Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა პარლამენტს საანგარიშო მოხსენებით მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 თებ.'10 / 00:33

პრეზიდენტმა 26 თებერვალს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობიდან დეპუტატების გამოსვლები და სააკაშვილის შემაჯამებელი სიტყვა. 

პრეზიდენტის ძირითადი საანგარიშო მოხსენება საათნახევარი გაგრძელდა.

ქვემოთ მოცემულია მისი გამოსვლის ძირითადი პუნქტები: 

  • სააკაშვილმა თავისი გამოსვლა ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო და მიესალმა პარლამენტში მყოფ მისი ოჯახის წევრებს.
  • ამ წლების განმავლობაში იყო დიდი წარმატებები და იყო ჩავარდნებიც; იყო შეცდომები, რომელთაც ჩვენ ვაღიარებთ.
  • მთავარი მიზანი არის შევქმნათ ევროპული, თანამედროვე, მოდერნიზებული სახელმწიფო.
  • არცერთი წელი არ იყო ისეთი დრამატული, როგორც 2008 წელი და ისეთი მძიმე, როგორც 2009 წელი
    ომის, მსოფლიო ფინანსური კრიზისის და გასული წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების გამო -  ამ სამივე მოვლენამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ეკონომიკას.
  • მიუხედავად ამ დრამატული გართულებებისა, შევინარჩუნეთ საზოგადოებრივი წესრიგი, არ დავუშვით ძალადობა, შევძელით სახელმწიფოებრიობის დაცვა - ეს არის ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების დამსახურება.
  • 2008-2009 წლების უმძიმესი გამოცდა გავლილია - დაღმასვლა შეჩერებულია, ეკონომიკური მაჩვენებლები დასტაბილურებულია.
  • დადგა დრო დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის და ცხოვრების გაჯანსაღება. 2010 წელი იქნება გაჯანსაღების წელი.
  • ზრდა იქნება ზომიერი. გავზრდით ეკონომიკას მინიმუმ 3%-ით და მე იმედი მაქვს გაცილებით მეტით, რაც ”პრაქტიკულად იქნება სასწაულის ტოლფასი”.
  • მთავარი აქცენტი იქნება გადატანილი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებაზე. სწორედ ამან გააჩინა საქართველო მსოფლიო საინვესტიციო რადარზე. ამდენი კონკრეტული ინვესტიციების დაპირება არ ყოფილა. მან არაბული სახელმწიფოებიდან მოსალოდნელი საინვესტიციო აქტივობა მოიყვანა მაგალითად.
  • ყველანაირი სტატისტიკით, საქართველოში მეტი ხალხი ბრუნდება, ვიდრე მიდის საქართველოდან. მან მიუთითა პარლამენტის დარბაზში მყოფ ამერიკულ ოჯახზე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ბიზნესი დაიწყო. არც ბიუროკრატია აწუხებს მეწარმეს და არც კრიმინალები, განაცხადა პრეზიდენტმა.
  • მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ბათუმში იქნება უფრო მეტი ბრენდის სასტუმრო, ვიდრე დღეს არის ქალაქ მოსკოვში.
  • 2009 წელს საქართველოში 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
  • საქართველო ენერგო წყვდიადში იყო და ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყანა იყო რამდენიმე წლის წინ. საქართველოს ენერგეტიკული წყაროები დივერსიფიცირებულია დღეს და ყველაზე დამოუკიდებელია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. 130 მგვტ სიმძლავრის ჰესების მშენებლობა დაწყებულია და 1300 მგვზე მეტის მშენებლობის გეგმები არსებობს. ენერგო წარმოება გაორმაგდება და ჩვენ გადავიქცევით ენერგოკვანძად ამ რეგიონში.
  • საქართველო ახორციელებს ენექტროენერგიის ექსპორტს რუსეთში და განახორციელებს ირანში და ერაყშიც.
  • 2009 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში იყო ზრდა. ამ სფეროში ექსპორტი გაიზარდა 25%-ით, რუსული ბაზრის დაკარგვის მიუხედავად. ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს ახალი ბაზრების ათვისება.
  • განათლების რეფორმის მეორე ტალღა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განათლების დონის ამაღლებას. შემოღებული იქნება ახალი დისციპლინები.
  • 2010 წელს განხორციელდება მასწავლებლების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება, რაც მათთვის სახელფასო დანამატებს უზრუნველყოფს.
  • უსაფრთხო სკოლის ფარგლებში უფროსკლასელები და უმცროსკლასელები სხვადსხვა ადგილებში განთავსდებიან, მათთან იმუშავებენ პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლები.
  • 20 ათასამდე კადრს მოამზადებენ პროფესიული განათლების ცენტრები.
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს წელს პირველად ექნებათ საშუალება კვოტირებით მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. 
  • 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი ძალიან დაზარალდა. მთავრობამ შეიმუშავა ახალი პროგრამა, სადაც კერძო სექტორთან ერთად ძირითადი ინვესტორი იქნება სახელმწიფო. არსებული საავადმყოფოების კოლექტივებს გადაეცემათ მართვაში ახლადაშენებული საავადმყოფოები.
  • დღევანდელი მდგომარეობით 1.5 მლნ ადამიანია დაზღვეული, აქედან 1.2 მლნ სახელმწიფოს მიერ.
  • სადაზღვევო დავების განხილვის ინსტიტუტის გაძლიერებას ვაპირებთ.
  • მინდა ჩაგაბაროთ ანგარიში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში შარშან გაცემული დაპირებების შესრულებისა და მიმდინარეობის შესახებ:
  • დაპირება საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და ამ სფეროში რეფორმის დაწყების თაობაზე შესრულებულია; მთავარი ორიენტირი ამ კომისიის არის უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია, უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით დაპირებები შესრულებულია: პრეზიდენტი აღარ ნიშნავს მოსამართლეებს, აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, ოპოზიცია ჩართულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ საბჭოში უმრავლესობას მოსამართლეები შეადგენენ; მიღებულია სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი;
  • ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება - შესრულბულია. მე ძალინ მეამაყება, რომ წელს ჩატარდება საქართველოს ისტორიაში პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. (შარშან ოქტომბერში მიღებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ძალაში 2010 წლის ოქტომბერში შევა, სხვა სიახლეებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას, თუმცა ეს სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იმოქმედებს და მხოლოდ მკვლელობის საქმეების განხილვისას);
  • მოსამართლეებთან ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტაქტების დამყარებაზე სასჯელი გამკაცრებულია; მოწმე წინასწარ გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ნებაყოფლობით აძლევს ჩვენებას; შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული სწრაფი სამართალწარმოება.
  • ორჯერ გაიზრდა სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, აღარ მივიღებ სასამართლოს მიმართ შენიშვნებს.
  • ახალი საარჩევნო კოდექსი: ცესკოს თავმჯდომარე შეიცვალა და ოპოზიციასთან შეთანხმებული წესით იქნა არჩეული, თბილისის მერი, პირველად, პირდაპირი წესით აირჩევა; დღეს ყველა მერს და გამგებელს ხალხი ირჩევს არაპირდაპირ, როცა 2003 წლამდე ამ თანამდებობებზე პრეზიდენტი ნიშნავდა კადრებს.
  • ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება არ იყოს; უზრუნველყავით არჩევნების მაქსიმალურად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება - მიმართა სახელმწიფო მოხელეებს სააკაშვილმა და იქვე  დასძინა: ”მაგრამ იმას ვერ დაგპირდებით”, რომ საქმის გაკეთებას შევაჩერებთ.
  • გამოაგზავნეთ დამკვირვებლები, რათა მათ მაქსიმალური მეთვალყურეობა გაუწიონ წინასაარჩევნო პროცესიდან დაწყებული მთელ საარჩევნო პროცესს - მიმართა მან საერთაშორისო ორგანიზაციებს.
  • გაუმჯობესდა ყველა კვალიფიციური პარტიის დაფინანსება, ნაციონალური მოძრაობის თანხები შემცირდა.
  • განხორციელდა ოპოზიციის ჩართვა უშიშროების საბჭოს მუშაობაში და პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
  • მისი თქმით, შესრულებულია მედიის თავისუფლების კუთხით გაცემული პირობები: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეფორმა, მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაქცევა, ყველა სატელევიზიო არხისთვის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა.
  • ყველა ქართულ რეგიონალურ ტელევიზიას გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია, რათა უფრო თამამად შეძლონ განვითარება და მათი მეშვეობით განვითარდეს ქართული დემოკრატია. ამ კუთხით მან აჭარის 25-ე არხის მაგალითი მოიყვანა.
  • ღრმა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე შარშან ქუჩის აქციები ისე დამთავრდა, რომ ეს არ გადაიზარდა ძალადობაში, რაც უპრეცედენტოა კავკასიაში.  ამით გამოვლინდა მაღალი პოლიტიკური კულტურის დონე.
  • მოდით ამ გაზაფხულზე გავაკეთოთ და ჩავატაროთ არჩევნების ისე, რომ დამარცხებულმა მხარემ გამარჯვებულს მივულოცოთ. და შევეშვათ წინასწარ ჭექა-ქუხილების გამოცხადებას და წინასწარ იმის გაცხადებას, რომ არჩევნები გაყალბდება.
  • ქართველი ერი დაუმარცხებელია და ეს იცის მტერმაც. 
  • ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის დაბრუნება ევროპულ ოჯახში. მაგრამ ეს გზა არ იქნება მარტივი და ბევრი დაბრკოლება გადაგვეღობება. 
  • ყოველთვის იშოვი ქართველს, რომელიც მოსყიდვადია და რომელსაც ღირსება არ გააჩნია, რომელიც აგილოკავთ სისხლიან ჩექმებს და შეეცდება ეს სისხლი მოგწმინდოთ. მე მინდა თავისუფლების მტრებმა იცოდნენ, რომ საქართველო არის ამაყი. როგორი დიდიც არ უნდა იყოს მათი ამბიცია, რომ საქართველო შიგნიდან გატყდეს და მიუხედავად მუქარისა, შანტაჟისა საქართველო აღარასდროს არ დაიჩოქებს და აღარ დანებდება მათ.
  • ჩვენი გზა არის, რომ თქვენც იცხოვრეთ და ჩვენც გვაცხოვრეთ. ჩვენ თუ ჩვენი არსებობით ვინმეს ვუშლით ნერვებს, კარგად დაიწყნარონ ეს ნერვები.
  • ჩვენი გზის ალტერნატივა არის ჩამორთმეული თავისუფლება და ცენტრიდან უფროსების მასპინძლობა  - ”ტამადა, სულუგუნი, სულიკო” - არ არის ეს ჩვენი არჩევანი.
  • ოდესღაც გვექნება თავისუფალი ფრენა მოსკოვთან და ნორმალური ურთიერთობები,  მაგრამ დამერწმუნეთ ჯობია მათ ვუხადოთ ძვირი ფასი, მაგრამ იქ ჩავდიოდეთ როგორც ევროპელები, ვიდრე ვიხადოთ იაფი ფასი და ვიყოთ ვასალები და ამ სტატუსს ვერასდროს ვერ გავცდეთ. 

მცირე ხნით შესვენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყო:

პეტრე მამრაძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის არ იყო გამომსვლელთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ წინასწარ გააკეთა განაცხადი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ მისი მიმართვა დაგვიანებით იყო წარდგენილი და ამდენად, მისი გამოსვლა ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ მამრაძემ დატოვა დარბაზი.

მაგდა ანიკაშვილმა, დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე გააკეთა, კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ამგვარი ხალხის გამოსავლენად ნათელი კრიტერიუმების დადგენის საჭიროებაზე, რათა ისინი არ გამოირიცხონ სახელმწიფო დახმარების მიმღებთა სიიდან. იგი 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასო ჯანდაცვის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ”ზღვრული ფასები” უნდა დადგინდეს ძირითად მედიკამენტებზე.

გურამ ჩახვაძემ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (საპარლამენტო უმცირესობის წევრი) განუცხადა პრეზიდენტს, რომ მხოლოდ მთავრობასთან ასოცირებული ხალხის ვიწრო წრე იღებს სარგებელს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისგან. მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტს ”პარტიის ინტერესებზე მაღლა” დადგეს და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარანტი გახდეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, საპარლამენტო უმცირესობის დამოუკიდებელმა წევრმა, გახმაურებული მკვლელობების საკითხი დააყენა, რომლებშიც ხელისუფლების წარმომადგენლები ან, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ, ან მათ დაფარვას ცდილობდნენ.

ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა, ასევე გაამახვილა ყურადღება სოციალურ საკითხებზე და სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდა პრეზიდენტს მინიმალურ ყუველთვიური პენსია 150 ლარამდე გაზარდოს და ჩამოწეროს გადაუხდელი კომუნალური გადასახადების შედეგად დაგროვილი ვალები. ბაღათურიას განცხადებით, საჭიროა ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნება და საგადასადო ამნისტია. მისი თქმით, საბოლოოდ უნდა მოხდეს გამიჯვნა ”ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ამნისტიის გზით.

გიორგი ცაგარეიშვილმა
იმ ოპოზიციური აქტივისტების სია წაიკითხა, რომელთაც თავს დაესხნენ და სცემეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ”ვინ იყო ეს ხალხი, ვინც ამას სჩადიოდა?” მე გადმოგცემთ ამ სიას და გადახედეთ ამ ხალხის სიას, ვისაც თავს დაესხნენ,” - განაცხადა ცაგარეიშვილმა. მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტის ფონდის გამჭირვალეობისაკენ და აღნიშნა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოიპოვა ინფორმაცია ამ ფონდის ხარჯვის შესახებ.  

პავლე კუბლაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან თავის გამოსვლაში მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ არა მხოლოდ უარყოფითზე გაამახვილონ ყურადღება, არამედ აღნიშნონ ის კარგიც, რაც კეთდება ქვეყანაში. მისი თქმით, ეს მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება იქნება.

გია თორთლაძემ, საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, თავისი გამოსვლა ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის რუსულ საოკუპაციო ძალასთან ”კოლაბორაციონიზმის” დაგმობით დაიწყო - მას მხედველობაში ჰყავდა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. ”ეს ყველამ უნდა დაგმოს საქართველოში,” - განაცხადა თორთლაძემ. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთი, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის მიყიდვას გეგმავს. ”თუ ეს მოხდება, ჩემი პარტია საპროტესტო აქციებს დაიწყებს [საფრანგეთის] საელჩოს წინ,” - განაცხადა მან. იგი ასევე მიესალმა ”დადებით ტენდენციებს” სასამართლო სისტემაში.

გიორგი ახვლედიანი, დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან მიესალმა რეგიონალური ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივას. თუმცა, მან ასევე განუცხადა პრეზიდენტს, რომ მან ვერ შეძლო ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება”. მისი თქმით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.

გიორგი გაბაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციური დეპუტატების გამოსვლებს ”არგუმენტები აკლდა” და აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ”დებატები უფრო მეტად უნდა იყოს დაფუძნებული ფაქტებზე,” - განაცხადა მან. სავარაუდოდ ნოღაიდელის პარტიის მისამართით მან განაცხადა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომელთაც ”არ სურთ ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების კურსი”.

გიორგი თარგამაძემ, საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისეთი სისტემა შექმნა, სადაც ის ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. ”ხელისუფლებაში კრიტიკული აზროვნების კრიზისია,”- განაცხადა მან. თარგამაძის თქმით, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მთელი რიგი წარუმატებლობებია და მან ეუთოს და გაეროს სადამკვირვებლო მისიების დახურვა დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის გეგმა შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. ”ოპოზიციაში ღირებულებათა კრიზისია,” - განაცხადა მან. ”თუმცა, კიდევ უფრო დიდი კრიზისია ხელისუფლებაში, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ღირებულებები,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ნოღაიდელი წლების მანძილზე პრემიერ-მინისტრმად მსახურობდა სააკაშვილის ადმინისტრაციაში. მან ასევე მოუწოდა სააკაშვილს: ”ჩამოშორდით მმართველ პარტიას და იყავით საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი”. იგი გამოვიდა წინადადებით, რომ შემცირდეს თავდაცვის სფეროს დაფინანსება მშპ-ის 3%-მდე. ”ეს მოგვცემს 170 მილიონი ლარის ეკონომიას, რაც საკმარისია ბიზნესის სტიმულირების პროექტებისთვის,” - განაცხადა მან. მან ასევე უთხრა პრეზიდენტს: ”თქვენ ზურგი შეაქციეთ დემოკრატიას”. 

დეპუტატების გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი ოპოზიციურ ტრიბუნასთან მივიდა მას შემდეგ რაც დეპუტატებმა უმცირესობიდან მათი ტრიბუნიდან ცუდი ჟღერადობა გააპროტესტეს და შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა:

  • ყველაფერი, რაც ხდება პარლამენტის დარბაზში, არის ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურის დონის, ვიდრე 16 წლის წინ. ჩვენ გვაქვს მოაზროვნეების შეკრება და ხშირად გვაქვს კამათიც.
  • ის, ვინც ჩვენგან გაიქცა და აზრი შეიცვალა იმას ადასტურებს, რომ ჩვენ არ შეგვიცვლია პრინციპები. ჩვენ არ ჩამოვყალიბებულვართ კლანად. ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, რომ საქართველოა მარადიული და არა ჩვენი ურთიერთობები. ვამაყობ იმით, რომ ბევრი მათგანი [ოპოზიციაში გადასული ყოფილი თანაგუნდელები] დროზე გავუშვით, მაგრამ ზოგი გვიან, რასაც ჩემს პირად შეცდომად ვთვლი.
  • არავის სახელმწიფო სახსრები სახლში არ წაუღია. სახელმწიფო აპარატის აბსოლუტური უმრავლესობა არის ხალხის მსახური. ბიუჯეტი 10-12-ჯერ გაიზარდა, ეკონომიკა, თქვენი [ოპოზიციის] თქმით ”არშემდგარ სახელმწიფოში” გაიზარდა 3-ჯერ, გადასახადები შემცირდა. სახელმწიფოებრიობის ზრდის ინდექსი 20-30-ჯერ გაიზარდა.
  • თქვენ გაქვთ უფლება ყველაფერს უყუროთ შავი სათვალეებით, ოპოზიციის არსი ასეთია, მაგრამ შეგიძლიათ ხანდახან მაინც გაწმინდოთ ეგ სათვალეები.
  • ჩვენ გისმენთ, მიმართა მან ოპოზიციას და დასძინა: ”და არა მხოლოდ ისე, როგორც თქვენ გეჩვენებათ, რომ [შს მინისტრი ვანო] მერაბიშვილი გისმენთ”.  
  • სიღარიბის ინდექსი 2-ჯერ და მეტჯერ შემცირებულია, და ვინც დარჩა სიღარიბეში, მას აქვს დაზღვევა და შემწეობა.
  • თავდაცვის ბიუჯეტი შევამცირეთ 2-ჯერ პრაქტიკულად ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ.
  • მინდა შეგახსენოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ არის შესრულებული და სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს იმიტომ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პასუხად სანაცვლოდ ის გვთხოვს ერთადერთ რამეს - აღიარებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველო არასდროს არ დანებდება და არასდროს არ ჩაბარდება. საქართველო არასდროს ოკუპაციას არ გამოაცხადებს. მაგრამ, როცა ვლაპარაკობთ, რომ ამ ორჯერ შემცირებულ თავდაცვის ბიუჯეტზე, რომ კიდევ ორჯერ შევამციროთ, ბატონო გიორგი [თარგამაძეს მიმართა], არც თქვენ ხართ მე მგონი ბუდისტურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, და არც მე ვგავარ დალაი ლამას, არც შესახედავად და არც ქმედებებით იმიტომ, რომ მე ჩემ ქვეყანაში მინდა ცხოვრება და ჩემ ქვეყანაში მინდა ბრძოლა ბოლომდე.
  • მე არასდროს რა მითქვამს კონკრეტულად ვინმეზე, რომ არის ჩასარეცხი. ეს ვთქვი ქურდულ იდეოლოგიაზე.  მაგრამ ორი დღის წინ ისეთი შეკრება და ისეთი საშინელება ვნახე [სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ჭადრაკის სასახლეში გამართული შეხვედრა, რომელიც ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა], გარკვეული სანტექნიკური ასოციაციები გამიჩნდა. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში ამის ღია ჩვენება ტელევიზიით და ნამდვილად არ მიმაქვს ეს სიტყვები უკან. 
  • ნამდვილად არ ვაპირებ ნულოვან ტოლერანტობაზე უარის თქმას და შეურიგებელი ვართ დამნაშავეების მიმართ, სანამ მე ვარ პრეზიდენტი და სანამ ეს უმრავლესობა არსებობს. 
  • გეტყვით რა საქართველო მინდა მე ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას:
  • საქართველო, სადაც სოციალური კულტურის ცვლილება იქნება შეუქცევადი, რაც განახორციელა ქართული საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად გაბედულ რეფორმატორთა იმ დიდმა ჯგუფმა, რომელიც ზის პირველ რიგში საქართველოს პარლამენტში და რომელიც აკეთებს მართლაც საოცრებას, სასწაულს.  
  • მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც არა მხოლოდ იმას ვიამაყებ, რომ კორუფცია და კანონიერი ქურდები არ არის, არამედ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს არასდროს არ დაბრუნდება.
  • ისეთი საქართველო, მიუხედავად იმისა ევროკავშირში შეგვიშვებენ თუ არა - იმიტომ, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივაა - მაგრამ  გზები გვექნება უკეთესი, ვიდრე ევროკავშირში ახლად მიღებულ სახელმწიფოებს.
  • ჩვენ აღარ გვექნება არცერთი ცუდი საავადმყოფო და არცერთი ცუდი სკოლა და არ გვეყოლება არცერთი ადამიანი, რომელსაც არ მიესვლება ამ სკოლაში და ამ საავადმყოფოში.
  • ჩვენ შევქმნით ქვეყანას, სადაც რეალურად იქნებიან პოლიტიკური ოპონენტები და აღარ იქნებიან ერთმანეთის პოლიტიკური მტრები და ამისთვის ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
  • საქართველო, სადაც არავინ არავის აღარ შეახსენებს და არ წამოაძახებს, რომ ’შენ ამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნები’, ’შენ წარმოშობით ესა ხარ’, ’სხვა რელიგიურ დაწესებულებაში დადიხარ’ და ამიტომ მეორეხარისხოვანი ხარ - საქართველო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი იქნება ნიჭიერება, შრომისუნარიანობა, განათლებულობა და თავის ქვეყნის სიყვარული.
  • ჩვენ გვინდა საქართველო, რომელსაც ოკუპანტები თავის ჩექმებით არ გათელავენ.
  • და ჩვენ ამ საქართველოს შევქმნით თქვენთან ერთად ჩვენო ძვირფასო ოპოზიციონერებო.
  • დადგება დრო, როცა, რა თქმა უნდა, არც ტრაგედია არ იქნება რაიმე სახის ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს მოხდება იმაზე უფრო ნელა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ აუცილებლად ოდეზღაც ეს საქართველოში იქნება. ოდეზღაც კი არა, ეს იქნება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა დროს  - იქ სადაც არის დემოკრატია, იქ არის ყოველთვის ერთმანეთის ჩანაცვლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქვეყნის ტრაგედია ან აღსასრულის დასაწყისი.  მივაღწევთ ისეთი სისტემის შექმნას, რომ როცა არ უნდა მოხდეს ეს - 50, 100, 200 წლის შემდეგ, ეს არავითარ შემთხვევაში არ იყოს ქვეყნის აღსასრულის დასაწყისი, პირიქით, იყოს ქვეყნის კურსის გაგრძელება, როგორც არ უნდა იხტუნაოთ და არ მოგინდეთ ამ კურსის უკან შემობრუნება.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12