საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს პარლამენტს მეტი გამჭირვალობა უზრუნველყოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა ”საგადასახადო ამნისტიას” ითვალისწინებს.
მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლითაც, დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით, 36 მილიონი ლარის ვალის ჩამოწერა მოხდება. თუმცა, კანონპროექტი დეტალურად არ აღწერს თითოეული ტელეკომპანის მიერ გადაუხდელი გადასახადების რაოდენობას.
მთავრობა ამის მოტივად საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლს ასახელებს, რომელიც ამგვარ ინფორმაციას კომპანიის კომერციულ საიდუმლოებად აფასებს. კანონპროექტში არც იმ მაუწყებლების რაოდენობაა მითითებული, რომელთაც სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი აქვთ.
საია რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს ცვლილება შეიტანოს პროექტში და გადასახადის გადამხდელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის თანხის ჩამოწერას აპირებს სახელმწიფო კონკრეტული მაუწყებლებისთვის. საიას თქმით, მთლიანი თანხა საკმაოდ სოლიდურია და საზოგადოებას აქვს უფლება დეტალები იცოდეს. ორგანიზაციის თქმით, წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ინფორმაცია საჯარო გამხდარა კონკრეტული საწარმოების ვალის რესტრუქტურიზაციის შედეგად.