უკანასკნელის ოჯახი ქეის მიერ ტელეკომპანიის ფლობის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს და მასთან დავას განაგრძობს.
”იმედის” 90%-ის მფლობელი Rakeen-ისა და მისი შვილობილი კომპანიის RAAK Georgia Holding-ის სამართლებრივი სტრუქტურა არ არის გამჭირვალე, რაც აჩენს ეჭვს, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან,” - ნათქვამია ”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” მოხსენებაში.