საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 759.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მილიარდი აშშ დოლარი იყო, განაცხადა ”საქსტატმა” 16 მარტს.
”საქსტატის” ინფორმაციით, ეს წინასწარი მონაცემებია.
მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.5% არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე და ეგვიპტეზე მოდის - 169.8 მილიონი და 167.5 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.
მესამე ადგილი ნიდერლანდებს უკავია 105.7 მილიონი აშშ დოლარით; მას მოსდევს თურქეთი - 89.5 მილიონი აშშ დოლარით; პანამა - 73.4 მილიონი აშშ დოლარით და გაერთიანებული სამეფო - 63.5 მილიონი აშშ დოლარით.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამრეწველო სექტორმა მოიზიდა - 204.1 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფერო - 153.6 აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები - 134 მილიონი აშშ დოლარი; უძრავი ქონება - 132 მილიონი აშშ დოლარი; სამშენებლო სექტორი - 79.7 მილიონი აშშ დოლარი; საბანკო სექტორი - 45.3 მილიონი აშშ დოლარი.
2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; 2006 წელს - 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი აშშ დოლარი.