საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რუსეთის მიერ 1 მარტიდან ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაში საშიშროებას ვერ ხედავს.
”მას [გილაურს] მიაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ამ პუნქტის გახსნა დადებითად წაადგება, თუმცა საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს ამ პუნქტის გახსნის შედეგად არ ელის,”- განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ორ ქვეყანას შორის ლეგალური სახმელეთო მიმოსვლა რუსეთის მიერ 2006 წლის ივლისში ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან ერთად შეწყდა. ამან ასევე გამოიწვია სომხეთის სახმელეთო ოზოლირება რუსეთისგან.
”როგორც ჩანს რუსეთმა შეცვალა თავისი ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მივესალმებით, თუ ის შეცვლის თავის სხვა გადაწყვეტილებებსაც,”- განაცხადა მჭედლიშვილმა და აქვე შეახსენა, რომ რუსეთმა ცალმხრივად გამოუცხადა საქართველოს ”ეკონომიკური ბლოკადა” და დაუწესა სავიზო რეჟიმი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიო ”თავისუფლების” რუსეთის ბიუროს დეკემბრის ბოლოს განუცხადა, რომ სახმელეთო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივა ეკუთვნოდა რუსეთს, რომელსაც ”არასოდეს გაუწყვეტია კონტაქტები ქართველ ხალხთან”.
მისი თქმით, რუსულ მხარეს გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია, რა მოტივითაც ის 2006 წელს დაიხურა, მაისში დასრულდა; დანარჩენი დრო კი ქართულ მხარეს რეკონსტრუქციის დასრულებამ და მოლაპარაკებებმა წაიღო.
”აღვნიშნავდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა პროფესიონალურად და არ მომხდარა პოლიტიზირება იმ საკითხებზე შეთანხმებისა, რომელთა დარეგულირებაც აუცილებელი იყო ამ გამშვები პუნქტის ფუნქციონირებისათვის,”- განაცხადა ლავროვმა, ”ეს მნიშვნელოვანია რუსებისთვისაც, ქართველებისთვისაც და სომხებისთვისაც, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ამ გადასასვლელით”.