Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიანსი საქართველოსთვის ოპოზიციის ერთიანობისკენ აქტიურად მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 თებ.'10 / 18:13

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ ”ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალასთან” თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების მიღწევის მიზნით.

2009 წლის სექტემბერში თბილისის მერობის კანდიდატად ალიანსმა ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და ალიანსი საქართველოსთვის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია დაასახელა; ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად მოიაზრება.

15 თებერვალს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი კანდიდატის დასახელება მთავარია, რათა ოპოზიციის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში ”გარდაუვალი” გახდეს.

ამის საპასუხოდ ალიანსის კიდევ ორმა თანათავმჯდომარემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ერთობლივი განხცადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი იზიარებენ ალასანიას პოზიციას.

მათ იმაზეც კი მიანიშნეს, რომ შესაძლოა ალასანიას ნაცვლად სხვა კანდიდატზეც იყოს საუბარი.

”ალიანსის შიგნით მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შეცვლას არ ვაპირებთ. კონსულტაციებზე ჩვენ კანდიდატურებს წარვადგენთ, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი და პატიოსანი საქციელი, ისეთი წინაპირობის წამოყენება, რომ ერთიანი კანდიდატი მაინცდამაინც ირაკლი ალასანია უნდა იყოს. თუ ვინმე უკეთეს კანდიდატს და უკეთეს კონფიგურაციას შემოგვთავაზებს, მზად ვართ დავეთანხმოთ. ყველაფერი კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა გამყრელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გამყრელიძის და უსუფაშვილის ერთობლივი განცხადება მხოლოდ მათი პარტიების სახელით გაკეთდა, თუმცა, ახალი მემარჯვენეების თქმით, ის ”წინასწარ იყო შეთანხმებული” ალასანიასთან.

ალიანსი საქართველოსთვის პირველი პოლიტიკური ჯგუფი იყო, რომელმაც ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები სექტემბერში დაასახელა, რასაც რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის პროტესტი მოყვა - ზოგი საჯაროდ, ზოგიც კი კერძო საუბრებში ალიანსს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების გარეშე კანდიდატების დასახელების გამო აკრიტიკებდა. 

მას შემდეგ თბილისის მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ნავთობ კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა.

ბევრი კანდიდატის არსებობით მმართველი პარტიის გამარჯვების შანსები უფრო იზრდება, რადგანაც ოპოზიციის საერთო ხმები გაიყოფა.  გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება ვინც ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 30%-ს მიიღებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს დამფუძნებელმა ლევან გაჩეჩილაძემ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ოპოზიციის საბოლოო კონფიგურაციაში ადგილობრივი არჩევნების წინ.

გაჩეჩილაძეს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით; უკვე გაჩნდა დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს ალასანიას გასვლა საარჩევნო მარათონიდან  გაჩეჩილაძის სასარგებლოდ.

”მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს კონსულტაციები ლევან გაჩეჩილაძესთან, ისევე როგორც სხვებთან.  ჩვენი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ლევანი გვენახა ჩართული ამ კონსულტაციებში მერობის ერთიანი კანდიდატის ასარჩევად,” - განაცხადა დავით გამყრელიძემ 17 თებერვალს. თუმცა მან უარყო რომ რაიმე შეთანხმება ჰქონდა ადგილი გაჩეჩილაძესთან.

”ყველა მინუს ერთი”  

გამყრელიძემ და უსუფაშვილმა განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში, რომ მოლაპარაკებები მერობის ერთიან კანდიდატზე ”წინაპირობების გარეშე” უნდა დაიწყოს.

თუმცა, მათ თავად დააყენეს ერთი წინაპირობა, განაცხადეს რა, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, გარდა ზურაბ ნოღაიდელის პარტიისა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. მათი თქმით, ნოღაიდელს ”გაუგებარი ფუნქცია” აქვს ქართულ პოლიტიკაში და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის კრიმინალური წარსული.

”ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ გაერთიანების პროცესში ფორმულით ”ყველა მინუს ერთი” - ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ და შევქმნათ ერთობა ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიასთან, გარდა ერთისა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან,” - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ეს მოწოდება პირდაპირ ეხება ხალხის პარტიას და კონსერვატორების პარტიას - ეს ის ორი ოპოზიციური პარტიაა, რომლებიც ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობენ პრაიმერის ორგანიზებისთვის, სადაც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის არჩევა იგეგმება - ეს იდეა პარტიების უმეტესობამ უგულებელყო. მიუხედავად ამისა, გამყრელიძის და უსუფაშვილის 17 თებერვლის განცხადება მიანიშნებს, რომ პრაიმერის ჩატარება შესაძლოა განხილულ იქნას როგორც ერთიანი კანდიდატის არჩევის ერთ-ერთი გზა, თუმცა იმ პირობით, რომ ნოღაიდელი ამ პროცესის ნაწილი არ იქნება.   

“მათი ეს განცხადება დასანანი შეცდომაა,” - განუცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ Civil.Ge-ს. ”ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ფორმულით მინუს ერთი -  და ეს ერთი მიხეილ სააკაშვილის პარტიაა”.

კითხვაზე, თუ როგორი იქნება მისი პარტიის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი საქართველოსთვის დათანხმდება პრაიმერის ჩატარებაზე, მაგრამ ნოღაიდელის გარეშე, კუკავამ უპასუხა: ”ჩვენ პრაიმერი უნდა ჩავატაროთ და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ალასანიასთანაც, თუ მას ამის სურვილი ექნება. რაც შეეხება ნოღაიდელთან ერთად პრაიმერის ჩატარებას, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ საკითხზე მასთან”.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ასევე გააკრიტიკა და უარი თქვა კონსულტაციების ფორმულაზე ”ყველა მინუს ერთი,” როგორც ამას ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები სთავაზობენ.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17